IMG_20160730_150520

დისკუსია მშენებელ მუშათა უფლებებზე

“მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო” – ამ თემაზე დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. თემის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი მშენებელთა დაღუპვის მაჩვენებელია – პროფესიული კავშირების მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ბათუმში 53 მუშა დაიღუპა, ხოლო 114 დასახიჩრდა.

დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ  შეკრებილებს უთხრა, როგორ რეაგირებს მერია შემთხვევებზე, როცა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

“თავდაპირველად კომპანიას ეძლევა მითითება, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუკი შეუსრულებელია მითითება, კომპანია 500 ლარით ჯარიმდება”, – აღნიშნა ირაკლი მოქიამ. ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაში ტექნიკური ზედამხედველობა, მაგალითად, სამშენებლო მასალის ხარისხის კონტროლი არ შედის.

დისკუსიის კიდევ ერთი მომხსენებელი იაკობ გურგენიძე იყო,  აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როცა სახელმწიფომ შრომის ინსპექცია გააუქმა კორუმპირებულობის მიზეზით: „შესაძლოა იყო კორუფციაც, მაგრამ გაუქმება არ იყო გამოსავალი. ამჟამად მხოლოდ შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროშია სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, შეამოწმოს მშენებლობა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდაციას გასცემს. ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის”

IMG_20160730_150545

დისკუსია

იაკობ გურგენიძის თქმით, მშენებელს უსაფრთხოების პირობების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 5 ათასი ლარი სჭირდება. სახელმწიფოს ნების შემთხვევაში, უსაფრთოების პირობების დაცვა პრობლემა არ უნდა იყოს. დისკუსიის მონაწილემ, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით სახელმწიფოს ნება არ ჩანს, მშენებლობების პროცესში დაიცვას მოქალაქის ინტერესი: “მერიის წინ შენდებოდა სახლი, სადაც უსაფრთხოების არცერთი ნორმა დაცული არ იყო. ეს ნათელი მაგალითია სახელმწიფოს დამოკიდებულების ამ თემის მიმართ”. ასლან ჭანიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ჯარიმის ოდენობა – 500 ლარი, არაადეკვატურია და ჯარიმის ოდენობა მეტი უნდა იყოს.

“ჩემს წინ შენდება კორპუსი, თან ისე, რომ მეზობელ კორპუსში ხელს ჩამოვართმევ ვინმეს. არ იყო არცერთ სართულზე სამშენებლო უსაფრთხოების ბადეები. გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, მოვიდნენ, რაღაც ბადე ჩამოაფარეს, რომელიც სამ დღეში ისევ აღარ იყო. ახლა მოხალისე ბაბუა გვყავს ეზოში და ის უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო გასვლა-გამოსვლას …” – თქვა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, რეზო შავაძემ.

დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ საკრებულოს წევრმა “თავისუფალი დემოკრატებიდან” ჯაბა ბერიძემ აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები 2012 წელს პროფესიული ნიშნით არ შერჩეულან: “მართალია, ახლა ზედამხედველობის სამსახურში 18 თანამშრომელია, მაგრამ საქმე ისევ იმ ძველი 7 ადამიანის გასაკეთებელია”.

დისკუსია “სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა და მისი მოდერატორი გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი, ნანა კვაჭაძე იყო. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).

ავტორი