სიახლეები

ნაგავსაყარი – „თუ არა ჩაქვში, მაშინ ოჩხამურში“

30.05.2012 • 1563
ნაგავსაყარი – „თუ არა ჩაქვში, მაშინ ოჩხამურში“

ინფორმაციას „მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“, ანუ ჩაქვში დაგეგმილი ნაგავსაყრის მშენებლობის ადგილმონაცვლეობის თაობაზე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში არ ადასტურებენ. წყაროს ცნობით კი, პროექტის განხორციელებისთვის ალტერნატიულ ადგილად ხელისუფლება ოჩხამურის ტერიტორიას განიხილავს.

„მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“, რომლის განხორციელებასაც აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გეგმავდა, დღემდე გაყინულია. ამ პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2009 წლის პირველ ნახევარში 4 მილიონი ევრო გრანტის სახით და 3 მილიონი ევრო სესხად მიიღო.
ამის მიუხედავად, ჩაქვში სამშენებლო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრის იდეას, როგორც იქ მცხოვრები მოსახლეობა, ისე არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვინც დაბა ჩაქვის ნაგავსაყრის მშენებლობას არ ეთანხმებოდა, „მწვანე ალტერნატივა“ იყო. ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორის, დავით ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ალტერნატიულ ვარიანტად ოჩხამურის ტერიტორიის განხილვა მათი შეთავაზება იყო:

„პრინციპში, ესეც განხილვის საგანია, მაგრამ ეს არის ადგილი, რომელიც ღირს, რომ განიხილონ ალტერნატივად. ოჩხამურში არის ადგილები, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა ეკოლოგიური ფაქტორების მხრივ, საკითხი მაინც შესასწავლია: ტერიტორიას გეოლოგიური კვლევა უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ შედეგები უნდა განიხილონ საჯაროდ, შემდეგ კი შეიძლება გვქონდეს ჩამოყალიბებული აზრი“.

„მყარი ნარჩენების მართვის პროექტი აჭარაში“ ახალი ნაგავსაყრის მოწყობას და ორი უკვე არსებული ნაგავსაყრის დახურვასაც ითვალისწინებს. ახალი ნაგავსაყრის მშენებლობა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.

გადაბეჭდვის წესი