მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა

15.07.2016 • 1719
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბათუმში ვიზიტისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი სასტუმრო „რადისონში“ გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში ამჯერად მხარს დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, პარლამენტმა 10 ივნისს უყარა კენჭი და მხარი არც ერთ მაღგანს დაუჭირა. ანა დოლიძის კანდიდატურა 34 ხმით 4-ის წინააღმდეგ ჩავარდა,  თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა- 27 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ხოლო ნონა თოდუას კანდიდატურა 22 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ჩავარდა.

ლევან ბოძაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2015 წლის 15 ივნისიდან  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. იგი 2014 წლიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. 2014 – 2015 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.

2012 წლის ოქტომბრიდან არის ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი და მკვლევარი. კითხულობს ლექციებს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.

2006 წლიდან დღემდე მისი აკადემიური საქმიანობა მოიცავს ლექციების კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) კონსტიტუციურ სამართალში, ევროპული კავშირის სამართალსა და საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიურ და საკონსულო სამართალში, კიბერსამართალში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: