მთავარი,სიახლეები

როგორ იძიებს სახელმწიფო პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევებს

25.08.2016 • 2054
როგორ იძიებს სახელმწიფო პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევებს

„დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – ეს 22 წლის დემურ სტურუას ბოლო სიტყვებია, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის მიხედვით, ის პოლიციელმა სცემა და აიძულებდა ეთქვა, ვის ჰქონდა დათესილი სხვადასხვა სოფელში მარიხუანა. გამოძიება დაწყებულია პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორ სრულდება პოლიციელთა წინააღმდეგ დაწყებული საქმეების გამოძიება? – „ბათუმელებმა“ რომან იაკობაძის ისტორია გაიხსენა.

რომანი 2013 წელს მოძალადე პოლიციელებს ადიგენიდან გამოექცა და ბათუმში ფეხით ჩამოვიდა. გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სამაგიეროდ, პოლიციელი, ვის წინააღმდეგადაც საქმე აღძრულია, იმ უწყებაში გადაიყვანეს, რომელიც პოლიციელის ბრალეულობას იძიებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.

2013 წელს ადიგენიდან ბათუმში ჩამოსული რომან იაკობაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ რამდენიმე პოლიციელი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მეზობელ სოფელში მცხოვრები ნათესავის, ოთარ ბერიძის ბოსელში იარაღის ჩადებას აიძულებდა. ოთარ ბერიძე მეორე დღესვე რომანის სმს-ს შეტყობინების, „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე დააკავეს. ადიგენის პოლიციამ რამდენიმე დღეში ოთარ ბერიძე გაათავისუფლა და რომან იაკობაძეს აიძულა იმის დაწერა, რომ „აღმოჩენილი“ იარაღი მას ეკუთვნოდა. ბათუმში გამოქცევამდე რომანს უთხრეს, რომ პოლიციაში დაიბარებდნენ და დააკავებდნენ: „თუ არ ჩაგვიშვებ, ორ-სამ დღეში გამოგიყვანთ, თუ ჩაგვიშვებ, რვა წელს გაგიცოცხლებთ… ან ციხეში მოგკლავთ, ან გარეთო,“ – ყვებოდა რომან იაკობაძე, რომელიც მანამდე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და გათავისუფლებული რვაწლიანი პირობითი სასჯელით. საჯარო განცხადების შემდეგ რომან იაკობაძეს ბრალი მოუხსნეს და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა. მაშინვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება ადიგენის პოლიციის სამართალდამცველების წინააღმდეგ დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით.

„არ აწყობდათ და ალბათ, ამიტომ არ გამოიძიეს,“ – ამბობს დღეს რომან იაკობაძე. ის თბილისში არაერთხელ ჩასულა და ადვოკატთან ერთად გამოძიებისთვის ჩვენება მიუცია. გვიყვება, რომ იმდროინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსაც შეხვდა, რომელიც ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა. რომანი დღეს ქუჩაშიც ხვდება პოლიციელებს, ვინც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ: „ისევ პოლიციელების ფორმაში არიან, თვალს მარიდებენ, როცა სადმე, ქუჩაში მხვდებიან… პროკურატურისგან ერთი წერილი გასული წლის შემოდგომაზე მივიღე, მეორე – გაზაფხულზე. ორივეში ერთი და იგივე ეწერა – მიმდინარეობს გამოძიებაო. მეტი პასუხი აღარ მოსულა“.

დასრულდა თუ არა ადიგენის პოლიციელების სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეზე დაწყებული გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელების“ შეკითხვას არ უპასუხა. უწყებაში არც ის გვითხრეს, სად მუშაობენ პოლიციელები, ვისაც რომან იკობაძე ძალადობას ედავებოდა. „გამოძიება რომ დასრულებულიყო, ამის შესახებ აუცილებლად აცნობებდნენ მხარეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს და ზედამხედველობს პროკურატურა“, – ამბობს რომანის ადვოკატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რევაზ რევაზიშვილი. მისი ინფორმაციით, პოლიციელები, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდნენ, პოლიციის სისტემაში განაგრძობენ მუშაობას.

ადიგენის პოლიციის მაღალჩინოსანი აკაკი ფხიკიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც რომან იაკობაძე ამხელდა. ის ადიგენის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა 2013 წელს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფხიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაიყვანეს, ანუ გამოდის, რომ აკაკი ფხიკიძემ საკუთარი და თავისი ყოფილი კოლეგების სავარაუდო დანაშაული უნდა გამოიძიოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს აფარებს პოლიციელებს. ფაქტია, რომ ასეა…“ – ამბობს ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი: „საგამოძიებო ორგანოები არ იჩენენ სათანადო ინტერესს და ნებას, რომ ამ ტიპის საქმეები გამოიძიონ. აშკარად ჩანს, რომ ამ დროს სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, ოღონდაც პროცესი გაიწელოს. პოლიციაში არსებობს დაუსჯელობის განცდა და განზოგადდა კიდეც ეს მიდგომა“.

ადიგენის პოლიციის უფროსად 2013 წელს გელა კოხოძე მუშაობდა. ამ შემთხვევის შემდეგ იგი აბასთუმნის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დეტექტივ-გამომძიებლად. 2015 წელს ის სოფელ მოხეში ახალგახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დანიშნეს და დღემდე იქ მუშაობს. გელა კოხოძის დანიშვნა მაშინ გააპროტესტა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, გელა კოხოძე უშუალოდ მონაწილეობდა 2013 წელს ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს პოლიციელთა მხრიდან მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებაში, ასევე 2014 წელს სოფელ მოხეში კულტურის სახლის ყოფილი შენობის გამო მომხდარ დაპირისპირებაში.

რომან იაკობაძე მუქარაზე საუბრის დროს კიდევ ორ პოლიციელს ასახელებს – ლევან აბულაძეს და შმაგი იაკობაძეს. ლევან აბულაძე 2013 წელს ადიგენის პოლიციის გამომძიებლად მუშაობდა. ამჟამად ის აბასთუმნის პოლიციაშია იმავე პოზიციით. შმაგი იაკობაძე კი, რომან იაკობაძის თქმით, ისევ ადიგენის პოლიციის უბნის რწმუნებულად მუშაობს.

„ეს არის სისტემური მიდგომა და როცა დემურ სტურუამ სამტრედიაში მოიკლა თავი, ესეც ამ სისტემის ლოგიკური შედეგია,“ – ამბობს ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოიმატა მომართვიანობის მაჩვენებელმა საქმეებზე, სადაც ადამიანები პოლიციელთა ძალადობაზე საუბრობენ. იურისტი მიიჩნევს, რომ ბევრი საქმე ადვოკატებთანაც არ მიდის და იჩქმალება, რადგან საზოგადოების ნაწილს არ აქვს ობიექტური გამოძიების მოლოდინი: „რთული წარმოსადგენია, რომ იგივე აღარ მოხდება, ვიდრე ადეკვატურ რეაგირებას არ დავინახავთ. გარედან იგრძნობა დამოკიდებულება – თუკი დაისჯება პოლიციელი, ამით პოლიციის რეპუტაცია შეილახება. არადა, პირიქით არის. რატომ ხდება ასე? ვერაფერს გეტყვით…“

წლების განმავლობაში პოლიციელთა მხრიდან გამოჩენილი არაერთი ძალადობის მიუხედავად, პარლამენტმა კანონმდებლობის შეცვლა ამ კუთხით ვერ მოახერხა. ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე: „გეთანხმებით, რომ ბევრი რამ ვერ მოვასწარით, არსებობს შესაძლებლობების ზღვარი, ჩემი კომიტეტი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობდა. მაგალითად, პოლიციის შესახებ ახალი კანონი მივიღეთ, ესეც ხომ მნიშვნელოვანი იყო?“

კამპანია „ეს შენ გეხებას ფარგლებში~ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულის შესასწავლად ცალკე საგამოძიებო სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მხოლოდ პარლამენტთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული. კანონპროექტი დაახლოებით ერთი წლის წინ შემუშავდა, მაგრამ მასზე პარლამენტს ჯერ არ უმსჯელია.

„რომ შევქმნათ ცალკე საგამოძიებო სამსახური და მერე ამ სამსახურის თანამშრომელმა ჩაიდინოს დანაშაული, ეს ვინ უნდა გამოიძიოს?… ასე მარტივი არ არის,“ – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ. ამბობს, რომ ცალკე საგამოძიებო ორგანოს შექმნას მხარს დაუჭერს, თუკი ის კონკრეტულად სავარაუდო წამების ფაქტებს შეისწავლის. კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა, პარლამენტში არ დარეგისტრირებულა. ავტორები ამბობენ, რომ შეტანას აზრი არ ჰქონდა, რადგან გასაუბრების დროს იდეის მხარდამჭერი დეპუტატები ვერ იპოვეს.

გურამ იმნაძე, `ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის~ იურისტი: „ურთიერთდამოკიდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის ძალიან დიდია, რეალურად შეუძლებელია პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიება პროკურატურის მხრიდან. პარლამენტის ცალკეული წევრები ამ ხედვას იზიარებდნენ ჩვენთან შეხვედრების დროს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავეს. იმედია, ამ კანონპროექტის გააქტიურებას ახალი მოწვევის პარლამენტში შევძლებთ“.

გურამ იმნაძე სამტრედიაში დაღუპული დემურ სტურუას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირების ინტერესებს იცავს: „ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება და იკითხებიან მნიშვნელოვანი მოწმეები. ამ საქმეზე ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით…“

12 აგვისტოს სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ 38-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა „ძალადობრივი“ პოლიციური სისტემის და „მკვლელი~ ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოება იკრიბება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ძალადობრივი სისტემის შეცვლა აიძულოს.

ამავე თემაზე:

ონისე იაკობაძე: „ჩემი შვილი იმ პოლიციამ დააკავა, ვინც მოკვლით ემუქრებოდა“

ადვოკატი: პოლიციელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობდნენ იაკობაძეზე, დაკითხული არიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: