მთავარი,სიახლეები

ხათუნა სამნიძე ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის განცხადებებზე: ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა

30.08.2016 • 2257
ხათუნა სამნიძე ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის განცხადებებზე: ეს არის  ასლან აბაშიძის რიტორიკა

“სახიფათო, საშიში და საბჭოთა აზროვნება” უწოდა „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს, 30 აგვისტოს „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერის პაატა ბურჭულაძის მიერ პარტიის კანდიდატების წარდგენისას „აჭარლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნაზე“ და გუშინ „რუსთავი 2“ -ზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას თურქეთის რესპუბლიკის ოკუპანტად მოხსენიების შესახებ. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„ასეთი განცხადებები არის არაკვალიფიციური, სახიფათო, საშიში, საბჭოთა არჩევნების აზროვნებაში ჩარჩენილი პოლიტიკოსების განცხადებები. ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინ დავძლიეთ. ასლან აბაშიძის მერე არავის გაუბედავს და არავის უკადრებია ჩვენთვის ამ ტიპის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პაატა ბურჭულაძისგან. აჭარლების ხსენება განცალკევებით საქართველოს სხვა ნაწილისგან, მათი დაკნინებულ მდგომარეობაში ჩაყენება და რიგი თანამდებობების ჩამონათვალი, თითქოს ამ თანამდებობებზე თუ არ არიან ბათუმში გაზრდილი, ამ კუთხეში დაბადებული და გაზრდილი ადამიანები, არის საშიში და პრობლემური აჭარისთვის. სახიფათოა ამ ტიპის განცხადებები პოლიტიკოსისგან.

გარდა ამისა, თარხან-მოურავისგან გუშინდელი განცხადებები, რომ ჩვენი პარტნიორი, ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი არის ოკუპენტი, არის არაკვალიფიციური. შეუძლებელია, რომ ქვეყანა იყოს ოკუპანტი, რომელთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ოკუპანტი არის რუსეთი.

ანტიმუსლიმური განცხადებებით, ის [დავით თარხან-მოურავი] აპირებს ამ ტიპის კამპანიის წარმოებას აჭარაში, ეს არის სახიფათო და რელიგიური შუღლისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამას ვამბობ მე, ადამიანი რომელიც დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ამ კუთხეში. მე მზრდიდა მაჰმადიანი ბებია, გავიზარდე ქრისტიანულ ოჯახში, ვარ საქართველოს რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და ცოტა მეტი ვიცი აჭარაზე, ვიდრე ამ ორმა ადამიანმა, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” სატელიტები და საკუთარი უცოდინრობით, დაკვეთით მოვლენილი არიან აქ არეულობისთვის. უნდა გავთავისუფლდეთ სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებისგან, არაპროფესიონალებისგან, სტერეოტიპული აზროვნებისგან და საბჭოთა მენტალიტეტისგან“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბუჭულაძემ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის კანდიდატების წარდგენისას აჭარაში ხელმღვანელ თანამდებობებზე არააჭარელი კადრების დანიშვნაზე ისაუბრა და ეს საკითხი შეაფასა, როგორც პრობლემა. მისი განმარტებით უნდა დაწინაურდნენ ადგილობრივი კადრები, რაც აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის მაგალითი იქნება.

„ … აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, აჭარელი არ არის არც აჭარის სუსის უფროსი, აჭარელი არ არის არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არც ბათუმის მერი, არც აჭარის მთავარი პროკურორი, აჭარის იუსტიციის სამინიტროსაც ხელმძღვანელობენ არა აჭარლები, მთავრობის თავმჯდომარც არ არის აჭარელი – რა ხდება კადრები არა გვყავს აჭარაში?“ – განაცხადა დღეს ბათუმში კანდიდატების წარდგენისას პაატა ბურჭულაძემ.

დავით თარხან-მოურავმა კი გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში თურქეთი საქართველოს მტრად და ოკუპანტად მოიხსენია.

გადაბეჭდვის წესი