მთავარი,სიახლეები

ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები

23.07.2016 • 2468
ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები

39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს  რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა  თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია.

„როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, ეს ასე არ არის. მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირები ხომ არ არის შშმ პირები.  უსინათლო პირებისთვის ან სმენის არმქონე პირებისთვისაც უნდა იყოს ადაპტირებული. უსინათლოებისთვის უნდა იყოს მანიშნებლები კედელზე, თუ საით უნდა იმოძრაონ, ტუალეტზეც უნდა იყოს ბრაილის შრიფტით მინიშნება რომ ეს არის ტუალეტი. საპირფარეშოში არის ასევე დახმარების ღილაკი, რომელსაც წარწერა აქვს ქართულად და ამ შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს წარწერა ბრაილის შრიფტით. წყლის ონკანი არის სენსორზე და ამისთვისაც უნდა იყოს მინიშნებები.

მე პრეზენტაციის დღესაც მივეცი რეკომენდაცია „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს რომ  პერსონალი უნდა გადაამზადონ ჟესტურ ენაში, რომ  შეძლონ სმენის არმქონე პირებზე მომსახურება“-გვეუბნება ის.

გარდა ამ დეტალებისა, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ  შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი მატარებელში იზოლირებულია: „საერთო სივრცეში კი არ არის, ცალკეა გამოყოფილი. თანაც, სავარძლები არის წყვილ-წყვილად და როცა ეტლით მოსარგებლე დგება, სავარძლები იკეცება. ორი მგზავრის შემთხვევაში იკეცება 8 სავარძელი, ანუ მესამე ვეღარ იმგზავრებს. იქნებ  ჯგუფი მიემგზავრება, გამოდის მარტო ტურისტებზეა გათვლილი რაც არასწორი მიდგომაა“.

ორსართულიანი მატარებელი მხოლოდ სამ სადგურში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება, რასაც საზოგადოების ნაწილი შშმ პირების დისკრიმინაციად მიიჩნევს.

უკმაყოფილებას ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც გამოხატავდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი ზურა ფირცხალავა ფეისბუკში წერს, რომ ეს დისკრიმინაციაა: „ტურიზმი კარგია, მაგრამ ეს შშმ პირების უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს. საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, მე ავუხსნი რკინიგზის ხელმძღვანელობას თუ როგორ არღვევენ გაეროს კონვენციას“.

მატარებლები ევროპაშია აწყობილი, სადაც მაღალია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, ამიტომ რატომ არ მოხდა მსგავსი დეტალების გათვალისწინება, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე  „საქართველოს რკინიგზის“ პოზიცია არ მოუსმენია. „იმ ვიდეოებში რაც ინტერნეტ სივრცეში მინახავს,  ყველა მატარებელი სრულიად ადაპტირებულია. ჩვენ არ ვიცით ეს მატარებლები უკვე დამზადებული წამოიღეს თუ დაკვეთით დაამზადებინეს, მაგრამ  მსგავსი დეტალები რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გათვალისწინებულიარ არის“.

ორსართულიანი მატარებლები მგზავრების მომსახურებას ორშაბათიდან შეძლებენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: