მთავარი,სიახლეები

არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

12.09.2016 • 3416
არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია.

ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 977.  ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან სტუდენტი 3 933 ვიზიტორი იყო, მოსწავლე კი – 1351. წელს, ფასის გაძვირების შემდეგ, აგვისტოს ჩათვლით, ბოტანიკურ ბაღს 183 665 ვიზიტორი ეწვია. ამასთან, ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფასის გათანაბრების შემდეგ, უცხოელი და ქართველი ვიზიტორების  სტატისტიკას ცალ-ცალკე აღარ აწარმოებენ.

„ფასის დადგენა ჩვენი ხუშტურით არ მომხდარა, სახალხო დამცველმა მოითხოვა გათანაბრება, რადგან მიიჩნია, რომ უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის განსხვავებული ფასი დისკრიმინაციული იყო“, – გვეუბნება ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ჯემალ წულუკიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ადმინისტრაციას საფასურის გათანაბრება სურდა, რატომ დატოვა მაღალი ფასი –  8 ლარი და არა 3 ლარი? – ჯემალ წულუკიძე ამბობს:

„3 ლარი რომ დაგვეტოვებინა, ეს იქნებოდა წამგებიანი, რადგან შემოსავალი ვეღარ გასწვდებოდა იმ ხარჯებს, რომელიც ბოტანიკურ ბაღს სჭირდება. ჩვენი ეკონომიკური გათვლა არის უცხოელებზე.“

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 399 ათასი ლარით ფინანსდება. იყო თუ არა მიზანშეწონილი დაბალი ტარიფის შენარჩუნება გადამხდელების სასარგებლოდ? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ  კი.

„განსხვავებული ფასის დადგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმალურია, ბევრ სახელმწიფოში მინახავს განსხვავებული ფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ასეთი პრაქტიკა არსებობს, მათ შორის მეზობელ თურქეთშიც და ეს არ არის დისკრიმინაციული, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, ევროპელი და ამერიკელი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაცილებით მაღალია.

არსებული ტარიფი უნდა გადაიხედოს და სიმბოლური ფასი დადგინდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, –  გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაუჭირა საკრებულომ ფასის ზრდას მხარი? საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ამბობს, რომ ფასი საკრებულოს ჩარევით კი არა, მერის ბრძანებით გაიზარდა:

„იმდენად მიუღებელი ამბავი იყო, რომ „თავისუფლმა დემოკრატებმა“ ბიურომდეც კი არ მივატანინეთ საკითხი. ეს, ზოგადად, ბათუმის პრესტიჟზე იმოქმედებდა, თუმცა ამის შემდეგ მერმა გამოსცა ბრძანება და ასე გააძვირა ფასი“.

თვითმმართველობის ახალი კოდექსი მერს აძლევს  ტარიფების ერთპიროვნულად განსაზღვრის უფლებას. კობა ჩხეიძის თქმით, საკრებულო ფასების დადგენის საკითხში მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს, რასაც მერი ან გაითვალისწინებს, ან არა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

საკრებულოს კიდევ ერთი წევრის [„ნაციონალური მოძრაობა“], გიორგი კირთაძის აზრით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაადეკვატურია:

„საკრებულომ მოუწოდა მერს, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც მიიღო გაძვირების გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია ისევ მივცეთ მერს რეკომენდაცია, რომ  გადაიხედოს ეს საკითხი და დადგინდეს ის ფასი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი“.

საკრებულოს წევრი, საფინანსო და ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელი თენგიზ აფხაზავაც მიიჩნევს, რომ ტარიფის დაწევა მიზანშეწონილია:

ჩემზე რომ იყოს, ადგილობრივებისთვის საფასურს დავწევდი… ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელობას ვთხოვე, გადაეხედათ ტარიფისთვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაინც შეიცვალოს ფასი“.

„ბათუმელებს“ ამ თემაზე ქალაქის მერის პოზიცია აინტერესებდა, თუმცა პრესსამსახურიდან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, არჩილ ვანაძესთან გადაგვამისამართეს, „მიდგომა იყო ისეთი, რომ გაგვეთანაბრებინა ფასი, თუმცა გაგვეფართოვებინა შეღავათების წრე ადგილობრივებისთვის. ამიტომ შემოვიღეთ სააბონენტო სისტემა, თუმცა მე იმ პოზიციაზე ვარ, რომ არც განსხვავებული ფასი იყო პრობლემა,“ – აღნიშნა არჩილ ვანაძემ.

ჯემალ წულუკიძის თქმით, ადმინისტრაცია მოსახლეობას შეღავათიან სააბონენტო მომსახურებას სთავაზობს: „ვინც ხშირად დადის ბოტანიკურ ბაღში, თვეში 30-ლარიან პაკეტს ვთავაზობთ, არის ორკაციანი – 45-ლარიანი და საოჯახო – 60-ლარიანი პაკეტი“.

ბოტანიკური ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, ბოტანიკურმა ბაღმა წელს „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი, ანუ 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“.

ზინა გელაძის თქმით, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან, 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული  1 მილიონ 9 000 ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: