მთავარი,სიახლეები

ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

12.09.2016 • 2178
ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოგებას ამჯერად ძირითადად ახალი სახეებით ცდილობენ. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოდან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ სიის ათეულში ვერავინ მოხვდა, „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის გარდა. სიაში მოხვდნენ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა გავლენიანი თანამდებობის პირების ნათესავები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელ თარხან-მოურავის თანაგუნდელი დავით თედორაძე, რომლის სიძე ირაკლი ერისთავია, აჭარაში სუს-ის ხელმძღვანელი.

„პროკურორი ხომ არ ხართ, მაგ შეკითხვას რომ მისვამთ? მაგი ვიდრე ჩემი სიძე გახდებოდა, კაცი ვიყავი მე და სახელი მქონდა,“ – უთხრა დავით თედორაძემ „ბათუმელებს“. ის ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამბობს, რომ ახლაც „პატრიოტთა ალიანსის“ ღირებულებებს იზიარებს და პარტიიდან წამოსულად არ მიიჩნევს თავს:

„პატრიოტთა ალიანსის ღირებულებებს ყოველთვის ვიზიარებდი და გავიზიარებ… ნუ მომაბეზრეთ თავი შეკითხვებით, დავამთავრე“.

დავით თედორაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, ისევ არის თუ არა კატეგორიული წინააღმდეგი „ანტიდისკრიმინაციული კანონის“, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და რომელთან დაკავშირებითაც ამ პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას თქვა: „მათ [პატრიოტთა ალიანსს] ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ არ დაგიმალოთ, რომ ეს კანონი მიგვეღო“.

დავით თედორაძე ასევე ხშირად ამბობდა საჯაროდ, რომ „თურქეთი ოკუპანტია“. იგივე გზავნილი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველ ნომერს. დავით თარხან-მოურავი პარტიულ გაზეთში მთავარ აქცენტს ექსპანსიაზე აკეთებს: „პირდაპირ, ღიად ვამბობ, რომ თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს“.

გასულ წელს ციხეებში წამების კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებამ დავით თედორაძე მმართველ გუნდს დაახლოვა. მაშინ იმავე კადრებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილიც აქტიურად აზიარებდა სოციალურ ქსელში. დავით თედორაძემ კი საჯაროდ თქვა: „ფაშიზმზე უარესი ამბების ჩამდენი ყოფილან ესენი… გასათელი უნდა გაითელოს“. ლადო მგალობლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-6 ნომერია.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ნათესავია ვახტანგ წულაძე. ის ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. ირაკლი სესიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ წულაძე ბებიის მხრიდან დეიდაშვილია.

მისი აზრით, „აპელირება ამ საკითხზე არასწორია“, რადგან ვახტანგ წულაძე „წესიერი, ღირსეული და პროფესიონალია“. კითხვაზე, როგორ განსაზღვრა პროფესიონალიზმი, როცა ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ორსული ქალი გარემოს დაცვის სამმართველოში დაცვის ნაცვლად, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა? – ამ კითხვაზე ირაკლი სესიაშვილის პასუხი ერთი-ერთზე დაემთხვა მისი ნათესავის, ვახტანგ წულაძის პასუხს: „სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ მოიგოს, ხოლო ვიღაცამ – წააგოს“. ზუსტად ეს ფრაზა უთხრა ვახტანგ წულაძემ „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის მარტში, როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი და ვახტანგ წულაძის უწყებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ გათავისუფლებულისთვის განაცდურის, ათასობით ლარის გადახდა დააკისრა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმში ილია ვერძაძეა. ის აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი იყო ასლან აბაშიძის მმართველობის დროს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“. იმდროინდელი პრესის მონაცემებით, ილია ვერძაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2003 წლის 23 ნოემბერს აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

„ასე არ ყოფილა… პრესამ მაშინ არასწორად დაწერა. მახსოვს, მე და ზურაბ გორგილაძემ არ ავუწიეთ ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ. ის ბოლო წლებში პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობდა.

აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, მერაბ კარანაძე ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“.  2012 წლის არჩევნებზე მერაბ კარანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. 2011 წელს იგი „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე იყო, როცა ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს და ციხეში ჩასვეს.

„ბათუმელებს“ მაშინ ერთ-ერთი ოპერატორის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც მერაბ კარანაძემ სახლში მიაკითხა და დასაკითხად თავისი მანქანით წაიყვანა. ოპერატორმა აქციის მონაწილეების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა გამოძიებას.

„ოპერატორი ნამდვილად მივიყვანე პოლიციაში ჩემი მანქანით, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა ეთქვა და როგორ. მე თვითონ ამ აქციის თვითმხილველი არ ვიყავი, საღამოს დავბრუნდი და ტელევიზიაში მთხოვეს, რომ მივყოლოდი ოპერატორს გამომძიებელთან და დროულად დამებრუნებინა სამსახურში,“ – ასე ახსოვს ეს ამბავი მერაბ კარანაძეს.

ერთ-ერთი, ვინც მაშინ მურმან დუმბაძესთან ერთად „აჭარის ტელევიზიისგან“ ეთერის დათმობას მოითხოვდა და დააპატიმრეს, ცოტნე ანანიძე იყო. ის 2013 წელს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს და „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე გახდა. ცოტნე ამბობს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლების წვლილი მის უკანონო დაკავებაში ფორმალური იყო და ამის გამო კითხვა არავისთვის დაუსვამს. მიიჩნევს, რომ არც მერაბ კარანაძესთან უნდა ჰქონდეს ამის გამო უხერხულობა, რომელიც უკვე მისი თანაგუნდელია: „ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესებში არ ყოფილა ჩართული და მერაბი სუფთა იყო… რაც შეეხება სხვადასხვა ღირებულებას, ბევრს ნახავთ და ხედავთ, რომლებიც სხვადასხვა ბარიკადის მიღმა იყვნენ და ახლა ერთად არიან.“

იგივე „ახსნა“ აქვს მერაბ კარანაძესაც: „ვმუშაობდი ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, რატომ უნდა მექმნებოდეს უხერხულობა? ისეთი საქციელი არასდროს მქონია, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა და მორალს. დისკუსიები იმ დროს საერთოდ არ იყო ტელევიზიაში და ეს იყო ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. მაგ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში ტელევიზიიდან წამოვედი…“

ცოტნე ანანიძეს „აჭარის ტელევიზიაში“ პოლიტიკური თოქ-შოუ მიჰყავდა. კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობდა ტელეკომპანია „GDS”-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“, რომლის უცვლელი სტუმარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ცოტნე ანანიძემ ასევე ჟურნალისტის სტატუსით დაუსვა შეკითხვები პოლიტიკურ ოპონენტებს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „არჩევანი“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ცოტნე ანანიძეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, დროულად უნდა ეცნობებინა თავისი პოლიტიკური განზრახვის შესახებ ხელმძღვანელობისთვის, რადგან პოლიტიკურ გადაცემებში ჟურნალისტობის უფლება აღარ ჰქონდა: „არჩევნებში მონაწილე თანამშრომელს ეკრძალება წინასაარჩევნო პერიოდში სსმ-ის პროგრამებში გამოჩენა, გარდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული გადაცემებისა (მაგალითად, დებატებში, პოლიტიკურ რეკლამაში). ამ პერიოდში თანამშრომელს ეკრძალება შეასრულოს პროდიუსერის, ჟურნალისტის ან წამყვანის ფუნქცია.“

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აღარ აქვს სხვა არჩევანის უფლება. კონსულტაციები მქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და როგორც კი გადაწყდა ეს საკითხი, დაუყოვნებლივ მივმართე ტელევიზიის ადმინისტრაციას და მოვითხოვე უფლებამოსილების შეწყვეტა. შემეძლო შეჩერება მომეთხოვა, მაგრამ არც ეს გამიკეთებია იმიტომ, რომ არ დაზარალებულიყო ტელევიზიის ინტერესი…“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ცოტნე ანანიძემ „აჭარის ტელევიზიას“ 8 სექტემბერს მიმართა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია უსკოში დარეგისტრირდებოდა.

ცოტნე ანანიძე არ არის ერთადერთი ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ვინც „ქართული ოცნების“ ათეულში მოხვდა. ნინო ჩხეტია „ქართული ოცნების“ სიაში მერვე ადგილს იკავებს. მას „აჭარის რადიოში“ მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ.

„ქართული ოცნების“ შიგნით ღია დაპირისპირების მიზეზად იქცა ანზორ ბოლქვაძის კანდიდატად დასახელება. ის ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე მესამე მოწვევით აპირებს პარლამენტში შესვლას. 2008 წლიდან ის ხულოს მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გახდა. „ნაციონალებიდან პორტირებული, მედროვე ფეოდალი“ – ამ სიტყვებით ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ სოციალურ ქსელში ხულოს მოსახლეობას „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა.

„იმიტომ კი არ ვარ კანდიდატი, რომ პოლიტიკოსი ვარ. ხალხთან ვარ სულ და ამიტომ შემარჩიეს,“ – უთხრა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ 15 აგვისტოს. იმ დღეს ჯამბულ ხოზრევანიძემ სოციალურ ქსელში საკუთარი პოსტი წაშალა და „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „პარტიული დისციპლინა გაითვალისწინა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი სახე – მალხაზ კალანდაძე ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო სიაში მოხვდა. მალხაზ კალანდაძეს 2005 წელს მურმან დუმბაძესთან ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში. მაშინ მედია აქტიურად წერდა, რომ მურმან დუმბაძეს მალხაზ კალანდაძემ ცხვირი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც მურმან დუმბაძეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 2008 წელს კი საქმე აღიძრა უკრაინელი ქალის გაუპატიურებისა და ცემის ფაქტზე. დაზარალებული მაშინ ბრალს სწორედ დეპუტატ მალხაზ კალანდაძეს სდებდა.

„აღძრული იყო საქმე კი და არავითარი მტკიცებულება რომ არ არსებობდა, დახურეს… რაც შეეხება მურმან დუმბაძეს, შეჯახება მოხდა უბრალოდ. ახლა მხოლოდ ღიმილით მახსენდება ეს ამბავი,“ – ამბობს მალხაზ კალანდაძე „ბათუმელებთან“.

რატომ არ მოხვდა საარჩევნო სიაში სულხან ღლონტი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იყო აჭარაში? – ეს კითხვა ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატების პრეზენტაციის დროს გააჩნდა. სულხან ღლონტმა ამ თემაზე კითხვებს არ უპასუხა. ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „არ მაქვს პოლიტიკური განწყობა, თუმცა ჩემი პოლიტიკური პოზიცია რჩება იგივე. ჩავთვალე, რომ ახალ სახეებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი, საკუთარი ნების შესაბამისად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი ამჯერად იყო ეს“.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: