რატომ უნდა ვერიდოთ ალკოჰოლს ზაფხულში

ზაფხულში ალკოჰოლური სასმელის მიღება ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ამ პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება და ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ალკოჰოლურ თრობასთან გამკლავებაც. რომელ ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ვერიდოთ ზაფხულში და რატომ არის საშიში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ზაფხულში? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე ესაუბრა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი.

რატომ არის უფრო საშიში ალკოჰოლით ინტოქსკაცია ზაფხულში?

ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გაძლიერებულია, ამიტომ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია შედარებით უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე ცივ პერიოდში. მაღალი ტემპერატურის დროს ეთანოლი უფრო ადვილად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ, ამ დროს ორგანიზმში მაქსიმალურად გაფართოებულია სისხლძარღვები, შესაბამისად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გარდა ამისა, ხდება ორგანიზმის გამოშრობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იღებს სითხეს, რადგან ალკოჰოლისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ოფლდენა გაძლიერებულია. მაგალითად ლუდს, რომელიც ზაფხულში პოპულარული სასმელია, გააჩნია შარდმდენი თვისებები. ორგანიზმის ტოტალური გამოშრობის დროს კი ძლიერდება თავის ტკივილი და ინტოქსიკაციის სიმპტომები, რაც, ძირითადად, სწორედ ორგანიზმის გამოშრობას უკავშირდება.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ზაფხულში?

განსაკუთრებით მძიმდება სიტუაცია, თუ ადამიანს აწუხებს ქრონიკული დაავადება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ასეთ დროს რისკი ორმაგდება. მარტივად რომ ვთქვათ, როცა სისხლძარღვები გაფართოებულია, უფრო მეტი სამუშაოს შესრულება უწევს გულს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასეთ დროს ალკოჰოლით ინტოქსიკაციისას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება დადგეს და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

რომელი ალკოჰოლური სასმელისგან თავშეკავებას ურჩევდით სიცხეში ადამიანებს?

ყველაზე საშიშია მაღალალკოჰოლური სასმელი, ოჯახის პირობებში დამზადებული ჭაჭის არაყი, იგივე ქარხნულად წარმოებული არაყი, რომელიც 40 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, ასევე კონიაკი, ვისკი, მაღალპროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი კოქტეილები. ლუდი შედარებით მსუბუქია, მაგრამ ცუდი აქვს ის, რომ ბევრს იღებს ადამიანი და ლუდში არის ნივთიერებები, რომლებიც ძალიან უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე.

ამ პერიოდში თუ იზრდება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები?

დიახ, გაცილებით უფრო მაღალია მომართვიანობა. ბოლო ოცი დღის განმავლობაში საავადმყოფოში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევა გვქონდა იმდენი, რამდენიც იყო ბოლო ორი თვის მანძილზე ჯამში.

რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ზაფხულში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით საშიშია შუა ხნის მამაკაცებისთვის?

აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი, იმდენად რამდენადაც შუა ხნის ასაკში ქრონიკული დაავადებების რისკი მეტია, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს ქრონიკული დაავადება აქვს, ორგანიზმი უფრო დაძაბუნებულია, შხამის გაუვნებელყოფა ნაკლებად ხდება ღვიძლის მიერ და შედეგები, რა თქმა უნდა, უფრო სავალალო შეიძლება იყოს.

ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს, ე.წ. ნაბახუსევის დროს, რა რეკომენდაციები არსებობს?

მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასეთ დროს ადამიანი უნდა ერიდოს. უნდა მიიღოს ბევრი სითხე, მაგრამ უნდა მოხდეს სითხის გამოყოფაც, შარდის, ოფლის გზით, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადამეტებული სითხის მიღება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com