მთავარი,სიახლეები

ფინანსური პოლიცია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში

14.09.2016 • 2929
ფინანსური პოლიცია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას სწავლობს – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, საქმის მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა და მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის დარღვევებს სწავლობს ფინანსური პოლიცია.

დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დასკვნა გასული წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.  დარღვევების გამო, საავადმყოფო 206 231 ლარით უკვე დაჯარიმდა. გარდა ამისა, ამავე საავადმყოფოს განაცდურის – 70 ათასი ლარის გადახდა მოუწია გათავისუფლებული ექიმის, დავით მურვანიძისთვის, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო.

„არაოფიცვიალური ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია შემოსულია საავადმყოფოს ყოფილი იურისტის, რუსლან ბერიძის განცხადების საფუძველზე. სხვა დეტალები არ ვიცით,” – გვითხრა ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის უფროსმა, დალი ჭანიძემ.

რუსლან ბერიძის საავადმყოფოდან გათავისუფლების კანონიერების საკითხს ამჟამად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ყოფილი იურისტი ამბობს, რომ მას განცხადებით ფინანსური პოლიციისთვის არ მიუმართავს: “მე მხოლოდ მოწმის სტატუსით დამიბარეს და გავესაუბრე. ისევ არაკეთილსინდისიერად იქცევა საავადმყოფოს ადმინისტრაცია, როცა იგონებს, თითქოს მე დავწერე განცხადება…”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რობათუმის მელსაც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ ექვემდებარება, დღემდე არ დაუსრულებია მოკვლევა დარღვევებზე, რაც საავადმყოფოში დაფიქსირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურის კვლევა ისევ დასკვნით ეტაპზეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: