სიახლეები

ერთი თეფში აზიისკენ, მეორე – ევროპისკენ

30.05.2012 • • 1408
ერთი თეფში აზიისკენ, მეორე – ევროპისკენ

ავტორი: ნინო ყიფშიძე
რეპორტაჟი სოფელ ქედლებიდან
სოფელი ქედლები ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცენტრიდან დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. მთის ფერდობებზე შეფენილი სოფელი ცენტრიდან ძალიან ახლოს მოჩანს, თუმცა, შებინდებისას, თოვლში ჩაფლულსა და ყინვისგან ხელებდამზრალს შეიძლება აღმართ-აღმართ სიარული რთულ ამოცანად მოგეჩვენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილობრივი არ ხარ. ადგილობრივები კი ამ მონაკვეთს თითქმის ყოველ დღე გადიან, ზამთარსა და ზაფხულში.

ყვითელი შუქით განათებული მეტრნახევარი თოვლის საფარი, ცარიელი ქუჩები და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტისთვის თითქოს უჩვეულოდ მოზრდილი შენობები საქართველოს მთებში უვალი ადამიანისთვის ველური ეგზოტიკაა, ამავდროულად უცნაური. რადგანაც ღამე თბილ სახლებში მოკალათებული ადგილობრივი მოსახლეობისგან გაუკაცრიელებულ ქუჩებში ბნელი და განათებული შენობებიც იმაზე პომპეზურად აღიქმება, ვიდრე მათი რეალური ფუნქციური დატვირთვა შეიძლება იყოს. დგანან ასე გარინდებულები, ისევე როგორც მთები მათ გარშემო. შედარებით მომცრო ზომის საცხოვრებელი სახლები სატელიტური თეფშების სიმრავლით იქცევენ ყურადღებას. როგორც სოფელ ქედლებში ბოლქვაძეების ოჯახის წევრი ამბობს, მათი სახლის აივანზე დამაგრებული ერთი თეფში ევროპას იჭერს, მეორე კი – აზიას.

ბეტონის გზა, რომელიც ხულოს ცენტრიდან ქედლებისკენ მიემართება, ზოგიერთის თქმით ოთხი, ზოგიერთის თქმით კი სამკილომეტრნახევარია. ამ გზაზე მუშაობა შარშან ივლისში დაიწყო. ძირითად საქმეს კომპანია „მამისონი“ დეკემბრის თვეში მორჩა, წელს, გაზაფხულზე, დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა – დამონტაჟდა დამცავი ბორდიურები და საგზაო ნიშნები. მშენებლობის პროექტი სამნახევარი მილიონი ლარი დაჯდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა იყო.

„გზის დაგება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. მთავარი გზაა. უხვნალექიანობის გამო ადრე დაგებული გზები უფრო ადვილად ფუჭდება. ახალი გზა კი ბეტონისაა და გაცილებით გამძლე. გზა თუ გაქვს, ყველაფერი გაქვს“, – ამბობს ქედლების რწმუნებული რამინ ბოლქვაძე.

ტრადიციულად ხულოს რაიონი მრავალშვილიანი ოჯახების სიჭარბით გამოირჩევა. რაც პერიოდულად სოფლების მიტოვების და სხვა კუთხეებში ჩასახლების მიზეზი ხდება. მსგავსი ვითარება არამხოლოდ ხულოს რაიონში, არამედ შუახევშიცაა. როცა ოჯახი ძალიან ფართოვდება, ნაწილი ცალკე გადადის საცხოვრებლად. ისინი ძირითადად ბარის სოფლებში იდებენ ბინას. ასეთ დროს ხულოელები საცხოვრებლად წალკაში, ვანისა და ჩოხატაურის რაიონებში გადადიან. როგორც ქედლების რწმუნებული ამბობს, მიტოვებული სოფლები ხულოში არ არსებობს. მოსახლეები ზოგჯერ გამოსაზამთრებლად ჩადიან ქალაქში და მხოლოდ რამდენიმე თვით სცილდებიან სოფლებს.

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ხულოს რაიონში კარტოფილია. ამბობენ, რომ სასუქის ნაკლებობის გამო ბოლო წლებში ნაკლები მოსავალი მოდის. რაიონული ცენტრისა და სოფელ ქედლების მკვიდრთა ნაწილისთვის შემოსავლის წყარო ადმინისტრაციულ და სხვა დაწესებულებებში დასაქმება წარმოადგენს. ცენტრში ორი საავადმყოფო, ბაღი, სკოლა, კაფე-ბარი, დრამატული თეატრი, ხუთი ბანკი და ერთი სასტუმროა. თეატრში ადგილობრივი დასი და ბათუმიდან მოწვეული მსახიობები მუშაობენ. წარმოდგენები 2-3 თვეში ერთხელ იმართება. დასი მუდმივმოქმედია. სასტუმროს ერთდროულად 24 ადამიანის მიღება და გამასპინძლება შეუძლია. პერიოდულად აქ უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ახალციხისაკენ მიმავალ გზაზე ხულოში ათევენ ღამეს.

მოსახლეობის მეტი წილი მუსულმანები არიან. მეჩეთი თითქმის ყველა სოფელშია. რაიონულ ცენტრში კი მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ნახავთ. მცირე რაოდენობით ქრისტიანები მხოლოდ ცენტრში სახლობენ. აქაურ მეჩეთთან არსებულ სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების საშუალება აქვთ. მსგავსი ცენტრები სოფლებში არ არის, ამიტომ ისინი, ვისაც სწავლის გაგრძელების სურვილი და საშუალება აქვს, ხულოს ცენტრში ნათესავებთან ბინავდებიან და ცოდნის გაღრმავებას ცდილობენ, რის შესაძლებლობასაც მათ ადგილობრივი მეჩეთი აძლევს.

სოფელ ქედლების მთავარ ღირშესანიშნაობას გეოგრაფიული განლაგებისა და ბუნების სილამაზის გარდა, სათხილამურო სპორტი წარმოადგენს. 1988 წლამდე აჭარის ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ნარიმან ჯორბენაძე აჭარაში სპორტის ამ სახეობის განვითარების ისტორიას იკვლევს: „ჩვენი სათხილამურო სპორტის ისტორია მოიცავს 30-იან წლებს. მანამდე მიმოსვლის ერთ-ერთი საშუალება დათვისფეხა თხილამური იყო. მას შავი ნეკერჩხლის ხისგან აკეთებდნენ, თასმებით იხვევდნენ ფეხზე და თოვლში ასე გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით თანამედროვე ტიპის თხილამურები გამოჩნდა. 30-იანი წლებიდან კი გვყავს ცნობილი მოთხილამურეები, საქართველოს ჩემპიონები: მუჰამედ ჯოყილაძე, შამილ კახაძე, შახსად ბოლქვაძე, ჯეფერ ტუნაძე. ქალებს შორის პირველები რუსები იყვნენ, რომლებიც ფოსტაში და რაიონის სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდნენ. მეორე მსოფლიო ომის კრიზისული ვითარების შემდეგ, 1946 წლიდან სპორტსმენთა ახალი თაობა მოვიდა: მუჰამედ მეხეშიძე, შაისმაილ ტუნაძე. მაშინ გამოჩნდა პირველი აქაური ქალი მოთხილამურე ფატი აჯიბაც, აფხაზი ქალი, რომელიც ხულოში იყო გამოთხოვილი“.

ნარიმან ჯორბენაძის თქმით, ქალი მოთხილამურეები ბევრნი იყვნენ და ბიჭებზე უკეთესი შედეგებიც ჰქონდათ. მათ შორის შემდეგ მოთხილამურეებს ასახელებს: დები მესხები, დები კახიძეები, ჟუჟუნა ჯიმქერაძე, ნარიე დეკანაძე, მადონა ჯორბენაძე, ნანი მეხეშიძე და სხვები.

სამი წლის წინ ქედლებში ახალი სპორტული ბაზა გაიხსნა. შენობას, სადაც მოთხილამურეთა სკოლაა განლაგებული, მეცადინეობების, ასევე სპორტული ინვენტარის განსათავსებლად იყენებენ. სკოლასთან ორი ბაგირია გაკეთებული, 100 და 240-მეტრიანი. მოთხილამურეები ბაგირს ხელით ეკიდებიან და შესაბამის სიმაღლემდე მიღწევის შემდეგ, დაბლა სრიალით ეშვებიან. სკოლაში დაახლოებით 70 ბავშვი ემზადება. წრეზე სიარული უფასოა, ისევე როგორც სპორტული ინვენტარის გამოყენება. ამ საქმეს ოთხი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. მათ ხელფასს ხულოს მუნიციპალიტეტი უხდის. ხელფასი 230 ლარს შეადგენს. იგივე მწვრთნელები ზაფხულობით ბაზასთან აგებულ სტადიონზე მსურველებს ფეხბურთსა და რაგბიში ამეცადინებენ.

მათი სურვილი სამომავლოდ სკოლის გათბობით უზრუნველყოფა და მეტი სპორტული ინვენტარის მიღებაა. სამი წლის წინ მიღებული თხილამურები ნელ-ნელა ცვდება და წელს გადაცემული 20 ახალი კომპლექტი სპორტით დაკავებული ახალგაზრდებისთვის საკმარისი არ არის.

ვეტერანი სპორტსმენი და ამჟამად მწვრთნელი ნარიმან ჯორბენაძე ამბობს – „20 დღის წინ კიდევ ორი საბაგიროს გაკეთება დაიგეგმა, რაც იმას გამოიწვევს, რომ ჩვენს ბავშვებს უკეთესი შედეგები ექნებათ მომავალში. ლევან ვარშალომიძე დაგვპირდა მაშინ, 1200-მეტრიანი საბაგიროც გექნებათო“. მისივე თქმით, – „ბაკურიანსა და გუდაურში გაცილებით უკეთესი საბაგიროებია, ვიდრე – ქედლებში. იქ 2000-3000-მეტრიანი ტრასებია. ჩვენ 240-მეტრიანი ტრასით შემოვიფარგლებით“.

მწვრთნელებს იმედი აქვთ, რომ გოდერძის უღელტეხილზე ძლიერი სათხილამური ბაზა მალე გაიხსნება. ამბობენ, რომ უღელტეხილზე ექვსკილომეტრიანი სათხილამურო გზის გაკეთებაა დაგეგმილი. რადგანაც საქართველოში თოვლი ყველაზე უხვად ამ რეგიონში მოდის და მთების მდებარეობა ზღვის დონიდან ჰაერის გაიშვიათების პრობლემას არ ქმნის, უღელტეხილის ზამთრის კურორტად გადაქცევას სპორტსმენები მომგებიან საქმიანობად მიიჩნევენ.

ბაზის გარშემო მოსახლეობამ სველი წერტილებითა და გათბობით უზრუნველყოფილი საოჯახო სასტუმროები გახსნა. საოჯახო სასტუმროში გაჩერება დღეში სამჯერადი კვებით 30-35 ლარი ღირს. რწმუნებულ რამინ ბოლქვაძის თქმით, „გასულ წელს ყოველ შაბათ-კვირას 50-60 ადამიანი ამოდიოდა თებერვლის განმავლობაში. წლევანდელი სეზონი უფრო გრძელი იქნება, რადგან დიდი თოვლი უკვე ნოემბერში მოვიდა“.

შეიძლება ითქვას, რომ სათხილამურო სეზონი სოფელ ქედლებში არაოფიციალურად უკვე გახსნილია. თოვლის სიმაღლე ერთ მეტრსა და სამოცდაათ სანტიმეტრს აღწევს. ხულოს ცენტრიდან ბაზისკენ მიმავალ ბეტონის გზას პერიოდულად წმინდავენ. სოფლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გზაზე მოძრაობა ზამთრის განმავლობაში არ შეფერხდება.

სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მოლოდინში მყოფი სოფლის ექვსი ახალგაზრდა მოთხილამურე და ორი მწვრთნელი კი 21 დეკემბრიდან მესტიაში გაემგზავრებიან, სადაც სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ტარდება. შარშან გუნდის შემადგენლობაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, ფინანსური პრობლემების გამო წელს სოფელ ქედლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული აჭარის ნაკრების მონაწილეთა რიცხვმა იკლო.

მწვრთნელები აცხადებენ, რომ 30-იანი წლებიდან მოყოლებული აჭარის ნაკრების შემადგენლობას მეტწილად ქედლების სპორტსმენები განსაზღვრავდნენ.

გადაბეჭდვის წესი