cms-image-000050593

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე არაერთი წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არავის აწუხებს, გარდა სპორტსმენებისა, რომლებმაც დასახმარებლად გაზეთ „ბათუმელებს“ მომართეს. სპორტსმენებს ასევე აინტერესებთ რამდენი თანხა გამოიყოფა მათთვის და რამდენი ხმარდება მათ.

რატომ არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში ელექტროენერგია სპორტდარბაზს? – ამ საკითხით და იმით, თუ რამდენი თანხაა გამოყოფილი ძალოსნობის ფედერაციის დარბაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ზოგადად, სპორტის ამ სახეობისთვის, „გაზეთი ბათუმელები“ დაინტერესდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ზუსტად 25 დღის წინ გამოვითხოვეთ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციები. სამინისტრომ „ბათუმელების“ წერილი გადაამისამართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში. ამ დეპარტამენტმა, როგორც ჩანს, თავის მხრივ, წერილი გადაუგზავნა აჭარის ძალოსნობის ფედერაციას, საიდანაც რედაქციას აცნობეს, რომ: „დაბა ჩაქვში არსებული შენობა-ნაგებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და აქედან გამომდინარე ვერ ხერხდება დენის მრიცხველის დამონტაჟება და შენობის შეკეთება~. წერილს ხელს აწერს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩის #17-ში არსებული შენობა-ნაგებობა მათ ბალანსზე არ ირიცხება და არც არასდროს ირიცხებოდა. მათგან ასევე შევიტყვეთ, რომ ქონებას, სავარაუდოდ, განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„ბათუმელებმა“ ამ უკანასკნელთანაც სცადა გაერკვია 21-ე საუკუნეში სიბნელეში რატომ უნდა ვარჯიშობდნენ სპორტსმენები მხოლოდ იმის გამო, რომ დარბაზში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია [შენობა, სადაც დარბაზია განთავსებული არ ირიცხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტად – ავტ]. ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზე ზეპირსიტყვიერი განმარტების გაკეთება არ მოისურვეს. შესაბამისად, „ბათუმელები“ იძულებული გახდა ამ უწყებისთვისაც წერილობით მიემართა – სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე „ბათუმელებმა“ წერილი 13 ივნისს ატვირთა. ეკონომიკის სამინისტრომ ეს შეტყობინება თავის მხრივ გადაუგზავნა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ლალი ჭელიძემ 15 ივნისს წერილობით გვაცნობა, რომ 10 დღე სჭირდებოდა იმის დასადგენად, შენობა-ნაგებობა ჩაქვში, მიგინეიშვილის #17-ში არის თუ არა მათ მფლობელობაში. მეორე დღეს კი იმავე ლალი ჭელიძემ კანონის სრული უგულებელყოფით შემდეგი გვამცნო:

„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული კორესპონდენციით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს ქონების იდენტიფიკაციისთვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს [საჯარო რეესტრის მონაცემი, ორთო-ფოტო, მდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და სხვა] სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა. ასევე გაცნობებთ, რომ სსიპი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მზად არის მოამზადოს შესაბამისი ინფორმაცია, თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის დაზუსტების შემთხვევაში [იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა] უძრავი ქონება აღმოჩნდება სახელმწიფო საკუთრება ან/და სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონება“.

მოგვიანებით, რაც „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პრესცენტრში გააპროტესტა საჯაროობის პრინციპის მსგავსი უგულებელყოფა, პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ქამუშაძემ სატელეფონო კომენტარში განაცხადა: „ქონება არის სახელმწიფო საკუთრება. ეკონომიკის სამინისტროს უფლება აქვს სახელმწიფო საკუთრება გაასხვისოს ან განკარგოს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს მივმართოთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩაქვში არსებული შენობა-ნაგებობის გამრიცხველიანების მიზნით“.

ნიკა ქამუშაძისვე განმარტებით, „ამ საკითხზე ძალოსნობის ფედერაციას მომართული აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მონაცემების დაზუსტება მოვთხოვეთ, რის შემდეგაც მათი წერილი ჩვენთან აღარ შემოსულა… ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა უნდა მოითხოვოს სამინისტროსგან აღნიშნული ქონება. ჩვენ გვაქვს უფლება, ეს ქონება გადავცეთ სარგებლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს, რის შემდეგაც მას შეეძლება მიმართოს `ენერგო-პრო ჯორჯიას~ გამრიცხველიანების თხოვნით“.

შეკითხვაზე – ხომ არ იგეგმება ქონების გასხვისება და სპორტსმენები საერთოდაც ქუჩაში ხომ არ აღმოჩნდებიან, სააგენტოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უპასუხეს: „ამ ეტაპზე არ იგეგმება გასხვისება, მაგრამ თუ გამოჩნდება ინვესტორი, შეიძლება ქონება, მაგალითად, სპორტული დარბაზის აშენების პირობით გადავცეთ“.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ამ განცხადების შემდეგ „ბათუმელები“ კვლავ დაუკავშირდა აჭარის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, აბესალომ ბასილიას, რომელმაც სრულიად საპირისპირო რამ განაცხადა. `მე სამინისტროსთვის არასდროს მიმიმართავს. მე მეუბნებოდნენ, რომ ხალხი ზემოთ არ უნდა შემეწუხებინა. ქვევით შეაწუხეო. ვის არ მივმართე, ჯერ ლევან ვარშალომიძეს, ახლა არჩილ ხაბაძეს, სამინისტროს… არაფერი გამოვიდა“, – ამბობს გენერალური მდივანი, რომელიც ამავე დროს აჭარის ნაკრების წევრ ძალოსნებს ავარჯიშებს.

მიგინეიშვილის ქუჩის #17, სადაც მოძველებული შენობა-ნაგებობა დგას და სადაც ძალოსნები ვარჯიშობენ, ზღვის სანაპიროს რამდენიმე ასეული მეტრით არის მოშორებული. რეგიონის საინვესტიციო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქონებას სპორტსმენებს არ დაუტოვებენ.

სპორტსმენებს, რომლებიც აქ ვარჯიშობენ, მათთვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვის დეტალებიც აინტერესებთ. ისინი ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. სწორედ აქედან გამომდინარე „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ძალოსნობის ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის შესახებაც სთხოვა ინფორმაციის მოწოდება: აბესალომ ბასილიას ხელმოწერილი წერილით ვიგებთ, რომ „აჭარის ძალოსნობის ფედერაციას, დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი აქვს 50 000 ლარი, რომლითაც ფინანსდება აჭარის ნაკრების სპორტსმენების სხვადასხვა რანგის ტურნირში მონაწილეობა, აჭარის პირველობის, ჩემპიონატებისა და სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ქვეპროგრამის `ერთჯერადი ჯილდოების~ თანხით, დეპარტამენტის მიერ 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით დაჯილდოვდა 23 სპორტსმენი [17 800 ლარი] და 6 მწვრთნელი [3 500 ლარი].

აბესალომ ბასილიას ინფორმაციით, აჭარაში არსებობს ძალოსნობის ოთხი სექცია, სადაც მთლიანობაში 110 სპორტსმენი გადის წვრთნას.

აბესალომ ბასილიასვე ინფორმაციით, სპორტსმენები, რომლებიც დაბა ჩაქვში არსებულ შენობა-ნაგებობაში გადიან წვრთნებს [ძალოსნობის სექციის მწვრთნელები და სპორტსმენები] ირიცხებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში.

„ბათუმელებმა“ სპორტის ამ სახეობაში გაღებული ხარჯების დასადგენად ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც მიმართა. მათგან კი შემდეგი შევიტყვეთ: „`დაბა ჩაქვში მეცადინეობისათვის გამოყოფილი დარბაზი მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, შესაბამისად, მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხები არ არის მიმართული…

ძალოსნობის სექციას ცალკე ბიუჯეტი არ გააჩნია და არც ცალკე ხელმძღვანელი ჰყავს. მიმდინარე წელს ძალოსნობისთვის ქობულეთის სასპორტო სკოლაში 20 712 ლარი არის გამოყოფილი. აქედან სამწვრთნელო ხელფასებში იხარჯება 10 200 ლარი, მწვრთნელების მივლინებისთვის – 1 347 ლარი, ძალოსნობის რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობისთვის – 7 448 ლარი, ადგილობრივი ღონისძიების ორგანიზებისთვის – 1270 ლარი, ხოლო ინვენტარის შესაძენად – 420 ლარი“.

ძალოსნობის ფედერაციას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩათვლით, მინიმუმ 5 სახელმწიფო დაწესებულება უწევს ზედამხედველობას, მაგრამ ფაქტია – ამდენი ზედამხედველის პირობებში, არავინ შეწუხებულა ჩაქვის ძველ დარბაზში შეხიზნული სპორტსმენების ყოფით – თუნდაც იმით, რომ ისინი სიბნელეში ვარჯიშობენ, შემდეგ კი გაოფლილები ცივი წყლის შხაპს იღებენ. მათ ელექტროენერგიის მრიცხველის დამონტაჟების თხოვნით ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიმართეს ხელისუფლებას „ბათუმელების“ მეშვეობით, მაგრამ დღემდე მრავალრიცხოვან ზედამხედველთაგან არც ერთს იმის გარკვევაც კი არ უცდია, ვის ბალანსზეა მიგინეიშვილის #17.

ამავე თემაზე: ივარჯიშე სანამ დაღამდება – დენის გარეშე დარჩენილი ძალოსნები [ფოტო | ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან