კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ქალებისთვის ადგილი ისევ არ არის

19.09.2016 • 1791
ქალებისთვის ადგილი ისევ არ არის

ცნობილი რვა პარტიიდან სამს აჭარაში გენდერული კვოტირების პრინციპი – „ყველა მესამე ქალი“ – დარღვეული აქვს. მაგალითად, „პაატა ბურჭულაძეს – სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ ჰყავს. აქტიური ქალების ადგილი საარჩევნო სიებში ისევ არ აღმოჩნდა. პარტიების უმრავლესობას ქალების მისაზიდად თავი არ შეუწუხებია. აქტიური ქალები კი ამბობენ, რომ პოლიტიკა ვერ გახდა მათთვის მიმზიდველი.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

დარეჯან ალანია „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის“ სიის მესამე ნომერია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. ის ამბობს, რომ 20 წელია პარტიაშია, მაგრამ პოლიტიკურად გააქტიურება ოჯახის გამო აქამდე ვერ მოახერხა: „არ ვჩანდი, გეთანხმებით… ვიაქტიურე შვილების, შვილიშვილების გაზრდით.

ისე, ტელევიზიებსაც არ უაქტიურიათ, რომ გამოვჩენილიყავი სადმე. გვირჩევნია საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ. სხვა ქალები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, ცდილობენ იყვნენ ფინანსურად ძლიერ პარტიებში. ვისაც შალვა ნათელაშვილი და ჩვენი ღირებულებები მოსწონს, მოვიდოდა. აქ ვართ ოჯახში დარჩენილი ქალები, ვისაც სამშობლო უყვარს და ჭკუაგახსნილები ვართ. ქალისთვის ოჯახი უპირველესია, ხომ მეთანხმებით?“.

ამ პარტიას გენდერული ბალანსი დაცული აქვს. სიის პირველ ათეულში სამი ქალია. დარეჯან ალანიას შემდეგ, სიის მეექვსე ნომერს ნინო სურმანიძე იკავებს პარტიის ხულოს ორგანიზაციიდან. მეცხრე ნომერი კი ნანა ინასარიძეა ხელვაჩაურიდან.

„ქუჩა-ქუჩა არ დაგვიწყია ქალბატონების ძებნა,“ – გვითხრა საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში, დიმიტრი ჭეიშვილმა. აქცენტი აქ პარტიულ ერთგულებაზე გაუკეთებიათ და სიის პირველ ათეულში ის სამი ქალი მოხვდა, ვინც წინასაარჩევნო პერიოდამდე გახდა პარტიის წევრი. „რაც არ უნდა აქტიური ყოფილიყო ვინმე, გუშინ რომ მოსულიყო პარტიაში, არ ჩავსვამდით სიაში. დიდია რისკი, რომ გაურიგდეს რომელიმე სხვა პარტიას და უღალატოს ჩვენი პარტიის პრინციპებს,“ – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი. კითხვაზე, რამ შეუშალა ხელი პარტიულ ქალბატონებს პოლიტიკურ, ან სამოქალაქო აქტივობაში? დიმიტრი გვპასუხობს: „კაცებიც არ ვჩანდით… უფრო შიდაპარტიულ საქმიანობაზე ვიყავით გადართულები და არა პიარზე“. ამ ბლოკში საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია ლიანა თაფლაძე. ის აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა 2008 წლამდე. მეექვსე – დალი მახარაძეა, ბსუ-ს პროფესორი, ხოლო მეცხრე – ლია კუნჭულია, შპს „ბათუმიტექსის“ ოპერატორი.

„ბოლომდე ვერ ამოვხსენი, რა სურთ ქალებს,“ – გვითხრა კობა ჩხეიძემ, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში. მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოჩნდნენ საზოგადოებრივად აქტიური ქალები პარტიის ღიად დატოვებულ კარში. „ქალბატონები, რომლებიც არიან აქტიურები და ამასთან, ჩვენი პარტიის წევრები, ისინი ჩავსვით სიაში… ჩვენ არაერთ საჯარო დისკუსიაზე შევთავაზეთ სხვა ქალბატონებს პარტიულად გააქტიურება, მაგრამ რატომღაც პასიურობენ. რატომ იკავებენ თავს პოლიტიკისგან, არ ვიცი. თუკი ვიბრძვით საერთო ღირებულებებისთვის, ის რატომ არ უნდა დავინახო?… პარტიაში მნიშვნელოვანია იდეოლოგიური კომპონენტი და ჩვენ აქედან ამოვედით.“ ამ პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერია ხათუნა ფაღავა, ის სამოქალაქო სექტორიდან მოდის. სიის მეექვსე ნომერია სალომე ზაქარიაძე პარტიის ქობულეთის ორგანიზაციიდან და მეათე ნომერია ნარგიზა ალასანია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორია.

შესთავაზეს თუ არა კანდიდატობა და რა მიზეზით თქვეს უარი აქტიურმა მოქალაქე ქალებმა პოლიტიკის კეთებაზე? – აქტიური მოქალაქე, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ ერთ-ერთი წევრი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე ამბობს, რომ შეთავაზება პარტიებისგან ჰქონდა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა:

„თუკი დავინახავ, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც აქტუალური თემები მნიშვნელოვანია და მოსულია ქართული საქმის საკეთებლად, არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას… არის კიდეც ასეთი რამდენიმე ძალა, მაგრამ მათ აქვთ შეცდომები და მინდა ჯერ ეს შეცდომები გამოასწორონ. მინდა, რომ პოლიტიკა აკეთონ პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსების მხრიდან არც ის დამოკიდებულება მომწონს, რაც არსებობს, ზოგადად, ექიმების მიმართ…“

კონკრეტულად ვისგან მიიღეს შეთავაზება, არ ამხელენ, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ კანდიდატობა შესთავაზეს ნათია ზოიძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ანალიტიკოსს, ასევე ციალა ქათამიძეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ აქტიურობისთვის არაა საჭირო პოლიტიკაში წასვლა და სამოქალაქო სექტორში ყოფნა კარგი პლატფორმაა საზოგადოებრივი შედეგის მისაღწევად.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიაში ათეულის ბოლო პოზიციებზე სამი ქალია. სიის მერვე ნომერია ნინო დავითაშვილი, ის მედიაკავშირ „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანია. მეცხე ნომერი ეთერ თავართქილაძეა, მეათე – ლამარა ქათამაძე, ის ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.

„კარგი ქალები გვყავს ჩვენ. ნინო, გარდა იმისა, რომ წამყვანია, თოჯინების თეატრის მსახიობიცაა. ლამარა ქათამაძეს ყველა იცნობს ქობულეთში. ეთერის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს… ვინც ერთგულება გამოამჟღავნა პარტიის მიმართ, ის ჩავსვით. რომ შეგვეთავაზებია ვინმესთვის და უარი ეთქვას, ასეთი არ ყოფილა,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ, ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში.

ერთადერთი პარტია, სადაც გვითხრეს, რომ წინასაარჩევნოდ აქტიური მოქალაქე ქალების დათანხმება სცადეს, „რესპუბლიკური პარტიაა“. ზაურ ახვლედიანს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქალები იმ შემთხვევაში თანხმდებიან პოლიტიკაში მოსვლას, თუკი გამარჯვებაში დარწმუნდებიან: `ჩვენი მიდგომაა: რაც შეიძლება მეტი ქალი პოლიტიკაში. ძალიან ბევრ ქალს შევთავაზეთ გამხდარიყო ჩვენი კანდიდატი, მაგრამ უარი მივიღეთ. მიაჩნიათ, რომ წაგების ალბათობა იყო დიდი“.

„რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის ათეულში სამი ქალია. სიის მესამე ნომერია ლარისა ანდღულაძე. ის ბსუ-ს პროფესორია. სიის მეექვსე ნომერი მარინა მახარაძე პარტიის შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელია 2014 წლიდან, ხოლო მეცხრე ნომერი ასმათ ცინცაძე პედაგოგია და პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრი.

„პარტიამ ასე გადაწყვიტა,“ – გვიპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეექვსე ნომრად დასახელებულმა ასმათ დიასამიძემ, როცა მას გენდერული ბალანსის დარღვევის შესახებ ვკითხეთ. ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ კონკრეტული მიზეზი პარტიის შიგნით არ დასახელებულა, რატომ დაუტოვეს ქალებს ათეულში მხოლოდ ორი ადგილი: „ველოდებით, რომ მოვალთ ხელისუფლებაში უმრავლესობით და გენდერული ბალანსი დაცული იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში… ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მეტი ქალი, მაგრამ ვერ ვხედავ რაღაც უსაშველობას… ამაზე პროტესტი არ გამოუთქვამს აქამდე ვინმეს“.

პარტიული სიის პირველ ათეულში ასმათ დიასამიძის გარდა, მეშვიდე ნომრად კიდევ ერთი ქალია დასახელებული – ნინო ჯინჭარაძე. მას სამთავრობო უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასმათ დიასამიძის თქმით, პარტიაში ამჯობინეს ბალანსი ძველსა და ახალ სახეებს შორის დაეცვათ: „ამიტომაც გვყავს ახალი სახე, ძალიან პერსპექტიული ნინო. უნდა მოხდეს ესტაფეტის გადაცემა…“

მხოლოდ ორი ქალისთვის გამონახა ადგილი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. სიის პირველ ათეულში მერვე ნომერია ნინო ჩხეტია. ის „აჭარის რადიოს“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. სიის მეათე ნომერია –  ნატალია ზოიძე. ის ბათუმის დელფინარიუმის დირექტორი იყო და ახლა ბათუმის საკრებულოს წევრია.

„გაცხადებული პოზიცია აქვს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რომ გენდერული ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია… მიუხედავად სერიოზული მცდელობისა, ძალიან ბევრია სამუშაო ცვლილების მისაღწევად. ცვლილებები უნდა იყოს რადიკალური და ამ კუთხით ჩვენ უნდა ვიმუშავოთ. უნდა შეიქმნას პარტიის ქალთა ორგანიზაციაც, სადაც პოლიტიკურად აქტიური ქალბატონები გამოიკვეთებიან. აქამდე ამ საკითხზე არაერთი დისკუსია მოგვისმენია, მაგრამ საკითხის გარშემო დისკუსია არ გახსნილა პარტიებში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“… მე პარტიის ახალი წევრი ვარ და იმედია, ამ კუთხით ცვლილების მიღწევას მოვახერხებ,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

არც ერთი ქალი საარჩევნო სიის პირველ ათეულში – ბლოკში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. აქ აქტიური ქალების შესარჩევად დრო არ ეყოთ. ამ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ნინო ტავლალაშვილი დაგვეთანხმა, რომ გენდერული დისბალანსი პრობლემაა: „ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალი კადრების მოზიდვა დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ. გარდა ამისა, იყო ზაფხული. ამ დროს ბევრი ქალაქგარეთ გადის. პარტიის ხედვებისა და პროგრამის გაცნობის გარეშე კი, რთულია ადამიანს კანდიდატობა შესთავაზო“.

„თუკი მოხერხდა კაცების მოზიდვა, რატომ იყო შეუძლებელი ქალი კანდიდატების შერჩევა?“ – კითხვაზე ნინომ გვიპასუხა, რომ პრობლემად რჩება მენტალიტეტი, რომელიც ქალს პოლიტიკისგან დისტანცირებისკენ უბიძგებს: „რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთმა კაცმა მკითხა, მეუღლე თუ გყავთო. დადებითი პასუხი რომ მიიღო, თქვა, რომ ჩემი მეუღლე ქართველი არ იქნებოდა. მისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ქართველი მამაკაცის მეუღლე მიდის პოლიტიკაში… შემოსაზღვრულია ეს წრე, რომლის იქით არ უნდა გახვიდე. თავად ქალია ამას შეგუებული და ამ სივრციდან გასვლა მისთვის რთული, ის ხდება კრიტიკის ობიექტი. კარგია, რომ სხვა პარტიები ამ კუთხით გვჯობნიან.“

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: