მთავარი,სიახლეები

ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ

25.07.2016 • 3973
ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ

ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გონიოელების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. „ამას ველოდი. ჩვენი გადაწყვეტილება არის ახალი გარემოება გონიოელებისთვის, რომ მათ სასამართლოში დავა განეახლებინათ“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი.

60-მა გონიოელმა სასამართლოში სარჩელი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ დღეს შეიატანა. გონიოელების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო” დაიცავს. სარჩელის მოთხოვნა საკრებულოს საკუთრების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებაა.

„საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება არის ბუნდოვანი, აბსურდული და ის არავითარ სამართლებრივ შედეგს არ მოიტანს“ – აცხადებს ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.

ლევან კინწურაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში ვინც უჩივლა, სამოცივე ოჯახის შემთხვევა სასამართლოს აქვს განხილული და მათ შესახებ საკრებულოს კომისია ვერ იმსჯელებდა: “სასამართლომ თქვა, რომ მათ კანონიერად ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რაზეც უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს”

ანა ბერძენიშვილის თქმით კი, სამოცი გონიოელიდან მხოლოდ ათია ისეთი, ვისზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს: “სამოცივეს საქმე განხილული რომ ჰქონდეს სასამართლოს, ეს არ უშლიდა ხელს საკრებულოს კომისიას, ხელახლა ინდივიდუალურად შეესწავლა თითოეული მათგანის საქმე. არცერთ კანონში არ წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, საკრებულოს უფლებამოსილ კომისიას არ აქვს საშუალება, აღიაროს საკუთრება. საკრებულოს საკუთრების კომისიას არ უცდია გამოერკვია, იყო თუ არა რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მათთვის მიწის ხელახლა აღიარების საფუძველი გაჩენილიყო.“

„დავეთანხმები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ ის არაა სამართლებრივი შედეგის მომტანი. ეს არაკომპეტენტური განცხადებაა, ან ემსახურება სხვა მიზნებს. თუკი არსებობს ახალი მტკიცებულებები, ის უნდა განიხილოს სასამართლომ” – უთხრა ლევან კინწურაშვილმა “ბათუმელებს”.

“თავად საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე არის სრულიად არაკომპეტენეტური”, – ამბობს ანა ბერძენიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან”: “ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენტურობას ადასტურებს სასამართლოს ორ ინსტანციაში გონიოს მკვიდრის, ენვერ ირემაძის საქმის მოგება, ვის ინტერესებსაც ასევე ჩვენ ვიცავთ. სასამართლომ თქვა, რომ მისი საქმე უნდა განიხილოს საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს მანამდე აქვს გადაწყვეტილება მიღებული იგივე ენვერ ირემაძის საქმეზე. ჩვენ კომპეტენციას ადასტურებს თავად ლევან კინწურაშვილის კომისიაში ჩვენი ჩართულობაც. მათი მიწვევით ვმუშაობდით ჩვენ კომისიაში და გავეცით რეკომენდაციები”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: