მთავარი,სიახლეები

ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ

18.09.2016 • 1903
ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ

16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის [არჩევის] წესი დაამტკიცა და თანამდებობაზე ღია კონკურსიც გამოაცხადა – განცხადების მიღება 19 სექტემბრიდან იწარმოებს. თუმცა, მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირავალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“.  

როგორც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა უთხრა “ბათუმელებს”, დოკუმენტის სამუშაო ვერსია რეკომენდაციებისა და შენიშვნებისთვის ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას დაეგზავნა. პასუხები კი რეკომენდაციის სახით მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ [TI] და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.

როგორც TI-ს რეგიონული ოფისების მენეჯერმა, მალხაზ ჭკადუამ უთხრა „ბათუმელებს“, მრჩეველთა საბჭომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინა:

„რამდენიმე რეკომენდაცია ჩვენი გაგზავნილი წერილიდან ნამდვილად გაითვალისწინეს, მაგრამ ეს არ არის არსებითი“. ჭკადუას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა კონკურსანტებისთვის ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ხედვების წარმოდგენის ვალდებულებას უკავშირდებოდა.  

„მიღებული დოკუმენტის მიხედვით, არა თუ სავალდებულოდ, სასურველადაც არ არის აღნიშნული, კონკურსანტისთვის განვითარების სტრატეგიული გეგმის წარმოდგენის შესახებ. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაიგოს მრჩეველთა საბჭომ რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით, კანდიდატის ხედვების შესახებ“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა და დასძენს, რომ თუ კი საზოგადოებას და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებოდა ენახა მსგავსი გეგმა დოკუმენტის სახით, ეს პროცესებს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა. იგი ასევე საუბრობს მეორე მნიშვნელოვან საკითხზე, მიღებული დოკუმენტიდან:

„საქმე ეხება თავს, რომლითაც განისაზღვრება კონკურსის ჩაშლის პირობები. აქ ერთ-ერთ პირობად ვკითხულობთ, რომ თუ საბჭო შვიდი დღის ვადაში ვერ მოახერხებს გასაუბრებებს ან/და შეკრებას [ანუ არ შედგება კვორუმი] ჩაიშლება კონკურსი. პრაქტიკულად გამოდის, რომ საბჭოს წევრებმა თავი დაიზღვიეს, რომ თუ კონკურსი ჩაიშალა იმის გამო, რომ ვიღაცამ ვერ მოახერხა საპატიო ან არასაპატიო მიზეზით მისვლა სხდომაზე და აპლიკაციების ნახვა, გასაუბრება და კენჭისყრა, პასუხისმგებლობა არ დააკისრეს საკუთარ თავს. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბჭოს წევრებიდან რომელიმემ ვერ შეძლოს საბჭოს სხდომაზე მისვლა ისე, რომ არ გააფრთხილოს საკუთარი კოლეგები“.

იგივე შენიშვნებზე საუბრობს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილიც:

„წარმოუდგენელია შეარჩიო დირექტორი, წინასწარ თუ არ გეცოდინება, რა ხედვა აქვს მას ტელევიზიის განვითარების შესახებ, როგორ აპირებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას, რა პრიორიტეტები ექნება მას. მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია დირექტორის დანიშვნა“, – ამბობს იგი და ქარტიის კიდევ ერთ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენი შენიშვნა იყო ის, რომ დირექტორი უნდა არჩეულიყო არა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არამედ მთლიანი შემადგენლობის უმრავლესობით“.

ნატა ძველიშვილის თქმით, კონკურსის ჩაშლის პირობებთან დაკავშირებით მიღებული წესით, შესაძლოა პროცესები გაიწელოს და საბჭო შევიდეს ჩიხში:

„მგონია, რომ ამ წესის სწორად დადგენის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს შეეძლო პროცესები ბევრად უფრო გამჭვირვალე გაეხადა და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ის წესი, რაც ახლა მათ შეიმუშავეს, დასაწყისშივე აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ამა თუ იმ ინტერესის შესაბამისად. სამწუხაროა, რომ არ გაითვალისწინეს შენიშვნები“.

ნატა იმედაიშვილმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინეს იურისტების რჩევა:

„იურისტებმა კვოტირებასთან დაკავშირებით გვირჩიეს, რომ, რადგან კვორუმთან დაკავშირებით იგივე წესით მუშაობს პარლამენტი, არც ჩვენ უნდა დაგვემძიმებინა კანონი. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, თავდაპირველ სამუშაო დოკუმენტში გასაუბრების ნაწილი საერთოდ არ იყო, მიღებული დოკუმენტით კი საბჭო უფლებამოსილია კანდიდატთან გამართოს გასაუბრება“.

იმედაიშვილის თქმით, განხილვის პროცესში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა TI-ს და ქარტიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის სახით უნდა წარმოედგინა კანდიდატს ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმა და ხედვები, თუმცა საბოლოოდ საბჭოს დამსწრეთა სრული უმრავლესობით იქნა მიღებული დოკუმენტი ამ სახით.

„ვადევნებ თვალს საზოგადოების გამოხმაურებას, დოკუმენტის ამ ნაწილთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვაპირებ სამუშაო შეხვედრაზე დავაყენო ეს საკითხი, რათა ჩაინიშნოს სხდომა ცვლილებების შეტანის განსახილველად“, – ამბობს ნატა იმედაიშვილი და აღნიშნავს, რომ იგი ამ ნაწილში ეთანხმება მიღებულ რეკომენდაციებს, შესაბამისად, აპირებს საკითხი განსახილველად კვლავ დააყენოს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში:

„თუ სამუშაო შეხვედრაზე ყველანი შევთანხმდით ამ საკითხის განხილვაზე, სხდომა სამ დღეში უნდა ჩაინიშნოს. ხოლო სამი დღის შემდეგ თუ ჩავამატებთ ამ მოთხოვნას, იმ აპლიკანტებისთვის, ვინც შერჩევის განსხვავებულ წესს იცნობდნენ, ეს მოულოდნელი იქნება. ასე რომ, ვნახოთ რას როგორ გადავწყვეტთ, კოლეგებთან ერთად“.

მალხაზ ჭკადუას ინფორმაციით, TI 19 სექტემბერს აპირებს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთოს და საზოგადოებრი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დირექტორის დანიშვნის [არჩევის] წესში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: