კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

გაყინული საინვესტიციო პროექტები

18.09.2016 • 2343
გაყინული საინვესტიციო პროექტები

წლებია გაყინულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლებსაც მთავრობა ინვესტიციის გარდა კონკრეტულ უბანში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკავშირებდა. ზოგიერთმა ინვესტორმა დათქმული ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა მშენებლობა ნულოვან ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ გასცდა.

ამ საინვესტიციო წინადადებებს შორის არის ის პროექტები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებები წინა მთავრობამ გააფორმა, ახალმა მთავრობამ კი განაახლა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიების მეპატრონეებს ახალი ვადები მისცა, თუმცა უშედეგოდ. მათ შორისაა „Adog Georgia“. ამ კომპანიამ ბათუმის ცენტრში, გოგებაშვილის #10-12-ში მაღალი კლასის სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის პირობით 1621 კვ/მეტრი ფართობი 2011 წელს თუნუქით შემოღობა. აჭარის მთავრობასთან მაშინდელი შეთანხმების პირობებით „Adog Georgia“-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ 40 თვეში უნდა აეშენებინა.

სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კომპანიას მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა – შენობის მხოლოდ საძირკველი ჩაყარა, რომელიც დღეს წყლითაა სავსე, ხოლო ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს უკვე ხუთ წელზე მეტია რესტორან „სანაპიროს“ წინ თუნუქის ღობე ხვდებათ, რომელიც მზეზე ბრჭყვიალებს.

2014 წელს გაყინული „კუბთაუერის“ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით ბალაძემ საინვესტიციო წინადადებების წარდგენისას განაცხადა. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ ბათუმში შემოსვლას გეგმავდა მსოფლიო ბრენდი „Swiss Belhotel International“-ი, სასტუმროს მშენებლობის ადგილად გოგებაშვილის10-12, ხოლო მშენებელ კომპანიად „Adog Georgia“ დაასახელა. ამის შემდეგ `ბათუმელები~ კომპანიის დირექტორს მიხეილ ძოძუაშვილს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ მშენებლობა განახლდა და ახალი ვადების თანახმად, 2015 წლის მაისში დასრულდებოდა. ახალ მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ სამუშაოების გასაგრძელებლად „Adog Georgia“-მ შპს „ორბი“ დაიქირავა. ამ კომპანიის ტექნიკამ გოგებაშვილის 10-12-ში რამდენიმე დღე იმუშავა და შემდეგ სამშენებლო მოედანი დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დამკვეთის მხრიდან თანხის გადაუხდელობა გახდა.

ამ ამბავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს, ეს ერთადერთი ქონება არ არის, რომელიც წინა მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების მიზნით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაასხვისა, „Adog Georgia“-სთან ხელშეკრულებას [2010 წელს] მაშინდელი მინისტრის მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე აწერს ხელს [ქონების 1 ლარად გაცემის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა]. შესაბამისად, გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მიიღო. ვარშალომიძე წლების შემდეგ ისევ ბათუმშია, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და საუბრობს პროექტებზე, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა.

ახსოვს თუ არა ლევან ვარშალომიძეს გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც სიმბოლურ ფასად გაყიდული ქონების მყიდველებმა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ხოლო ამ ქონებას ქვეყანა ვერ იბრუნებს, რადგან სახელმწიფომ მათ [მესაკუთრეებს] საშუალება მისცა ქონება იპოთეკით დაეტვირთათ. ზოგიერთმა 1 ლარად მიღებული ქონება უკვე გაყიდა სოლიდურ ფასად. აღიარებს თუ არა ლევან ვარშალომიძე, რომ მისი ეს გადაწყვეტილებები იყო შეცდომა? _ ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ის შეთანხმებულ დროს, შეთანხმებულ ინტერვიუზე არ მოვიდა.

სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიშში კი აუდიტორი წერდა, რომ 2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, მთავრობა ვერ ახერხებდა 5 მილიონ 119 800 აშშ დოლარისა და 2 343 900 ლარის ღირებულების ქონების აჭარის მთავრობის საკუთრებაში დაბრუნებას. ამ მონაცემებში არ შედის ის კომპანიები, რომლებსაც მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სასამართლოში უჩივლა ან რომლებსაც ვადები გაუგრძელა, თუმცა მათ ვალდებულებები მაინც ვერ შეასრულეს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელებმა მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2018 წლის თებერვლამდე სთხოვეს.

გოგებაშვილის #30-ში თუნუქის ღობით კიდევ ერთი დაწყებული და დაუსრულებელი პროექტია შემოღობილი. ამ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს აჭარის მთავრობამ პირობადებული აუქციონით შპს „არაი ჯორჯიას“ 3 მილიონ დოლარად, 60-ნომრიანი სასტუმროს და სამორინეს მშენებლობის პირობით მიჰყიდა. კომპანიას მშენებლობა 2010 წელს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებით შესასრულებად ინვესტორს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. 2013 წლიდან კი ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია „ქროსვეისს“ გადააბარეს და ვადა 2015 წლის მაისამდე მისცეს. ამ დროისთვის შენობის მხოლოდ სამი სართულია აშენებული, მშენებლობა კი გაჩერებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებულ პირობებზე სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანიასთან.

შპს „ქროსვეისი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.

„ქროსვეისი“ 2010 წელსაა დაფუძნებული და დაარსებიდან დღემდე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი თეიმურაზ უგულავაა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სასტუმროს გახსნის თარიღი ისევ გადაწია „აქტივ ბათუმმაც“, სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმებოდა. შენობაში ჯერ კიდევ მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს და არც სასტუმროს გახსნის თარიღია დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია.

ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, გაჩერებულია „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობაც. „ბაბილონ თაუერის“ მშენებელმა კომპანია „თAM GEO-მ“ აჭარის მთავრობას მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით უკვე მესამედ მიმართა. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ ორ წელს ითხოვს.

სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის მთავრობამ 2014 წელს 10 ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. 1015 წელს, იმავე მიზეზით, მთავრობამ 11 კონტრაქტი გააუქმა. პირგასამტეხლოს დაკისრების ამოღების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014-2015 წლებში სასამართლოს 13-ჯერ მიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: