მთავარი,სიახლეები

დისკუსია წინასაარჩევნო გარემოზე აჭარაში

31.08.2016 • 1689
დისკუსია წინასაარჩევნო გარემოზე აჭარაში

“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს “ქართული ოცნების” პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად,” – ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, რაზეც მადონა ბერიძემ “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა გაამახვილა ყურადღება. წინასაარჩევნო გარემოზე დღეს, 31 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის მომხსენებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო დარღვევების მაჩვენებლებმა იმატა. მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაში პოლიტიკური გავლენაზე, ასევე სიძულვილის ენის გააქტიურებაზე.

“ძალადობისგან დაცული ეს რეგიონი ისევ აღარ არის, განსაკუთრებით პაატა ბურჭულაძის და დავით თარხან-მოურავის განცხადებების შემდეგ,”- აღნიშნა დისკუსიაზე ხათუნა სამნიძემ, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

საარჩევნო ადმინისტრაციების პრობლემაზე ისაუბრა გიორგი ხიმშიაშვილმა, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა: “მაგალითად, ქობულეთის ოლქმა აირჩია 11 წევრი, რომელთაც წინა არჩევნებში არაერთხელ ჩაიდინეს სამართალდარღვევა საარჩევნო პროცედურების განხორციელების დროს. როცა ადამიანი არაერთგზის არღვევს კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ აყენებ საარჩევნო პროცესის ობიექტურობას”.

დისკუსიის ყველაზე დიდი ნაწილი დღეს მედიაზე საუბარს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა კი მიკერძოებულობაში დასდო ბრალი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მან კონკრეტული სიუჟეტი დაასახელა, როცა აჭარის ყოფილ მმართველის, ასლან აბაშიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: “ამ სიუჟეტში შეგნებულად გამოიყენეს ასლან აბაშიძის ის კადრები, სადაც ის ჩემთან ერთად ჩანს. ეს კადრი სოსო სტურუას მიერ მომზადებული ფილმიდან იყო…”

არმაზ ახვლედიანს უპასუხა ცოტნე ანანიძემ, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა. მისი განმარტებით, წინა მონიტორინგი აჩვენებს, რომ ტელევიზია დაბალანსებული და მიუკერძოებელია, ხოლო წინასაარჩევნო მუშაობას აკვირდებიან და შედეგები სამომავლოდ გამოქვეყნდება.

10 სექტემბრიდან წინასაარჩევნო დებატების გამართვას აპირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიც. ცენტრის წარმომადგენლებმა დისკუსიის მონაწილეებს უთხრეს, რომ დისკუსიებს ბათუმში მოდერაციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაუწევს.

გადაბეჭდვის წესი