მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

16.07.2016 • 3213
აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა კავშირში და აპირებს მთავრობას მიმართოს, რათა ეს სკოლები დაიხუროს.

ბათუმელები“ აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, გია თავამაიშვილს დაუკავშირდა კომენტარისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ საკმაოდ წარმატებული სკოლაა:

„მოგეხსენებათ, ეს კერძო სკოლაა და გავლილი აქვს ყველა ის პროცედურა, რასაც მოითხოვს საქართველოს განათლების სამინისტრო. ამ სკოლაში ძირითადად ქართველი ბავშები სწავლობენ და პედაგოგებიც ქართველები არიან, ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, საკმაოდ ორგანიზებული სკოლაა, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა გამოირჩევა ძალიან კარგი ღონისძიებებით, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოს ისტორიულ დღეებს, დამოუკიდებლობას. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ასეთი განცხადება, რომ ეს ტერორისტების მოსამზადებელი სკოლაა… არა მგონია ასეთი ფორმით ეს თურქეთის კონსულს განეცხადებინა, არასწორი თარგმანის შედეგი შეიძლება იყოს“ – განაცხადა გია თავამაიშვილმა „ბათუმელებთან“.

თუქრეთის კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

ყოფილი იმამი ფეტულა გულენი და მისი მრავალმილიონიანი მიმდევრები თურქეთის მთავრობას მანამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. თავად აშშ–ში დაფუძნებული და გულენთან დაკავშირებული ორგანიზაცია დღევანდელ გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს და გმობს შეიარაღებულ დაპირისპირებას.

ფეტულა გულენი მწერალი და პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. იგი 2013 წელს ჟურნალმა „თაიმსმა” 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა. გულენი მუდმივად უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების როლს საზოგადოების განვითარებაში, გმობს ტეორიზმს. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა. სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მესამე კლასიდან – თურქული, მეხუთე კლასიდან კი – რუსული ენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: