IMG_0007

ბათუმის არქიტექტურა ქობულეთში

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქობულეთში არ შეიძლება იყოს მაღალი კორპუსები?“ – კითხვა ქობულეთის მთავარმა არქიტექტურმა შემოგვიბრუნა, როცა ვკითხეთ, რატომ დაუშვეს პრეცედენტი და აშენებენ ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ზუსტად გამგეობის შენობის გვერდით, ზღვის პირას. ასლან ქათამაძემ გვითხრა, რომ რამდენიმე სხვა მშენებლობის ნებართვაც გაიცა, სადაც შენობის სიმაღლე დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება.

ქობულეთის ცენტრში, იქ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, დადგენილი ნორმების მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 18 მეტრი შეიძლება იყოს. საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე გამგეობის გვერდით – 33.8 მეტრია. გამგეობაში განმარტავენ, რომ თუკი გამგებელი მშენებლობის აუცილებლობაში დარწმუნდება, მას შეუძლია განსხვავებულ სიმაღლეზე გასცეს ნებართვა, მაგრამ მანამდე გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს უნდა შეუთანხმოს.

„ქობულეთის ცენტრს აქვს საზოგადოებრივი ზონის სტატუსი. შესაბამისად, იქ დაშვებულია სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. მთავარია, ჩატარდეს მოკვლევა და განისაზღვროს, რამდენად მისადაგებულია ესა თუ ის მშენებლობა არსებულ რეალობასთან“, – გვითხრა ნუგზარ ძნელაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა. ის მშენებლობის რეგულირების საბჭოს ერთ-ერთი წევრია, რომელმაც ხელი მოაწერა ქობულეთის გამგეობასთან მაღალი კორპუსის აშენებას. ეს გადაწყვეტილება 2014 წლის ივლისში მიიღეს. მაშინ ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე იყო. ის ამჟამად აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

პრეცედენტი წარმატებით აუთვისებია ახალ გამგებელს – სულხან ევგენიძესაც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ასლან ქათამაძემ სხვა მისამართებიც ჩამოგვითვალა, სადაც ასევე გამგებელმა მშენებლობის სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა მოსთხოვა აჭარის მთავრობას. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულა: „ეს არის თამარ მეფის ქუჩაზე, აღმაშენებელზე და რუსთაველზეც… მალე, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმას. განისაზღვრება ზონები, სადაც შესაძლებელი იქნება აშენდეს მაღალი შენობები. ვიდრე ეს გეგმა არ დამტკიცდება, გამგებელმა უნდა ჩათვალოს მიზანშეწონილად სიმაღლის გაზრდა და შეათანხმოს მთავრობასთან. ყველგან რომ გაიცეს ნებართვა, რკინის ფარდას მივიღებთ. მიზანშეწონილობა უნდა განისაზღვროს“.

ქობულეთის მთავარი არქიტექტორის აზრით, „რკინის ფარდას“ ქობულეთში არ მიიღებენ, რადგან ისინი ბათუმის მაგალითით მოქმედებენ: „ზღვის პირასაც შეიძლება აშენდეს, გააჩნია მონაკვეთს. მაგალითად, გამგეობის შენობის მოპირდაპირედ, ფოსტის შენობასთან, არ უნდა აშენდეს მაღალი კორპუსი სწორედ იმიტომ, რომ არ გაგვიჩნდეს რკინის ფარდა. ჩვენ კარგად გავითავისეთ ბათუმის მაგალითი. ასევე ვიყენებთ სივრცითი მოწყობის გეგმას. მერე რა, რომ ჯერ დამტკიცებული არ არის, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ? გვაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული მონახაზი და იმის მიხედვით ვმოქმედებთ“.

ქობულეთის გამგეობის გვერდით 33 მეტრის სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ჯაბა ანანიძის ფოტო

ქობულეთის გამგეობის გვერდით 33 მეტრის სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ჯაბა ანანიძის ფოტო

რატომ ვერ მოხერხდა დღემდე მუნიციპალიტეტებისთვის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცება, ან დაცვის რა მექანიზმებს ითვალისწინებს გეგმა? – ნუგზარ ძნელაძემ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან გვითხრა, რომ გეგმაზე ჯგუფი მუშაობდა და ქობულეთის საკრებულოს შენიშვნების გამოსახატავად გეგმა უკვე გადაგზავნილი აქვს.

„არსებობს დასახლებათა მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც არის მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ და ეს მოქმედებს, ვიდრე სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდება… გააჩნია, საკრებულო რას იტყვის, მაგრამ ქობულეთის შემთხვევაში, ცენტრალურ ნაწილს ისევ საზოგადოებრივი სტატუსი ექნება, სადაც მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით, ისევ იქნება შესაძლებელი მაღალი სასტუმროს ან საცხოვრებელი კორპუსის აშენება. მიზანშეწონილობას უკვე მუნიციპალიტეტი განიხილავს, ჩვენი საბჭო დროებითია და მოქმედებს მანამ, ვიდრე სივრცითი მოწყობის გეგმები ყველა მუნიციპალიტეტში არ ამოქმედდება,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ქობულეთის გამგეობის გვერდით შპს „ამხანაგობა თამარ მეფის 40“ აშენებს. კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. „ლამაზი სახლი იქნება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს…“, – გვითხრა ნოდარ გოგიტიძემ, კომპანიის მენეჯერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი