მთავარი,სიახლეები

მაჟორიტარი კანდიდატი სექსუალურ უმცირესობებზე: როგორც ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი

14.09.2016 • 1810
მაჟორიტარი კანდიდატი სექსუალურ უმცირესობებზე: როგორც  ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი

თეიმურაზ ხაბაძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

ბატონო თემურ, პირველად ხართ დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად?

კი ბატონო.

რა იქნება თქვენი ინტერესების სფერო პარლამენტში თუკი აგირჩევენ?

სოციალური  სფერო იქნება პირველ რიგში, 500-ლარიან სახელფასო მონიმუმთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ეს პროექტი, რომ დაკანონდეს. ასევე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ვმუშაობთ, რომელიც 250 ლარი უნდა გახდეს.

როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუკი ეკონომიკა არ განვითარდება, ხელფასის ხელოვნური მატება ლარის ინფლაციას არ გამოიწვევს?

ეს  არის შიდა პროდუქციის ზრდაზე დამოკიდებული, რომელიც ითვალისწინებს მიკრო და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ. საშუალო ბიზნესის დაბეგრვა მხოლოდ 100-ათასლარიანი მოგების შემდეგ უნდა დაიწყოს.

რამდენად შესაძლებელი იქნება მსგავსი ინიციატივების გატანა, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებით უმრავლესობაში?

ჩვენ არ ვიყავით უმრავლესობაში, მაგრამ პარლამენტში ყველაზე მეტი კანონპროექტი სწორედ დავით ონოფრიშვილმა შეიტანა. 38 კანონპროექტის ავტორია და მაგ მხრივ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ.

კიდევ რა საკითხებზე აპირებთ აქცენტის გაკეთებას პარლამენტში?

გარე ინვესტიციებზე გვაქვს საუბარი. მაქსიმალური გარემო უნდა შევუქმნათ ინვესტორს იმისთვის, რომ დაინტერესდეს.

წინა ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იყო ინვესტორებისთვის საკანონმდებლო თვალსაზრისით. თქვენი აზრით,  კიდევ რა  სჭირდებათ ინვესტორებს ხელშეწყობისთვის?

მიკროგადამამუშავებელი ქარხნები უნდა გაკეთდეს და სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. გლეხს პირდაპირი წესით უნდა გადაეცეს მამაპაპისეული მიწა, რომელსაც სახელმწიფო არ ურეგისტრირებს. გარდა ამისა, მშენებლობებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან დააუშნოვა ქალაქი და აუტანელია ამ მონსტრი შენობების ყურება. ბათუმს ძალიან არ უხდება ეს და ეს უნდა შეწყდეს.

მშენებლობების საკითხებს თვითმმართველობა წყვეტს, პარლამენტიდან შეძლებთ ამ საკითხზე ზემოქმედებას?

ჩვეულებრივად, კანონი უნდა შემუშავდეს, რომ აიკრძალოს ამ ტიპის მშენებლობები. პარლამენტი იმისაა, რომ ამ ყველაფერს კონტროლი გაუწიოს.

ბატონო თემურ, ადამიანის უფლებების სფერო თუ გაინტერესებთ და ამ მიმართულებით, თქვენი აზრით რა არის გასაკეთებელი?

პირველ რიგში უნდა აღდგეს სამართლიანობა. სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს და ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანს. ბევრი შესწორება შეიძლება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და სისხლის სამართალში არ უნდა იყოს გადაცემული მომხმარებელი.

ამ პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი ქალთა კვოტირების შესახებ, რას ფიქრობთ, აუცილებელია ამ კანონის მიღება?

კი, ჩვენთან ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს და 30 პროცენტი ქალებია არიან. ვემხრობით ამ კანონპროექტს და რაც მეტი ქალი იქნება ჩართული, მეტი შედეგიანი იქნება პარლამენტის მუშაობა.

როგორია თქვენი პოზიცია უმცირესობებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით,  ამ მიმართულებით არის რაიმე შესაცვლელი კანონმდებლობაში?

ნებისმიერ რელიგიურ უმცირესობას პატივი უნდა ვცეთ.

ფიქრობთ თუ არა იმას, რომ, ვთქვათ, უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. ან სხვა რელიგიურ დენომინაციებს თუ გადასცეთ ქონებას?

რაღაც ეტაპზე შეიძლება გადასცე, რაღაც ეტაპზე შეიძლება არა. მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებულია, რადგან მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს.

ანუ მისაღებია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან იღებდეს 25 მილიონს და დამატებით უძრავ ქონებასაც?

არა, ამ დოზით რა თქმა უნდა მიუღებელია.

სექსუალური უმცირესობების უფლებების გასაუმჯობესებლად თქვენი აზრით რა უნდა შეიცვალოს?

ჩემთვის ცოტა ისეთი კითხვაა ეგ…

როგორი?

როგორც  ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი.

მაგალითად სექსუალურ უმცირესობებს უნდა, რომ კანონი აძლევდეთ ბავშვის შვილად აყვანის უფლებას. თქვენი აზრით, უნდა მიეცეთ ეს უფლება?

მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მაგას.

თქვენ ხომ თქვით, რომ ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული?  

ხო მარა, ჩვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორი ტრადიციების ქვეყანა ვართ. ჩემთვის პირადად მიუღებელია.

P.S. თეიმურაზ ხაბაძე ამჟამად მუშაობს პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის საპარლამენტო ბიუროს უფროსად. კანდიდატი ამბობს, რომ ის პროფესიით პედაგოგია. „სამწვრთნელო მაქვს დამთავრებული“.  ბავშვობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“, თუმცა ტრავმების გამო აღარ გაუგრძელებია.  მუშაობდა მწვრთნელად თბილისში, საბავშვო  კლუბებში. „ჩემი შვილი, სანდრო ხაბაძეც ფეხბურთელია და „სამარაში“ თამაშობს, უმაღლეს ლიგაში“, – ამბობს კანდიდატი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: