მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

19.08.2016 • 2444
ბათუმის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

ბათუმის მერიამ ნაძის ხისა და სხვა საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ახალი, მწვანე ნაძვის ხის სიმაღე მინიმუმ 22 მეტრი უნდა იყოს, დიამეტრი კი – მინიმუმ 11.

შეგახსენებთ, რომ იმ ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი. 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. 2015 წელს კი ნაძვის ხის ძველი კარკასი ახალი ვერცხლისფერი გირლანდებით გააფორმეს.

ტენდერის პირობების თანახმად, ბათუმის ახალ ნაძვის ხეს 6 სხვადასხვა სახის აქსესუარი უნდა ამშვენებდეს: 42000 ლედ ნათურა, 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი ბურთი, 186  წითელი და ლურჯი კონუსის ფორმის სათამაშო, 180 წითელი ბაფთა, 124 მეტი სიგრძის წითელი გირლანდა და ერთი  1.2 მეტი სიგრძის ოქროსფერი ვარსკვლავი კენწეროზე.

საშობაო–საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის 8 სხვადასხვა სახის აქსესუარის დამზადება იგეგმება, რომელთა რაოდენობა სულ 143 ცალი უნდა იყოს. აქსესუარები განთავსდება ერას მოედანზე, შინდისის გმირების სკვერში, საბაგიროსთან, ანბანის კოშკისა და იუსტისიიც სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროპორტის ახალ გზასა და თამარ მეფის გზატკეცილზე. ასევე, მ. აბაშიძის გამძირზე, კაჩინსკების, შ. ხიმშიაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.

შესყიდვის ღირებულება 277 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.

ტენდერი 6 სექტემდრამდე გაგრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: