სიახლეები

შსს: ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

26.08.2016 • 1802
შსს: ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გუშინ ღამით, 1995 წელს დაბადებული ა.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში დაჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.გ. , რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ა.ტ.-ს შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელის არეში დაიჭრა.

ამ დროისთვის პოლიციელისა და ორი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

ამავე თემაზე: ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი 

გადაბეჭდვის წესი