მთავარი,სიახლეები

რას გვეუბნება “გუგლი” მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ

14.09.2016 • 1593
რას გვეუბნება “გუგლი” მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ

აჭარაში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას თუ გადაწყვეტთ, ალბათ, პირველი რასაც გააკეთებთ, ინტერნეტში „გუგლის“ საძიებო სისტემაში მათი სახელებისა და გვარების ჩაწერაა; გეგმა ბ-დ ალბათ ფოტოს მიხედვით ძიებასაც დაიტოვებთ.

თუმცა, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რიგ კანდიდატებს „გუგლი“ ვერ ცნობს. საძიებო სისტემა, უმეტეს მათგანზე, ფეისბუქის ანგარიშისა და მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებისას მასმედიაში გავრცელებული „ნიუსების“ [სადაც მათი სახელ-გვარები დაფიქსირდა] მისამართებს პოულობს.

ფეისბუქგვერდები ან ახალდარეგისტრირებულია ან საგულდაგულოდ “გაწმენდილი”. წინასაარჩევნო მარათონში ჩართულ მაჟორიტარ კანდიდატებს ფეისბუქანგარიშის გარეკანზე საარჩევნო კამპანიისთვის დამზადებული ფოტო უდევთ [ხშირად ეს ფოტო პარტიის ლოგოა საარჩევნო ნომრით]. კედელზე კი საარჩევნო კამპანიის მსვლელობის ამსახველი ფოტო-მასალა და მედიაში გავრცელებული მასალების ბმულებია გაზიარებული.

თუკი გადაწყვეტთ გადახვიდეთ განყოფილებაში – „ჩემს შესახებ“, სადაც ჩვეულებრივ იძებნება ინფორმაცია განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებასა და სხვა პირად მონაცემებზე, აქაც ვერაფერს იპოვით.

პარტიების ოფიციალური ვეგბგვერდები კიდევ ერთი წყაროა, სადაც შეიძლება რომელიმე კანდიდატის შესახებ ცნობები მოძებნოთ. თუმცა აქაც შეიძლება ვერ მიაგნოთ სასურველ კანდიდატს, რადგან ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ იძებნება, ზოგიერთის კი – მხოლოდ სახელი-გვარი, ფოტო და ელექტრონული ფოსტის მისამართია მითითებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განყოფილებაში – „არჩევნები 2016“ მაჟორიტარი კანდიდატების ქვეგანყოფილებებში იძებნებიან კანდიდატები, თუმცა ამ დროისათვის აჭარაში წარმოდგენილი 12 მაჟორიტარი კანდიდატისგან მხოლოდ ხუთის შესახებაა ინფორმაცია შეტანილი. დანარჩენების შესახებ მხოლოდ სახელი-გვარი, ფოტო და ზოგ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მისამართი იძებნება.

მაგალითად, ხელვაჩაურის 72-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ნინო ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტში, პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“ საერთოდ არ არის პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე. იძებნება მისი ფეისბუქ ანგარიში და ფეისბუქგვედი, თუმცა „ჩემს შესახებ“ განყოფილებაში აქაც მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვება. „გუგლის“ საძიებო სისტემა ამავე სახელი-გვარის სხვა პირების შესახებ პოულობს ინფორმაციას [ასევე იმ „ნიუსებს“, სადაც მოხსენიებულია კანდიდატად ვინაობა].

იგივე მდგომარეობაა ნინო ლორთქიფანიძის თანაგუნდელის – პაატა ზაქარაძის შემთხვევაშიც, რომელიც იგივე ოლქიდან უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ამავე პარტიის კანდიდატის – სოსო ნოღაიდელის შესახებაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ – იგი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, მაჟორიტარი კანდიდატია ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქში.

ხელვაჩაურის 72-ე ოლქში, უმაღლესი საჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი „რესპუბლიკელებიდან“ – გიორგი რუხაძეა. მის სახელსა და გვარზე „გუგლის“ საძიებო სისტემა არაერთ მონაცემს პოულობს, თუმცა მონაცემები იმ გიორგი რუხაძეს ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო [მან პარტია რამდენიმე დღის წინ  დატოვა]. „რესპუბლიკელების“ კანდიდატი “გუგლში” არც ასე იძებნება –  „გიორგი რუხაძე რესპუბლიკელები“. მის შესახებ ინფორმაციას ვერც პარტიის ოფიციალური ვებგვერდის საძიებო ველი პოულობს. „ბათუმელები“ პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ იგი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორია. ასე რომ შეგიძლიათ მოძებნოთ: „გიორგი რუხაძე ბათუმის 22-ე სკოლა“.

ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ ბათუმის 68-ე ოლქში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატის ზვიად ბოლქვაძის შესახებაც. იგი წარმოადგენს საარჩევნო ბლოკს – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.

მსგავს პრობლემას წააწყდებით სხვა პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებთანაც. ამ დროისთვის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციაზე ყველაზე მაღალ ხელმისაწვდომობას პარტია – „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გვთავაზობს. მათ ვებგვერდზე განთავსებულია აჭარაში დასახელებული ყველა მაჟორიტარი კანდიდატის რეზიუმე.

იხილეთ: 

მაჟორიტარი კანდიდატები უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: