მთავარი,სიახლეები

კინო ღია ცის ქვეშ ბათუმში

26.07.2016 • 3791
კინო ღია ცის ქვეშ ბათუმში

ყოველ საღამოს, კარგ ამინდში, ბათუმის პარკში, ღია ცის ქვეშ, მხატვრული ფილმებს აჩვენებენ. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მინდორში, რომელიც დაახლოებით 200-300 მაყურებელს იტევს, რამდენიმე ათეული ნარინჯისფერი პუფიც დაგხვდებათ, თუმცა იმისთვის, რომ ადგილი გარანტირებული გქონდეთ, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და სახლიდან პლედი მაინც წამოიღოთ.

„კინოთეატრი ჩარლი“ – ასე ქვია „სინემა გრუფისა“ და აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს, რომელიც 21 ივლისიდან ამოქმედდა და კინოჩვენებების მოწყობას სექტემბრის ბოლომდე აპირებს. „შესაძლოა კინოჩვენებები ოქტომბერშიც გაგრძელდებს, ამინდზე ვართ დამოკიდებული,“ – ამბობს „სინემა გრუფის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელი რატი ქერქაძე.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღე, როცა არ იწვიმებს, ბათუმის 6 მაისის პარკში ორი ან სამი კინოსეანსი მოეწყობა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. პირველი სეანსი საღამოს 9 საათზე დაიწყება, ბოლო სეანსი კი – 11:30-ზე და პირველ საათამდე გაგრძელდება. 3-4 დღის ანონსი ქალაქში აფიშების სახით გამოიკვრება.

როგორც „სინემა გრუფში“ გვითხრეს, ღია ცის ქვეშ ძირითადად გასართობ, სათავგადასავლო და კომედიური ჟანრის ფილმებს აჩვენებენ. ფილმები ნაჩვენები იქნება როგორც ქართული, ისე რუსული და ინგლისური გახმოვანებით. პროექტი კომერციული არ არის და კინოფილმების ნახვა ღია ცის ქვეშ უფასოდ შეიძლება.

კინოჩვენება ღია ცის ქვეშ

კინოჩვენება ღია ცის ქვეშ

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მომავალში კინოთეატრი „ჩარლი“ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმოგზაურებს.

ბათუმში ღია ცის ქვეშ ფილმების ნახვა მაყურებელს აქამდე მხოლოდ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კინოჩვენებებზე შეეძლო. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი წლებია ამბობს, რომ ერთი კინოთეატრი ბათუმისთვის არანაირად არ არის საკმარისი და ეს მხოლოდ ფესტივალის დროს არის პრობლემატური საკითხი. იგი მუნიციპალური კინოთეატრის საჭიროებაზე საუბრობს: „ზოგადად აუცილებლია არსებობდეს ალტერნატიული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება არაკომერციული კინოს ჩვენება. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მუნიციპალური კინოთეატრი, რაც საშულებას აძლევს კინომოყვარულებს იხილონ ის ფილმები, რომლებიც არასდროს გავა კომერციულ კინოთეატრში ან ტელევიზიაში. თუ ბათუმს აქვს პრეტენზია გახდეს ევროპული ქალაქი, კულტურის ერთ-ერთი ცენტრი ქვეყანაში – აუცილებელია ალტერნატიული კინოსივრცეების არსებობა,“ – ამბობს ის.

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ბათუმის მერიას ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისთვის გათვლილი მობილური კომპლექსის (ეკრანი, პროექტორი, აუდიოსისტემა) შეძენის ინიციატივით მიმართეს, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მერიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ეკრანის ნაცვლად LCD ეკრანი იყიდა, რომელიც კინოს საჩვენებლად არ გამოდგება, რადგან მას სხვა პარამეტრები აქვს.

„საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, დამატებით რვა წერილი (ქართველი რეჟისორების ერთობლივი წერილი, ოდესის, ვროცლავის და ჩიკაგოს ფესტივალების მენეჯმენტის, კინოთეატრების დამპროექტებელი პოლონური კომპანიის და ა.შ.) წარვადგინეთ, რომ კინოჩვენებებისთვის კინოეკრანია აუცილებელი და LCD ეკრანი არ გამოდგება ამისთვის. გვქონდა შეხვედრები და კონსულტაციები ვიცე-მერთან, ბატონ ალეკო მითაიშვილთან, რომელიც დაგვიპირდა, რომ მოხერხდებოდა კინოჩვენებებისთვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროექტორის შეძენა. ჩვენთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, მზადდება ამისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია (ტენდერისთვის) და იმედი გვაქვს, რომ სექტემბრამდე მოხერხდება მისი შეძენა,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის მენეჯერი.

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ კინოს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ ერას მოედანზე, ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება – ბათუმის მერიის მიერ ნაყიდი ან BIAFF-ის მიერ ნაქირავები ტექნიკური აღჭურვილობით.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომავალში ჩამოვლენ და ბათუმში ღია ცის ქვეშ კინოს აჩვენებ, „მოხეტიალე კინოთეატრია“, რომლის ავტორებიც რუსთაველი სტუდენტები არიან.

„ჩვენს ქალაქში არ არის კინოთეატრი და სწორედ აქედან წამოვიდა ამ ტიპის კინოთეატრის შექმნის იდეა. 2012 წლიდან ვაწყობთ ასეთ კინოჩვენებებს იმ რეგიონებში, სადაც კინოთეატრები არ არის. ახლა გასვლით კინოჩვენებებს ვგეგმავთ და სამომავლოდ ბათუმშიც ვაპირებთ ჩამოსვლას. გვინდა სოფლები და ის რეგიონები მოვიცვათ, სადაც ასეთი სივრცეების ნაკლებობაა,“ – ამბობს „მოხეტიალე კინოთეატრის“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ლევან კურტანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: