მთავარი,სიახლეები

ფარულად გადაღებული სექსის კადრები გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა

27.08.2016 • 3199
ფარულად გადაღებული სექსის კადრები გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა

სექსუალური ხასიათის მასალის ხელყოფის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მამაკაცს უკვე დაუსვა კითხვა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

ბრალდებული გურამ მ. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. მას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების ხელყოფის გარდა პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. გამოძიების ვერსიის მიხედვით, ბრალდებულმა ჩუმად გადაიღო სალომე დ.-ს ინტიმური ურთიერთობა და დისკზე ჩაწერილი ელექტრონული მასალა სალომეს მშობლებს სხვა პირის დახმარებით გადაუგზავნა. გოგომ მიმდინარე წლის 9 მარტს ზღვაში თავის დახრჩობა სცადა.

„ბრალდებულის მოქმედებამ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა დაზარალებული, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და შეულახა ღირსება…” – ამოიკითხა მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების ჩანაწერიდან. პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საქმეზე არაერთი მოწმე დაიკითხება და წარდგენილი ბრალი დადასტურდება.

„წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია. მტკიცებულებები არის ფალსიფიცირებული და გაზვიადებული,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

მომდევნო სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყება. წინასასამართლო სხდომას დაზარალებული და მისი ახლობლები არ დასწრებიან. საქმის დეტალებზე „ბათუმელებს” ინფორმაცია არ მიაწოდა ადვოკატმა რამინ პაპიძემ და პროკურატურამ.

წინასასამართლო სხდომაზე არ გაჟღერებულა, რა იყო სავარაუდო ამ ვიდეოჩანაწერების გოგოს მშობლებისთვის გადაცემის მოტივი.
გურამ მ. წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ვიდრე ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა, მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა მას განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანა თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა კი, ჯარიმით ისჯება, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ეფექტური გამოძიების წარმოება პრობლემაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში~ მიიჩნევენ, რომ დანაშაულის გამოვლენის ერთადერთი რეალური გზა მაინც გამოძიებასთან თანამშრომლობაა: „თუ ფიზიკურ იძულებასთან გვაქვს საქმე, არსებობს შანსი იმისა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდეს სამართალდამცავებისთვის სხვადასხვა გზით, მაგრამ თუ ფსიქიკურ იძულებასთან გვაქვს საქმე, მაშინ დანაშაულის გამოვლენა რთულდება. მთავარია, დაზარალებულმა გადალახოს შინაგანი წინაღობა, დაძლიოს ფსიქიკური ზეწოლა და ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება დაუსრულებელ პროცესად იქცეს ისევ დაზარალებულებისათვის. თვითმკვლელობამდე მიყვანის წინაპირობა უმრავლეს შემთხვევაში ძალადობაა, რომელსაც დასასრული არ უჩანს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: