მთავარი,სიახლეები

აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება

28.08.2016 • 1952
აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება

აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების [სულ 464 ძირი] შემდეგი სახეობები:

ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 229 ინდივიდი;
კაკლის ხე (Juglans regia L.) – 27 ინდივიდი;
კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 197 ინდივიდი;
უთხოვარი (Taxus baccata L.) – 2 ინდივიდი;
მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 9 ინდივიდი.

დაახლოებით ორი თვის წინ, იმავე მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება აჭარის ტერიტორიაზე „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე ამოეღო.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ; ამასთან, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: