მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას

31.08.2016 • 1909
სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან.

„პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ.

“საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და რომელში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს ყველა წევრს, მათი სქესის მიუხედავად. დაუშვებელია, მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების დატოვება მოსთხოვონ” – აღნიშნულია სახალხო დაცველის განცხადებაში.

სახალხო დმცველი ქედის საკრებულოს წევრ ბაქარ ბარამიძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს მოუწოდებს მომავალში თავი შეიკავონ სექსისტური და გენდერული სტერეოტიპების შეცველი განცხადებებისგან.

“ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა; მსგავსი დამოკიდებულება აძლიერებს და ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში, სქესის გამო, უფრო მეტად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას.. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოში, რომლის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს”– აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

“ბათუმელები” იმავე დღეს ესაუბრა ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ფიქრობს, რომ საკითხზე ასეთი ყურადღების გამახვილა არ არის საჭირო: „ეს ბრძანება არ ყოფილა, თხოვნა იყო. პირადი გარჩევები არ ყოფილა, ორგანიზაციულ საკითხებზე ვისაუბრეთ. მამაკაცებში იყო სათქმელი. შეიძლება სადმე პურმარილზე მივდიოდით, რატომ მიაჩემდით ამ საკითხს? მეტ შეკითხვას არ ვუპასუხებ“ – განაცხადა ამირან ცინცაძემ.

ქედის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი დეპუტატია. მათ კოლეგების განცხადება არ გაუპროტესტებით და „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი მათთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილა.

“ჩემთვის შეურაცმყოფელი არ ყოფილა. სხდომა დასრულებული იყო. ვფიქრობ არც პირად გარჩევას ჰქონია ადგილი. ბევრი რამეა არაადეკვატურია და მაინც ხდება,” – განაცხადა „ბათუმელებთან“ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატმა, ნარგიზ დიასამიძემ.

“მანამდე წავედი, მაგ საუბარს არ ვესწრებოდი, აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით” – აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ტატიანა სირაბიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: