სიახლეები

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ

15.08.2016 • 2898
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ

“უნდა გამოვფხიზლდეთ ხულომ და მთლიანად აჭარამ, სანამ მედროვე ფეოდალები ყველას მოისყიდიან…” – ამ მოწოდებით სტატუსი სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ კვირას, 14 აგვისტოს დაწერა. მან “ქართული ოცნებიდან” ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ “ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია” და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. გუშინვე, დღის ბოლოს ჯამბულ ხოზრევანიძემ ეს სტატუსი ფეისბუქში წაშალა.

13934596_1239352502764465_5023749749329189248_n

ge_cv_2

ჯამბულ ხოზრევანიძე

“კომენტარს ერთ კვირაში გავაკეთებ. “ქართული ოცნების” წევრი ვარ და პარტიის შიდა დისციპლინას ვიცავ” – უთხრა “ბათუმელებს” ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძემ. მან არ დააკონკრეტა, ვისგან მიიღო მითითება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის წაშლის შესახებ. სატელეფონო კომენტარში მან ასევე გვითხრა, რომ ემუქრებიან თანამდებობიდან გადაყენებით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას მაინც განაგრძობს: “ყველა ნაციონალი მიუღებელია ჩემთვის. ხულო ნაციონალების გარეშე. ესაა ჩემი სურვილი…”

“ჯამბულ ხოზრევანიძესთან დაპირისპირების დრო არ მაქვს, მას ხალხი გასცემს პასუხს,” – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. ის ხულოს მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში 2008 წლიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით, ხოლო 2012 წლიდან – კოალიცია “ქართული ოცნებიდან”. “აქამდე ის იცავდა ხულოს ინტერესებს პარლამენტში. ამჯერად ის დაიცავს შუახევის და ქედის მოსახლეობის ინტერესებსაც,”- აღნიშნა მისი წარდგენის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში 13 აგვისტოს.

ანზორ ბოლქვაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის თანაპარტიელის, ჯამბულ ხოზრევანიძის სტატუსს სოციალურ ქსელში არ გაცნობია: “სად ნახეთ ეს სტატუსი? მე არ მინახავს, რატომ წაშალა, ესეც საინტერესოა… უმჯობესია საკუთარ წარსულს მიხედოს ბატონმა ჯამბულმა. ის მუშაობდა “ნაციონალების” დროს ლტოლვილთა და განსახლების მინსიტრის მაოდგილედ და ჩაასახლა ოჯახები წალკაში. ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც ახლა უკან ბრუნდებიან”.

ჯამბულ ხოზრევანიძე ადასტურებს, რომ ის 2004-2005 წლებში ნამდვილად მუშაობდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ: “იქედან მე წამოვედი პროტესტის ნიშნად და მაშინ ეს გაშუქდა მედია საშუალებებით.”

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ გვერდზე ასევე წერდა, რომ ანზორ ბოლქვაძეს ხმა არ ამოუღია, როცა თბილისში სამი ხულოელი ახალგაზრდა დახოცეს. ჯამბულ ხოზრევანიძე ასევე ეკითხება მაჟორიტარობის კანდიდატს: “ღორჯომის ჯამის გვერდით მდინარეში ჩაწყობილ მილებში რამდენი თანხა არის გადახდილი?”

14045406_1256696031021940_1075686612_o

ანზორ ბოლქვაძე

ანზორ ბოლქვაძემ  “ბათუმელებს” უთხრა, რომ პირდაპირ ეცადა გაერკვია დაღუპული ახალგაზრდების ამბავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა: “რაც შეეხება მილებს, ის ჩემი ემგობარი ბიზნესმენების დახმარებით შევიძინეთ. მილიონ 200 ათასი ჯდებოდა და 300 ათასად ვაყიდინე ხულოს გამგეობას. მერე ისევ ჩამოწვა მეწყერი და გაფუჭდა მილები, ჩემი რა ბრალია? პირიქით, მოსახლეობას დავეხმარე“.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, მას ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე იმიტომ დაუპირისპირდა, რომ თავად სურდა აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი გამხდარიყო: “მისი კანდიდატურაც განიხილებოდა და თბილისში დარბოდა, მე ამ დროს ხალხთან დავდიოდი. იმიტომ კი არ ვარ დღეს ისევ კანდიდატი, რომ კარგი პოლიტიკოსი ვარ. ხალხთან ვარ და ამიტომ შემარჩიეს”

განიხილებოდა თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატად ჯამბულ ხოზრევანიძე – ის ამ ინფორმაციას “ბათუმელებთან” არ ადასტურებს: “მოდით, დავიცავ პარტიულ დისციპლინას და ერთ კვირაში ვისაუბროთ ამაზე”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: