მთავარი,სიახლეები

მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი

30.08.2016 • 2430
მოახლოებული  ბათუმობა  და ჩაშლილი ტენდერი

3-4 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ უნდა გაიმართოს. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს დღესასწაული უფრო ორგანიზებული იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო და „წინა წლებში დაშვებული შეცდომები გამოსწორდება“, თუმცა დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე ტენდერი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა, ბათუმის კულტურის ცენტრმა, „ბათუმობისთვის“ ორი ქუჩის მოსართავად აქსესუარების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა, არ შედგა.

წინასწარ დაანონსებული ღონისძიების დროზე ადრე დასრულება, ღონისძიებების განრიგის შეცვლა, გამოფენების დახურვა ქალაქის მერის ჩამოვლის შემდეგ, არაორგანიზებულობა და არასაკმარისი საინფორმაციო კამპანია – ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც გასულ წლებში „ბათუმობის“ ორგანიზატორებს საყვედურობდნენ. წელს მერია ამ ყველაფრის გამოსწორებას შეეცდება: „ამ გამოცდილებებს და ყველა იმ პრობლემას, რაც წინა ბათუმობაზე შეგვექმნა, გავითვალისწინებთ. წელს კარგად ვიმუშავეთ,“ – ამბობს ანა სიხარულიძე, ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ის ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია. წინა „ბათუმობის“ მთავარ პრობლემად ანა არასაკმარის საინფორმაციო კამპანიას ასახელებს. ის ამბობს, რომ ეს გამოსასწორებელ შეცდომათა ჩამონათვალშია, თუმცა „ბათუმობამდე“ ორ კვირაზე ნაკლები დროა, საინფორმაციო კამპანია კი ჯერ არ დაწყებულა.

„ბათუმობის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები კვლავ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩატარდება. იგეგმება ორი მთავარი კონცერტი: ანბანის კოშკთან ქართველი შემსრულებლებისა და ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით, ხოლო მეორე – ბათუმის კულტურის ცენტრში, სადაც მერი საპატიო ბათუმელებს დააჯილდოვებს. პარალელურად საბავშვო კონცერტი გაიმართება ბათუმის ექვსი მაისის პარკში.

მემედ აბაშიძის ქუჩა. ფოტო: ცაგო კახაბერიძე.

მემედ აბაშიძის ქუჩა.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, „აპოლოს“ მოპირდაპირე მხარეს გამოიფინება მერიის ფოტოკონკურსში – „ჩვენი ბათუმის“ გამარჯვებული ფოტოები. დაგეგმილია პოეტების საღამო. მოეწყობა რამდენიმე სახალხო ბაზრობა. ევროპის მოედანზე დაგეგმილია ასევე კულინარიული ფესტივალი. თოჯინების თეატრის აივანზე მოაწყობენ წარმოდგენას ბავშვებისთვის, საჯარო ბიბლიოთეკასთან კი წიგნების გამოფენა მოეწყობა. დაგეგმილია ქუჩების მოხატვა და სხვადასხვა გამოფენა; 3 სექტემბერს კულტურის ცენტრში დაგეგმილ „ბათუმურ შეხვედრებზე“ აჩვენებენ ბათუმზე და ბათუმში გადაღებულ ფილმებს.

ანა სიხარულიძის თქმით, „ამ შეხვედრაზე მოწვეულია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ბათუმზე ფილმების მომზადებაში. ესენი არიან: ნუგზარ ერგემლიძე, ალეკო ხომერიკი, რამაზ სურმანიძე, ჯემალ ღაღანიძე, ბაადურ წულაძე, იმედო კახიანი, ელგუჯა ბურდული, ვაჟა ტუღუში… შესრულდება გიო ნიკოლაძის „ახალი ბათუმი“, რომელიც არის კონკურსში გამარჯვებული სიმღერა ბათუმზე. მთავარ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი.“

„ბათუმობის“ მუსიკალური ორგანიზატორები არიან ნიკა წულუკიძე და ლაშა ღლონტი.

4 სექტემბერს კონცერტი ჩატარდება ანბანის კოშკთან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფი „ალილო“, „თეატრალური კვარტეტი“, ანრი ჯოხაძე, ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, მაკა ზამბახიძე, სოფო ხალვაში, „ნიკოლშოუ“ და კვარტეტი ბერიძეები. კონცერტს ჯგუფი „ბანი“ დაასრულებს.

წელს „ბათუმობის“ ორგანიზებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება. ბათუმის კულტურის ცენტრს ქუჩების მოსართავად საჭირო აქსესუარებზე ტენდერის გამოცხადება ხელმეორედ მოუწევს, რადგან ტენდერი არ შედგა. თუმცა როგორც კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი ამბობს, შეიძლება შესყიდვა პირდაპირი მოლაპარაკების წესითაც განახორციელონ.
ბათუმში კი ამ დღესასწაულთან მიმართებაში განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ და ასეთ განწყობას წინა წლების გამოცდილებით ხსნიან:

„ბათუმობა“ ვერ იქცა საზოგადოებრივ, საჯარო დღესასწაულად, როგორც დასავლურ ქვეყნებშია, საზოგადოება და ბიზნესსეგმენტიც ჩართულია დღესასწაულში, სახელმწიფოს მონაწილეობა კი ძირითადად ნებართვებით და სხვა ბიუროკრატიული საკითხებით შემოიფარგლება. ძირითადი აქცენტი ერთ ქუჩაზეა გადატანილი. ვიღაცის სახლი უნდა მორთონ რატომღაც, რომ იმ ქუჩაზე გქონდეს დღესასწაულის განცდა, სხვა ქუჩაზე ასეთი განცდა არ გექნება, თუ არ ჩავთვლით ბანერს, რომელსაც გამოკიდებენ.

ყველა ბათუმობაზე ძირითადად ერთი და იგივე ღონისძიებებია, არაფერი ახალი. მე ვფიქრობ, სხვადასხვა აქტივობაზე და ადგილობრივ ხელოვანებზე უნდა იყოს გათვლა და არ უნდა იყოს ტიპური საბჭოთა მარშები. თბილისობის დღესასწაულზეც მწვადისა და ხაშლამის მეტი არაფერი მინახია,

ძირითადი აქცენტი მხოლოდ ჭამაზეა და არა შემეცნებაზე,“ – ამბობს ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი.

„ბათუმობა“ დღესასწაულის განცდას ვერ უჩენს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტების კოორდინატორს მარი ზაქარაძესაც. ის ხედავს, რომ მერია „ძალიან ცდილობს, მაგრამ დღესასწაული მაინც არ ჰგავს დღესასწაულს და მას რაღაც აკლია.“ მარი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა მერიას ინტერაქტივზე ეფიქრა, რაც საზოგადოების მეტ ჩართულობას და თანამონაწილეობას განაპირობებდა: „მაგალითად, ინტერნეტგამოკითხვა რომ ჩაეტარებინათ იმაზე, თუ რა სურს ხალხს, რა მოლოდინები აქვს, ვის უნდა, რომ მოუსმინონ, თუნდაც კონცერტზე.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების“ ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, პრობლემის მოგვარების გზებს სპეციალისტების ჩართვაში ხედავს: „ორგანიზებაში სპეციალისტები უნდა ჩართონ ან მერიამ ღონისძიება ტენდერზე უნდა გაიტანოს. საქმის მცოდნეებისგან მივიღოთ წინადადებები, იქედან კი საუკეთესო შევარჩიოთ, ამ კომისიამ კი მის განხორციელებას გაუწიოს კონტროლი.“

შენიშვნა: სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელების“ 22 აგვისტოს ნომერში.

ამავე თემაზე:

ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: