აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია.

საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე.

არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან გობაძემ საკუთარი თავი წარადგინა თავმჯდომარეობის კანდიდატად და აღნიშნა, რომ მას არჩევნებამდე ჰქონდა კულუარული შეთავაზება გიორგი ირემაძესთან, რომ ირემაძეს თავისი კანდიდატურა დაეყენებინა, თუმცა გიორგი ირემაძემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ბეჟან გობაძემ საკუთარი კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტა თავმჯდომარის პოსტზე.

საბჭოს წევრმა ირაკლი დარცმელიძემ ნატა იმედაიშვილს გუშინ ტელევიზიით მოუწოდა თავი შეეკავებინა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისგან, რადგან იგი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის [პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი კობა ჩხეიძე] მეუღლეა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაზე. ამასთან დაკავშირებით გიორგი ირემაძემ სხდომაზევე განმარტა, რომ ეს ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა ნატა იმედაიშვილს წევრად არჩევის, შემდგომში უკვე თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის დროსაც და ამას მის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

კენჭისყრამდე კანდიდატებმა 5-5 წუთიანი რეგლამენტით ისაუბრეს საკუთარ ხედვებსა და გეგმებზე საბჭოს მუშაობაში. ნატა იმედაიშვილის თქმით, მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ამ დროის განმავლობაში იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული და მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას:

„საბჭოს აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, იმ თვალსაზრისით, რომ პრიორიტეტების შესასრულებლად ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად მობილიზებული, უფრო მკაფიო პოზიცია გვქონდეს მენეჯმენტთან, ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იყოს უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ მგონია, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ისე უნდა ასახოს, როგორც მოითხოვს ამას დემოკრატია და პლურალიზმი… და მე მგონია, რომ საბჭოს ყველა წევრთან ერთად ვიქნები სწორედ ფარი ამის დასაცავად“, – განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.

ბეჟან გობაძემ თავისი გამოსვლა ნატა იმედაიშვილის კანდიდატურისადმი წინააღმდეგ წასვლის მოტივის ახსნით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ მან ერთხელ უკვე დააყენა ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა ამ პოზიციაზე და როგორც შემდეგ გაირკვა ნატა იმედაიშვილმა იმ არჩევნებზე საკუთარი თავის წინაამღმდეგ მისცა ხმა: „ქალბატონმა ნატამ ეს პასუხისმგებლობა მაშინ ვერ აიღო თუ ვერ აიღო“, – განაცხადა ბეჟან გობაძემ და დასძინა, რომ მან ნატა იმედაიშვილის მხარდაჭერა ვერც ტელევიზიის დირექტორის გადაყენების მოთხოვნის დროს მიიღო, – „მაშინ დირექტორის გადაყენების მოთხოვნა დავაყენე მე და ქალბატონმა ნატამ ამ პროცესებში მონაწილეობაც არ მიიღო. თუ მაშინ ჩემს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მქონდა ეჭვები, ახლა ერთი წლის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად დავაყენე დირექტორის გადაყენების საკითხი, რაშიც ვერ მივიღე ქალბატონი ნატას მხარდაჭერა და მასაც ვუთხარი, რომ მე მას მხარს, კიდევ ერთხელ, აღარ დავუჭერდი“.

ბეჟან გობაძე გამოსვლაში კრიტიკული იყო საბჭოს ბოლო სამი წლის მუშაობის შესახებაც: „რიგი საკითხები, რასაც კანონი გვავალებდა, ვერ მოესწრო და არ გაკეთდა, რაც მიუთითებს აპარატის და მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის სუსტ მუშაობაზე“, – განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე აქტიური საბჭოს მუშაობის პროცესში ამ ხნის მანძილზე თავად იყო და თავმჯდომარეობის შემთხვევაშიც ასე გაგრძელდებოდა. ბეჟან გობაძემ ასევე ისაუბრა დაფინანსების გაზრდის, პროგრამული ბიუჯეტის, სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და კონკურსის წესით თანამშრომლების აყვანის საჭირობების შესახებ.

საბოლოოდ ფარული კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა 2-2 ხმა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო თავმჯდომარის გარეშე აგრძელებს მუშაობას, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი კვლავ ნატა იმედაიშვილი რჩება.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გაიმართება თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა როგორც საბჭოს წევრებმა განმარტეს, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, თავმჯდომარის არჩევნების გამართვა საბჭოს ამავე შემადგენლობითაც შეუძლია.

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის ხუთწევრიან სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა დარჩა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან