მთავარი,სიახლეები

აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს

05.09.2016 • 1535
აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს

რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ვეფხვია აბაშიძე ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ვეფხვია აბაშიძემ სამუშაო ადგილი კერძო დაცვის სამსახურში იპოვა, სადაც ცნობა ნასამართლეობის შესახებ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა რომ დასაქმდეს. თუმცა ის ცნობას შესაბამისი უწყებიდან ვერ იღებს.

“სამხედრო სამსახურში კონტრაქტი 2010 წელს შემიწყვიტეს. მას შემდეგ უმუშევარ ვარ,” – გვიყვება ვეფხვია აბაშიძე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმდინარე წლის ივლისში მიმართა, საიდანაც წერილობითი პასუხი არ მიუღია: “სააგანტოში მითხრეს, რომ გაურკვეველია, ძველი საქმე, რასაც გედავებოდნენ, დასრულებულია თუ არაო. საქმის ნომერი მომცეს და მითხრეს, რომ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებიდან უნდა გამომეთხოვა, სადაც ძიება მიმდინარეობდა”.

ვეფხვია აბაშიძე პოლიციის მესამე განყოფილებას 2005 წელს დაუკავებია, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და გაათავისუფლეს. ვეფხვიამ იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი გვაჩვენა, რომელიც 2008 წლით თარიღდება და აღნიშნულია, რომ ვეფხვია აბაშიძე ნასამართლევი არ არის. ეს დოკუმენტი 2008 წლის 20 თებერვალსაა ხელმოწერილი. ამ დროს მან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური დაიწყო და ომის მონაწილეც გახდა.

ომის ვეტერანმა გვაჩვენა წერილიც, რომლითაც ვეფხვია პოლიციის მესამე განყოფილებას სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საქმეზე, რომლის ნომერიც შსს-ში მისცეს. წერილი პოლიციას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ჩაუბარებია. ერთ თვეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, ვეფხვიას პოლიციისგან პასუხი არ მიუღია.

“საქმე გვაქვსკანონმდებლობის უხეშ დარღვევასთან, რადგან პირს არ აძლევენ მის შესახებ დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც უნდა გაიცეს დაუყონებლივ,”-  ამბობს ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი. ეს ორგანიზაცია ვეფხვიას ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ წინა კვირის პარასკევს ის ამ თემაზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის მოადგილეს, ჯემალ ცეცხლაძესაც შეხვდა: “გვითხრა, რომ აუცილებლად დღის ბოლოს მივიღებდით პასუხს და თუ ამ მონაცემს ვერ იპოვიდნენ, შესაბამისი პირის პასუხისმგბელობა დადგებოდა. ამ დრომდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია”

ანა ბერძენიშვილმა დღეს, 4 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც მიმართა წერილობით: “მას შეუძლია განცხადების საფუძველზე დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და სამართალდარღვევა დაადგინოს”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” არ გამორიცხავს ვეფხვია აბაშიძის საქმეზე სასამართლოს მიმართოს – ქმედების დავალდებულების და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ვეფხვიას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახს თურქეთში სეზონურად მუშაობით არჩენს. სოციალური დახმარება კი დროებით შეწყვეტილი აქვს: “სოციალური დახმარება საერთოდ მე რატომ უნდა მჭირდებოდეს? სახელმწიფოს იქეთ უნდა დავეხმარო, ოღონდ მომცეს ამის შესაძლებლობა. დახმარება შემიწყვიტეს, რადგან შემწეობის მიღებიდან ოთხი წელი გავიდა და ოჯახი ხელახლა უნდა გადაამოწმონ,” – ამბობს ვეფხვია აბაშიძე.

ვეფხვია აბაშიძის საქმეზე ინფორმაციას „ბათუმელები“  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან ელოდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: