მთავარი,სიახლეები

ყველაზე პოპულარული წიგნები ბათუმში

17.08.2016 • 3407
ყველაზე პოპულარული წიგნები ბათუმში

ზაფხული კარგი დროა წიგნების წასაკითხად. იმის გასარკვევად, თუ რა წიგნებზეა მოთხოვნა ბათუმში, წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს მივმართეთ.

მაღაზიია – „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ 2016 წლის მონაცემებით, მათთან ყველაზე რეიტინგული წიგნებია ჰარპერ ლის „მიდი დაააყენე დარაჯი“ და დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“.

ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისათვის“, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „მე ვარ მალალა“, პაკისტანელი გოგონას, ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის მშვიდობის დარგში, მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფიული წიგნი.

ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ასევე პოპულარულია ჯოან როულინგის „ჰარი პოტერისა“ და სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშების“ სერია.

მგანსხვავებული მონაცემები აქვთ წიგნების მაღაზია „ბიბლუსში“, აბაშიძის ქუჩაზე.

„ბიბლუსის“ მენეჯერი სოფო დუმბაძე ამბობს, რომ ყველაზე რეიტინგული წიგნი „ბიბლუსში“ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობაა“, ასევე: ჰარ პერლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და მიშელ უელბეკის „პლატფორმა“.

სოფო დუმბაძე ამბობს, რომ მათთან ყველაზე კარგად ქართველი მწერლების წიგნები იყიდება. განსაკუთრებით კი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ და ოტია იოსელიანის „ქალი გამოვიდა საღალატოდ“. რაც შეეხება უცხოურ მხატვრულ ლიტერატურას, „ბიბლუსში“ ყველაზე მოთხოვნადია დოსტოევსკის „იდიოტი,“ ასევე „დანაშაული და სასჯელი“ და კაფკას „პროცესი“. როგორც სოფო დუმბაძე აღნიშნავს, სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე კარგად იყიდება ენციკლოპედიები.

წიგნების მაღაზია „ლამპარის“ მენეჯერის, დავით ბარაბაძის ინფორმაციით, მათთან ყველაზე მოთხოვნადია დათო ტურაშვილის წიგნები, განსაკუთრებით – „ჯინსების თაობა“. ასევე, აკა მორჩილაძის წიგნები, განსაკუთრებით – „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ და „გასეირნება ყარაბაღში“ . მისი თქმით, ასევე დიდი მოთხოვნაა ბათუმელი პოეტების, გენრი დოლიძისა და როინ აბუსელიძის წიგნებზე.

რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, „ლამპარში“ ყველაზე მეტად იყიდება ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ და „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“, ასევე, გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“.
დავით ბარაბაძე აღნიშნავს, რომ თუ სასკოლო წიგნებს არ ჩავთვლით, წიგნებს ძირითადად 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ყიდულობენ.

ქართული წიგნის ბაზრის კვლევის მიხედვით, რომელიც 2013-2015 წლებს მოიცავს, გასულ წელს ყველაზე გაყიდვადი წიგნები იყო:

1. ზაზა ბურჭულაძე – „მინერალური ჯაზი“
2. გაბრიელ გარსია მარკესი – „იცხოვრე, რომ მოჰყვე“
3. გიორგი კეკელიძე – „გურული დღიურები“
4. დენიელ კიზი – „ყვავილები ელჯერნონისთვის“
5. კახა ბენდუქიძე – „სხვა არჩევანი არ გვაქვს“
6. ჯონ გრინი – „ქაღალდის ქალაქი“
7. კასანდრა კლერი – „ძვლების ქალაქი“
8. ჯონ გრინი – „ბედის ვარსკვლავის ბრალია“
9. ჰარპერ ლი – „ნუ მოკლავ ჯაფარას“
10. ჯეიმზ დაშნერი – „ლაბირინთში მორბენალი“ [წყარო: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი]

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე კარგად მხატვრული ლიტერატურა იყიდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: