მთავარი,სიახლეები

ძალადობის წრეში ჩაკეტილი ბავშვები

19.08.2016 • 2767
ძალადობის წრეში ჩაკეტილი ბავშვები

18 ივლისს, დილით, ქობულეთის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში სატელეფონო შეტყობინება შევიდა. ბაღის დირექტორი იტყობინებოდა, რომ 6 წლის გიორგი [სახელი შეცვლილია] დედამ სასტიკად ნაცემი დატოვა ბაღში. სოციალური მუშაკი, თამარ ღუნიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვი მას დალურჯებული დახვდა. იმავე სოციალურმა მუშაკმა ქობულეთში ხუთი თვის წინ სხვა საბავშვო ბაღში ნაცემი გოჩა მ. ნახა. ის მამამ სცემა. 4 წლის ბიჭის ცემაში მხილებულ მამას სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა. 31 აგვისტოს შვილზე ძალადობაში ბრალდებული დედის სასამართლო პროცესი გაიმართება. ორივე შემთხვევაში მეზობლების პოზიცია ურყევია – შვილის ცემისთვის მშობელი არ უნდა დაისაჯოს.

დედას შვილები სამი თვით ჩამოართვეს

„სახის გარდა, თითქმის მთელ სხეულზე ბავშვს სისხლჩაქცევები ჰქონდა. კისერზეც აღენიშნებოდა ხელის კვალი,“ – გვიყვება სოცმუშაკი თამარ ღუნიაშვილი.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახე და პოლიცია. ექიმებმა დაწერეს, რომ სისხლჩაქცევები ბავშვს სავარაუდოდ ხელის მრავალჯერადი დარტყმისგან ჰქონდა მიყენებული… ოჯახი ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობს და მაშინვე ვნახეთ დედა. მან პოლიციასთან აღიარა, ბავშვი ვცემეო. ირწმუნებოდა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ, აღელვების გამო მოუვიდა. ადგილზე ძალიან მძიმე მოცემულობა დამხვდა. სახლში არ შედის წყალი, არ არსებობს აბაზანა. ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მეზობლებმა დამიდასტურეს, რომ ბავშვებს დედა ხშირად სცემდა, თუმცა მათ იგივე არ უთხრეს გამოძიებას.

მეზობლებმა მითხრეს ისიც, რომ ორ მცირეწლოვან შვილს ხშირად დედა მარტო ტოვებდა სახლში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე მცირეწლოვანი დროებით მინდობით სხვა ოჯახში გადაგვეყვანა, ვიდრე ვითარება არ შეიცვლება“ – ამბობს სოცმუშაკი.

შვილზე ძალადობაში ბრალდებული ზაირა (სახელი შეცვლილია) 25 წლისაა. სოციალურმა მუშაკებმა ნაცემ ბავშვთან ერთად, მისი მეორე შვილიც – 4 წლის ბიჭი, როგორც ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი, წაიყვანეს. ბავშვები სამი თვით სხვა ოჯახში იცხოვრებენ.
ამ ოჯახებს სოციალური მომსახურების სააგენტო თვეში თითო ბავშვზე 410 ლარს გადაუხდის. სამი თვის შემდეგ სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია თუ არა ბავშვების დაბრუნება დედასთან, რომელიც ამჟამად სააგენტოს ფსიქოლოგთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. „ის ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა, რომ ჩვენ მისთვის ბავშვები არ წაგვირთმევია. იმედია, გამოგვივა თანამშრომლობა. ვთხოვეთ ქობულეთის გამგეობასაც, რომ ამ სამ თვეში მინიმალური პირობები შეიქმნას ბავშვების ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი სოციალური მუშაკი.

ბავშვების მამა ამჟამად თურქეთში მუშაობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ფულადი დახმარების გარდა ოთხივე წევრი უფასო სასადილოთი სარგებლობს. ოჯახი დაახლოებით ორი წლის წინ გადმოსულა საცხოვრებლად ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში მაღალმთიანი სოფლიდან.

ბავშვების დედა თავდაპირველად გასაუბრებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით უარი გვითხრა.

ზაირას, როგორც სოციალურად დაუცველს, სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრი იცავს. ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ გვითხრა, რომ ამ საქმეზე უკვე მიღწეულია შეთანხმება პროკურატურასთან: „რადგანაც დედა აღიარებს დანაშაულს, საპროცესო გარიგება შედგება დიდი ალბათობით. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ვადით დაენიშნება მას პირობითი მსჯავრი“.

„ჩვენ მხოლოდ ორი თხოვნა მივიღეთ და ორივე დაკმაყოფილდა – ეს იყო უფასო სასადილოთი სარგებლობა და ბუნებრივი აირის შეყვანა,“ – გვითხრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.

ქობულეთში მდებარე ამ სახლში მცხოვრები ბავშვები სახელმწიფომ დროებით სხვა ოჯახში გადაიყვანა. ჯაბა ანანიძის ფოტო

ქობულეთში მდებარე ამ სახლში მცხოვრები ბავშვები სახელმწიფომ დროებით სხვა ოჯახში გადაიყვანა. ჯაბა ანანიძის ფოტო

რას ყვებიან მეზობლები

„აქეთ ცხოვრობენ,“ – მიგვასწავლეს 6 წლის გიორგის ოჯახი ბავშვებმა, სტადიონზე ფეხბურთს რომ თამაშობდნენ. ერთოთახიანი, პატარა სახლის ხის ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა. ეზოში რამდენიმე ქათამი წიწკნიდა ბალახს. სახლიდან არავინ გამოგვეხმაურა. ჭიშკრის გვერდით დაკეტილი ონკანიდან წყალი მოწვეთავს. ონკანთან პატარა მაგიდა დგას. ზედ ტაშტი დევს ჩაბრუნებული და ფერადყვავილებიანი ჭიქა. იქვე, მავთულის ღობეზე, პატარა ბიჭის ტანსაცმელია გადმოფენილი.

გაიგეს თუ არა, რომ ჟურნალისტი მოვიდა, მეზობლები გარეთ გამოვიდნენ. მათი აზრით, შვილის ცემა მისაღებია, მაგრამ `ასე სასტიკადაც არ შეიძლება~. „დედა არ უნდა დაისაჯოს შვილის ცემისთვის, დედაა მაინც,“ – ამბობენ 6 წლის გიორგის მეზობლები.
„გაფრთხილება მისცენ, ხომ შეიძლება? აბა, დედის ციხეში ჩასმა ვის გაუგია შვილის ცემისთვის. ყველა ვუცემივართ მშობლებს. ჩვენც ასე ვზრდით შვილებს. ყურის აწევა და ხელის წამოკვრა როგორ არ უნდა შეიძლებოდეს… მე პირადად არ მინახავს ამ ქალს შვილები გაელახოს. ცალკე ცხოვრობენ, თავისთვის,“ – გვიყვება გია, ერთ-ერთი მეზობელი.

ნოდარი, მეზობელი: „სამი თვით რომ წაიყვანეს, ეს კარგია… დაფიქრდება. დედის დასჯას არ ვეთანხმები. არაა ახლა ეს დანაშაული, რა ვიცი. ახალი მეზობლები არიან და დიდად ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ რომ დამენახა ცემისგან დალურჯებული ბავშვი, ან ხმა გამეგონა, ასეთს ვერ ვიხსენებ“.

ნაზი: „მე ზაირას ყველაზე ახლოს მყოფი მეზობელი ვარ. გამოძიებას ჩვენებაც მივეცი და ვუთხარი, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო. მაგის მერე სულ ტირის, ნეტა, ეს ხელები რატომ არ მომტყდებაო. მეცოდება. იმედია, მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ და დაუბრუნებენ ბავშვებს… მე სულ სახლში ვარ, ეზოში ვზივარ და არ მინახავს ცემის სხვა შემთხვევა. ბავშვს შეიძლება ყურზე მოქაჩო, რაღაცნაირი დასჯა ხომაა საჭირო? მაგრამ ასე უმოწყალოდაც არ შეიძლება“.

„დღეს ძაღლებს და ცხოველებს აღარ ეპყრობიან ასე. უნდა დაისაჯოს, ჩემი აზრით. სახელს და გვარს ვერ გეტყვი, კონფლიქტი მქონდა მაგ ოჯახთან და სხვანაირად ჩამეთვლება“.

ჯაბა ანანიძის ფოტო

ჯაბა ანანიძის ფოტო

ძალადობის წრე, რომლის გარღვევაც რთულია

„ესაა მაგიური წრე, რომლის გარღვევაც ძალიან რთულია,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, როცა მას მეზობლების არგუმენტების შესახებ ვუამბეთ. ფსიქოლოგი „წრის გარღვევის“ პირველ ნაბიჯად კანონის გამკაცრებას მიიჩნევს:

„როცა საზოგადოების მორალური განვითარება ვერ მიდის იქამდე, რომ ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია, კანონი უნდა გამკაცრდეს, თუმცა ცალსახად დასჯაც ვერ მოგვცემს შედეგს. უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები მშობლებისთვის და ინფორმირების ხარისხი უნდა გაიზაროს. ჯერ კიდევ კარგად მუშაობს სტერეოტიპი, რომ თუ სჯი ბავშვს, ეს აღკვეთს რთულ ქცევას. შესაძლოა ამ გზით ნამდვილად აღკვეთო რთული ქცევა, რადგან ბავშვი ჩერდება შიშის ფაქტორის გამო, მაგრამ ეს ანგრევს ბავშვის ფსიქოლოგიას და მას განვითარების საშუალებას აღარ აძლევს. ხშირად მოძალადე მშობელი თავადაც ძალადობის მსხვერპლია. ჯერ კიდევ მყარად მუშაობს სტერეოტიპიც, რომ დედა სცემს საკუთარ შვილს და არა სხვა ვინმე და მე რა მესაქმება. საზოგადოება ასევე თვლის, რომ უსამართლობაა, თუკი ამის გამო ვინმეს დასჯიან. ხშირად ამ გაუაზრებელი მიდგომებისა და მავნე სტერეოტიპების „განტევების ვაცია“ ბავშვი“.

ფსიქოლოგს ასევე ვკითხეთ, რა შემთხვევაში ვიღებთ მოძალადე მშობელს: „სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. ძირითადად ეს არის ემოციების რეგულირების პრობლემა, როცა ადამიანები უკიდურესად ბრაზდებიან, ან უმწეოდ გრძნობენ თავს, იწყებენ მოქმედებას ინსტიქტურად და აგრესია გადააქვთ მასზე, ვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვს. ამ შემთხვევაში, რაც თქვენ აღმიწერეთ, დიდი ალბათობით მძიმე სოციალურ პირობებს ვეღარ გაუმკლავდა დედა და „განტევების ვაცად~ შვილი აქცია. ბავშვს მოუწია პასუხი ეგო იმ მდგომარეობაზე, რაშიც ოჯახი იყო.“

სახელმწიფო და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები

„ჩვენი მიზანი არ არის ოჯახის დანგრევა. ვეცდებით, ბავშვი დაუბრუნდეს ოჯახს, თუკი დედა საკუთარ პასუხისმგებლობას გაიაზრებს“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი. მას ვკითხეთ, ჩანს თუ არა სახელმწიფო რეაგირების სისუსტე, როცა წელს მხოლოდ ქობულეთში მოძალადე მშობლის სასამართლო განხილვების შემდეგ, ბავშვზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა: „კიდევ მოხდება“ – გვიპასუხა ნინო ცეცხლაძემ: „იცით, ამას დრო სჭირდება. თითოეულ ოჯახს ჩვენ ერთად უნდა გავაგებინოთ, რომ ასე არ შეიძლება, უნდა ჩავახედოთ მშობლებს მათი პატარა შვილების გულებში“.

ქობულეთის სოცმუშაკი თამარ ღუნიაშვილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რეაგირება არასაკმარისია: „უნდა იყოს უფრო მასობრივი ღონისძიება, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ პრობლემა. მხოლოდ კანონის გამკაცრება არაა საკმარისი. შესაძლოა, ამ გზით დაიმალოს დანაშაული და ის კიდევ უფრო მიჩქმალოს საზოგადოებამ.“

„შედეგის მიღწევა რამდენიმე წელიწადში შეუძლებელია. უნდა შეიცვალოს ფონი, ახალი თაობა უნდა გაიზარდოს,“ – მიაჩნია ქეთი მელიქაძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელს:

„2013 წლის კვლევის მიხედვით, მაღალია საზოგადოების მიმღებლობა ბავშვთა ძალადობაზე. ამის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა, გადამზადდნენ სპეციალისტები, ვისაც შემხებლობა აქვთ ბავშვებთან: მასწავლებლები, მანდატურები, ექიმები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები… თუმცა ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფოს ჯერჯერობით ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი ამ მიმართულებით არ შეუქმნია. არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლითაც გვაგებინებს ხელისუფლება, თუ რა კეთდება ბავშვზე ძალადობის კუთხით. დღეს მთავარია სერვისების განვითარება და სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. ვფიქრობ, რომ ჯადოსნური წრე, პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა გაარღვიონ“.

ბავშვზე ძალადობა საქართველოში – UNICEF -ის კვლევის შედეგები

UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებულ ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ეროვნული კვლევის თანახმად რეგიონების მიხედვით, აჭარასა (70%) და სამცხე-ჯავახეთში (69%) ყველაზე მაღალია ბავშვის მკაცრი აღზრდის მომხრეთა რიცხვი. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების 63%-ს მიაჩნია, რომ ბავშვი თავის მშობლებს ეკუთვნის და მხოლოდ მათ შეუძლიათ ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. ამ მოსაზრების მხარდამჭერთაგან ნახევარი მიიჩნევს, რომ ბავშვი ოჯახში უნდა დარჩეს მაშინაც კი, როდესაც ოჯახში ძალადობას აქვს ადგილი.

ამავე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია.

ბავშვებზე ძალადობა და კანონი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 222 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 წელს – 474, ხოლო 2014 წელს – 247.

ბავშვზე ძალადობა ისჯება „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით. ამ კანონის 126-ე მუხლის პრიმა ერთი მუხლის მე¬ორე ნაწილი არასრულწლოვანზე მოძალადის დასჯას ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლ¬ების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

ამავე თემაზე:

სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის

ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: