სიახლეები

ბავშვები და დიაბეტი

30.05.2012 • 5061
ბავშვები და დიაბეტი

2011 წელს ბავშვებს შორის დიაბეტის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ დიდი ციფრია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ წლებში ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 40-45-ს არ აღემატებოდა. „საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაში” აცხადებენ, რომ მათი კვლევების თანახმად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დიაბეტიანი ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 14 პროცენტით გაიზარდა.

თბილისში, პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში, სადაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს მკურნალობენ, დიაბეტური სკოლაა. ამ სკოლაში მშობლებსა და მოზრდილ ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ მას შემდეგ, რაც დიაბეტი აღმოაჩნდათ, როგორ უნდა გაიკეთონ ინსულინი, გამოიყენონ შაქრის საზომი აპარატი, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში და ასე შემდეგ. ასეთი სახის განათლებას განსაკუთრებით ის ბავშვები და მათი მშობლები საჭიროებენ, რომლებსაც ახლა აღმოაჩნდათ დიაბეტი. მსგავსი დიაბეტური სკოლა რამდენიმე წლის წინ ბათუმშიც იყო და ქუთაისშიც, მაგრამ ახლა, იმისათვის, რომ დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება მიიღონ, მშობლებს შვილებთან ერთად თბილისში უწევთ წასვლა.

დღეისათვის საქართველოში 0-18 წლამდე პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე 548 ბავშვი ცხოვრობს, 40 მათგანი აჭარის რეგიონიდანაა. სტატისტიკას საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია 1990 წლიდან აწარმოებს. აქ ამბობენ, რომ ბოლო ხანს ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. „ასეთივე ტენდენცია აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი პროგნოზით 2015-2020 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი დიაბეტით დაავადებულ ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს, 2011 წელს უკვე აღირიცხება 335 მილიონი. ეს სტატისტიკის კატასტროფული მატებაა. პრაქტიკულად საუბარია ეპიდემიაზე, რადგან ითვლება, რომ ასეთი სწრაფი მატება ეპიდემიის ხასიათს ღებულობს”, – ამბობს საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი კობა ამირხანაშვილი.

რა იწვევს ბავშვებში დიაბეტს და რა არის პირველი ნიშნები, რამაც მშობელი უნდა დააფიქროს – მის შვილს დიაბეტი ხომ არა აქვს? შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სტატისტიკის თანახმად, დიაბეტის გავრცელება არ უკავშირდება ქვეყნის სოციალური განვითარების დონეს. მეტიც, კობა ამირხანაშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ დიაბეტის შემთხვევათა ყველაზე მაღალი პროცენტული მატება სწორედ განვითარებულ ქვეყნებშია: „მაგალითად, სკანდივანიის ქვეყნებში, სადაც განვითარებული სოციალიზმია და ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს. გაჭირვება და პოლიტიკური არასტაბილურობა არ არის მთავარი გამომწვევი მიზეზი, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა. უახლეს წარსულში, როცა ომი და არეულობა იყო, იმ რეგიონებში, სადაც ეს ხდებოდა, ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება დიაბეტის სიმპტომებს – როცა ბავშვი იწყებს ჭარბი წყლის მოხმარებას, ხშირად აწუხებს წყურვილის გრძნობა და წონაში იკლებს, მშობელმა მომენტალურად უნდა მიმართოს ექიმს, რათა გაუზომონ შაქარი. ეს არის დიაბეტის პირველი სიმპტომი ბავშვებში და უფროსებშიც”. რაც შეეხება მემკვიდრეობით ფაქტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეს ფაქტორი ნაკლებადმნიშვნელოვანი ხდება, თუ ბავშვი (ისევე როგორც მოზრდილი ადამიანი) აკონტროლებს წონას და ფიზიკურად აქტიურია.

ენდოკრინოლოგი ნანა საყვარელიძე, რომელიც რამდენიმე წელია მონაწილეობს ბათუმის მერიის პროგრამაში „ბავშვთა ავადობის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში”, „ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით ჭარბწონიანობა სულ უფრო მეტ ბავშვს აღენიშნება. ნანა საყვარელიძე: „ადრე მიიჩნეოდა, რომ მსუქანი ბავშვი ჯანმრთელს ნიშნავდა და სიმსუქნე კარგი იყო. ეს დღემდე გრძელდება.

„ის, რომ 2 წლის ბავშვი არის 17 კილო და მშობელს ეს უხარია, მშობლის არაინფორმირებულობაზე მეტყველებს. არიან მშობლები, რომლებსაც ჰყავთ 80-100 კილოგრამის წონის მქონე შვილები და არ ფიქრობენ ამ საკითხზე. ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს რა არის სიმსუქნე, მაგრამ მშობელმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს”.

კობა ამირხანაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ წონის კონტროლი დიაბეტის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა: „ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 40-41 გრამ ინსულინს გამოიმუშავებს, რაც 24 საათის განმავლობაში ყველას სახის საკვების, დაახლოებით 2 400-2 500 კალორიის გადასამუშავებლადაა საჭირო. როგორც კი ორგანიზმს მიაწვდი 5 ათას და მეტ კალორიას, გადაუმუშავებელი საკვები, რომელისაც ინსულინი ვერ დაწვავს, ლაგდება ცხიმის სახით, ეს არის ადამიანისთვის დამღუპველი, ამიტომ მშობლებს ვთხოვ, აკონტროლონ ბავშვის წონა”.

საქართველოში დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. პროგრამები უზრუნველყოფენ ინსულინდამოკიდებული პაციენტის ამბულატორიულ, სტაციონარულ და მედიკამენტოზურ მომსახურებას, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც იჩენს თავს. კობა ამირხანაშვილი: „უმწეოთა ვაუჩერები, რომელთაც ურიგებენ მოსახლეობას, ძალიან კარგია, მაგრამ წელს ათეულობით შემთხვევა გვქონდა, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ არ აფინანსებს დიაბეტის მკურნალობას და ეს იმ დროს, როცა ბავშვი წევს რეანიმაციაში. როდის უნდა დასჭირდეს ბავშვს სადაზღვევო პოლისი, თუ არა დიაბეტის გამოვლენის შემთხვევაში? ამ დროს ამ დაავადებას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ პოლისის პირობებში კანონი პროგრამით მკურნალობას არ ითვალისწინებს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ამის გამო ლამის ბავშვი დაგვეღუპა. არაერთხელ მქონია საუბარი ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ალბათ სახელმწიფო უფრო მკაცრად უნდა ჩაერიოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: