მთავარი,სიახლეები

ქედაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

16.08.2016 • 1721
ქედაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

დღეს, დილიდან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში. აქციაზე შეკრებილი ორი სოფლის – ცხმორისსა და კოკოტაურის მოსახლეობა „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის ფარგლებში კოკოტაურსა და ცხმორისში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ადგილმონაცვლეობას ან საკომპენსაციო თანხის გაზრდას მოითხოვდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სოფლის გზაზე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ და სავარგულებზე გადის, რითაც ზარალი ადგება მოსახლეობას, ბუფერულ ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას კი, მათი განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ ერთ კვადრატულ მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის სახით 13 ლარს უხდის, რის მიღებაზეც უარს აცხადებენ და თანხის გაზრდას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ელექტროსისტემა მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და საკომპენსაციო თანხას არ გაზრდის, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში შესულ მშენებელ კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლებას არ მისცემენ.

დათუნა კონცელიძე: „მოვითხოვთ შესაბამისი კომპენსაცია გაიცეს, რა თანხასაც გვთავაზობენ ჩვენთვის მიუღებელია, მათხოვრულ თანხას გვთავაზობენ, ან პროექტის გატანა მოხდეს დასახლებული პუნქტიდან, ან შესაბამისი თანხა გაიცეს, თუ ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ, ჩვენს საკარმიდამო ტერიტორიებზე ტექნიკას არ შევუშვებთ, ჩვენ არ ვკეტავთ სახელმწიფო გზებს, ჩვენ ჩვენს კუთვნილ ნაკვეთებს ჩავკეტავთ და ვიდრე ხელშეკრულებას არ გააფორმებენ ბუფერულ ზონაში მოხვედრილ ადამიანებთან, სამუშაოების დაწყების უფლებას არ მივცემთ“.

მალხაზ ირემაძე: „სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყოთ ჩემს ნაკვეთში, მაგრამ მე არ მივეცი მუშაობის უფლება და არ შევუშვი. სახელმწიფო პროექტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ შესაბამისი თანხით დამაკმაყოფილონ. მითხრეს 18 000 ლარი გეკუთვნითო, ხაზის გაყვანის შემთხვევაში 100 კვადრატი მიწა მრჩება სარგებლობაში, დანარჩენს ვერ ვისარგებლებ, მეორე ჯგუფის ავადმყოფი ვარ, სხვაგან წასვლა და მუშაობა მე არ შემიძლია, ჩემი ოჯახის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან მოწეული ბოსტნეულია და თუ ჩემი ოჯახი ამის მოყვანასაც ვერ შეძლებს, ულუკმაპუროდ ვრჩებით“.

შოთა ნაკაშიძე: „ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე შევიდნენ, მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯეს ისე, რომ აღწერაც არ გაუკეთებიათ, მეუბნებიან ხაზს გავიყვანთ, გადავზომავთ ნაკვეთებს და კომპენსაციას მერე მიიღებთო“.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენის უფროსი ლევან ლომინაძე მოსახლეობის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკომპენსაციო თანხას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები განსაზღვრავს, შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა ინდივიდუალურია და ბუფერულ ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას თანხას ზარალის მიხედვით გადაუხდიან.

ლევან ლომინაძის ინფორმაციით, კომპენსაციისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა ეტაპობრივად ხდება. იმ შემთხვევაში თუ მიწა მესაკუთრეზე არ არის რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნულ ნაკვეთზე გამგეობიდან ცნობას მივიღებთ, რომ ნაკვეთი კერძო მფლობელობაშია, კომპენსაცია გაიცემა. რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიას, შეიძლება ფიქრობენ, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასე არ იქნება, ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის კომპენსირება,“ – აცხადებს ლევან ლომინაძე.

14044947_1082894818472890_1156669448_o

აქცია სოფელ ცხმორისში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: