მთავარი,სიახლეები

სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია

25.07.2016 • 1366
სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია

ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების მასშტაბურობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. „უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ისინი მეწყრული პროცესების დასტაბილურებას ელოდებოდნენ. ამას გეოლოგიური სამსახურიც გვიდასტურებს“, – განაცხადა კახა შაშიკაძემ. მისივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის მეწყრული პროცესები უკვე დასტაბილურებულია, გზების დეპარტამენტი მობილიზებულია და აღნიშნული გზების გაწმენდა უახლოეს დღეებში დაიწყება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ღებულობს გადაწყვეტილებას, ცხოვრებისათვის საფრთხის შემცველი სახლებიდან ოჯახების დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ. ხოლო თუკი დაზიანებულ სახლებზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარება იქნება შეუძლებელი, კომისია განიხილავს ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების საკითხს.

როგორც „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლმა, სულხან ევგენიძემ უთხრა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთ-ერთი უკვე გადაყვანილია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში, ხოლო მეორე ოჯახისათვის უკვე გამოძებნილია შესაბამისი ფართობი და უახლოეს მომავალში მოხდება გადაყვანა.

ქობულეთში 9 ივლისს მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხალა, აჭყვისთავი, ჩაისუბანი, ჭახათი, ზედა აჭყვა. მაშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო გეოლოგების მოთხოვნით სახლის დატოვება მოუწია ერთ ოჯახს სოფელ ლეღვაში, ერთ ოჯახს – ხალაში, ერთს – ჭახათში, ხოლო ორ ოჯახს – სოფელ ზედა აჭყვაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: