სიახლეები

კომისიამ “იაფი სახლის” კრიტერიუმების საბოლოო დოკუმენტი მიიღო

05.08.2016 • 1716
კომისიამ “იაფი სახლის” კრიტერიუმების საბოლოო დოკუმენტი მიიღო

დღეს მერიაში, სოციალური პროექტის -“იაფი სახლის” სხდომაზე კომისიამ  კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბოლოო დოკუმენტი მიიღო. იმ კრიტერიუმებს შორის, რომელიც “შვეიცარიის განვითარების ფონდმა” განსაზღვრა და წარუდგინა კომისიას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – ბინების იმ ადამიანებისთვის მიყიდვას გულისხმობს, რომელთაც სტაბილური შემოსავალი აქვთ, ანუ გადახდისუნარიანები არიან. დოკუმენტის მიხედვით,  პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენად და ვერ ახერხებს საცხოვრებელი ფართობის შეძენას, არსებულ საბაზრო ფასად.

კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტით, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნებია, ოჯახის ერთ წევრს მაინც  ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი; ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მინიმალურ ყოველთვიურ გადასახადზე მინიმუმ ორჯერ მეტი; ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს; ორსულიანი ოჯახის – 1800 ლარს; სამსულიანი ოჯახის – 2400 ლარს; ოთხ და მეტსულიანი ოჯახის – 3000 ლარს. თუ ოჯახი ამჟამად ქირით ცხოვრობს, ეს ქირა არ უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ყოველთვიური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტი. თუ ოჯახი გირაობს საცხოვრებელს, მაშინ გირაობის თანხა არ უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის“ პროგრამით გათვალისწინებული ბინის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტი და ა.შ.

“იაფი სახლის” კომისია 25 წევრისგან შესდგება, მასში არიან როგორც საკრებულოს დეპუტატები, ისე მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კრიტერიუმები საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე: „იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით 

გადაბეჭდვის წესი