მთავარი,სიახლეები

სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში

14.09.2016 • 1334
სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში

სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებაში ბრალი სოლომონ კონცელიძეს ედება. ის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსია. სამოხელეო დანაშაულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

“არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დაცვის მხარე მოითხოვს პირობით მსჯავრს, ეს არ გამოვა,” – უპასუხა პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს, როცა ის მოლაპარაკების შედეგით დაინტერესდა.

ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა პროცესის გადადება. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ასაკოვანია და ამიტომ საპროცესო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება პროკურატურასთან უნდა გაგრძელდეს.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაცვის მხარეს შეახსენა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასჯელის მინიმალური ზომა 6 წელია: “განსაკუთრებით მძიმეა ქრთამის აღების ბრალდება, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს”.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ მისცა საპროცესო შეთანხმების მიღწევისთვის დრო. სასამართლოს მორიგი სხდომა ოქტომბერში გაიმართება.

სოლომონ კონცელიძე ფინანსურმა პოლიციამ დააკავა გასული წლის დეკემბერში. გამოძიების ვერსიით, მან ციტრუსის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატები დაამზადა და ამაში ქრთამი აიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: