მთავარი,სიახლეები

მერიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობის გვერდის ავლით

05.09.2016 • 2621
მერიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობის გვერდის ავლით

საკანონმდებლო დათქმა აჭარის მთავრობას ხელს არ უშლის მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზოლში ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებით გაასხვისოს. ბათუმის მერიაც პოულობს გამოსავალს ქალაქის მწვანე ზოლში კანონმდებლობით დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად. ამ ყველაფერს ხალხის არჩეული საკრებულოც ეთანხმება. საკითხის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობაზე უფრო მეტხანს მსჯელობს, ვიდრე იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ინვესტიციაზე მეტად მწვანე ზოლი და სუფთა ჰაერი აინტერესებს.

4221 კვ/მ მიწის ფართობი ანგისის დასახლებაში მდებარე, საკურორტო სარეკრეაციო ზონაში, შპს „ნასკარმა“ სახელმწიფოსგან პირობადებული აუქციონით შეისყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საზოგადოებრივი ან მომსახურების ობიექტი 18 თვეში უნდა აეშენებინა.
პროექტის მერიაში წარდგენის შემდეგ კი ინვესტორმა აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი საკურორტო სარეკრეაციო ზონაში შეუძენია.

საკურორტო სარეკრეაციო ზონაში კანონმდებლობა იმ მასშტაბის მშენებლობას არ ითვალისწინებდა, რაზეც ინვესტორმა სახელმწიფოსთან ვალდებულება აიღო, კანონმდებლობის მოთხოვნებს არც დაგეგმილი ობიექტის დანიშნულება დაემთხვა.

საკურორტო რეკრეაციულ ზოლში კანონმდებლობა ყველა ტიპის და მასშტაბის ობიექტების მშენებლობას არ უშვებს, შესაძლებელია ნებართვა გაიცეს მხოლოდ მცირე მასშტაბისა და მსუბუქი კონსტრუქციის მქონე მშენებლობებზე, რაც გასართობი ან დასასვენებელი ობიექტის ფუნქციის მატარებელი იქნება.

კანონმდებლობით საკურორტო სარეკრეაციო ზონაში მშენებლობისთვის მაქსიმუმ 1000 მ2 -ის მასშტაბების შენობის აშენებაა დასაშვები, ხოლო მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ 12 მეტრია განსაზღვრული. გარდა ამისა, საკურორტო სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია მხოლოდ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება.

ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის თხოვნით საკრებულომ ამ ზონას სტატუსი შეუცვალა და სარეკრეაციო ზონად გადააკეთა. იმ მიზეზით, რომ სარეკრეაციო ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [K2] კანონმდებლობით არ დგინდება და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია იმსჯელოს და გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა დამკვეთს პროექტზე მშენებლობის ნებართვა – მერიის არქიტექტურულ სამსახურში ასე განმარტავენ.
საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, კობა ჩხეიძე, რომელმაც საკურორტო სარეკრეაციო ზონის რეკრეაციულ ზონად შეცვლის საკითხს მხარი არ დაუჭირა, მიიჩნევს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახური კანონმდებლობაში ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკრეაციო ზონაში K2 კოეფიციენტი არ დგინდება, არასწორი ინტერპრეტაციით კითხულობს:

„მაშინ, როცა საქართველოში ადამიანები იბრძვიან, აქციებს აწყობენ და შიმშილობენ იმისთვის, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი მწვანე ზოლი და კანონში ჩანაწერის პათოსიც, რომ სარეკრეაციო ზონაში კოეფიციენტი არ დგინდება გულისხმობს, რომ მწვანე ზონა იყოს დაცული, აქ ესმით სხვანაირად. მერიის სპეციალისტებისთვის კოეფიციენტი არ დგინდება ეს ნიშნავს, რამდენსაც მინდა იმდენს დავადგენო, რაც არასწორია.“
ბათუმის მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით: „როგორც მინდა და რამდენსაც მინდა დავადგენ, ასე არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დადგენილი მიწის ნაკვეთზე კოეფიციენტები, დამკვეთი მოითხოვს და ადმინისტრაციული ორგანო იმსჯელებს, შესაძლებელია თუ არა იმ კოეფიციენტების გამოყენება, რაც მას სურს.“
კითხვაზე, თუ კანონმდებლობით არ დგინდება როგორ იმსჯელებს? – ირაკლი ახალაძე პასუხობს: „გონივრული მსჯელობა ხდება, ქალაქმშენებლობის გეგმა, რეგულაციები, სხივები და ასე შემდეგ.“

რატომ არ გაითვალისწინა ნაკვეთის მდებარეობა და სტატუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაშინ, როცა ინვესტორს პირობებზე შეუთანხმდა? – სამინისტროს ეს საკითხი მხედველობიდან გამორჩა მაშინ, როცა მანამდე ერთი წლით ადრე საკრებულომ ამ უბანზე საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი ამავე სამინისტროს თხოვნით მიანიჭა. მაშინ ამ ადგილს და მის მიმდებარე ტერიტორიას აჭარის მთავრობა საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ადგილად განიხილავდა. თუმცა მოგვიანებით სტადიონისთვის სხვა ადგილი შეარჩიეს.

იმ მიზეზით, რომ კონტრაქტორი სახელმწიფოსთან ნაკისრ ვალდებულებებს ვეღარ ასრულდებდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისევ ბათუმის მერიას მიმართა, ამჯერად ისე შეცვალე სტატუსი, რომ კოტრაქტორმა ვალდებულებები შეასრულოსო.
მერიამ მინისტრის თხოვნა ამჯერადაც გაითვალისწინა. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ ცვლილების მიზეზად შპს `ნასკარის~ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე წამოწყებული მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის საჭიროება დაასახელა. თან აღნიშნა, რომ „კომპანიამ იქ უკვე დახარჯა 700 000 ლარი და კიდევ მილიონის დახარჯვას აპირებს“. ამ ყველაფერთან ერთად, გამომდინარე იქედან, რომ ინვესტორს მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს და გაფართოებასაც გეგმავს, მერიას პროცედურა უნდა დაეჩქარებინა, შეეძლო სტატუსი სარეკრეაციო საზოგადოებრივ საქმიან ზონადაც შეეცვალა, რასაც სამომავლოდ გეგმავს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა იყო ის, რომ სტატუსის შეცვლისას კანონმდებლობა მარტივ და მოკლევადიან ადმინისტრაციულ წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ზონის სტატუსი სარეკრეაციო ზოლად გადაკეთების ანუ გამწვანების სასარგებლოდ იცვლება და არა პირიქით.

საკითხის კენჭისყრისას ხელი წინააღმდეგ აწიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და „რესპუბლიკელებმა“. საკრებულოს წევრები ოპოზიციური ფლანგიდან გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში შიშობენ, რომ ქალაქში სარეკრეაციო ზონები აღარ დარჩება.

„ბათუმს უნდა შევუნარჩუნოთ ის მწვანე ზოლები, რომლითაც ეს ქალაქი სუნთქავს, ასეთი ძალიან მცირეა. მხოლოდ ბათუმის ბულვარი არ არის საკმარისი. ვხედავთ, რომ ჰაერი გაჭუჭყიანებულია და ქალაქის მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ბათუმი შეუერთდა კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს სითბური აირების მავნე ზემოქმედებისგან ქალაქის გათავისუფლებას. ასე ხელაღებით ამ ზონების შეცვლა იმიტომ, რომ რომელიღაც ინვესტორი რაღაცის გაკეთებას ფიქრობს, არ შეიძლება. ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალია. დღესაც ხდება ამ ზონების კონკრეტულ ინვესტორზე მორგება,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.
ბათუმში კანონმდებლობის გვერდის ავლით სარეკრეაციო ზოლში მშებენლობის წამოწყების ეს პირველი შემთხვევა არ არის, ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის ზონირების საბჭომ იმსჯელა და დაშვებად მიიჩნია ბათუმის ახალ ბულვარში ამფითეატრის უკან [სარეკრეაციო ზონაში] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც დღეს ინვესტორის საკუთრებაშია, ამ დასახლებას კაჩინსკების ქუჩასთან, ახალ ბულვარსა და, შესაბამისად, ზღვისპირთან აკავშირებს. ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში კი მთავრობამ სკვერის ნაწილი გაყიდა. სკვერში სადაც მრავალწლიანი მცენარეები იყო გაშენებული, ახლა „Ds grupi “ მრავალსართულიან შენობას აშენებს. ამ მიზნებისტვის ითხოვდა აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასაც, რომელიც ასევე სარეკრეაციო საკურორტო ზონაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: