მთავარი,სიახლეები

კენჭისყრის შედეგები ბათუმის სასამართლოს ხუთი მოსამართლისთვის

15.07.2016 • 1592
კენჭისყრის შედეგები ბათუმის სასამართლოს ხუთი მოსამართლისთვის

მოსამართლეთა კენჭისყრაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 მოქმედი მოსამართლე მონაწილეობდა, მათგან სამი მოსამართლე გამოსაცდელი სამწლიანი ვადით დაინიშნა [2013 წლიდან მოსამაართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, ვიდრე სასამართლო რეფორმით ახალი წესი არ დადგინდება].

ორმა მოსამართლემ – ლაშა თავართქილაძემ და გიორგი გრატიაშვილმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კენჭისყრა ვერ გაიარა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა დავით მამისეიშვილი. ის 2013 წლიდან დღემდე ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა და სასამართლოს თავმჯდომარეა. სასამართლოს მენეჯერის, ივერი აბაშიძის თქმით, დავით მამისეიშვილი თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს, რადგან ის 2013 წელს აირჩიეს ხუთწლიანი ვადით.

გუშინ, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ბურჯანაძე და ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებად დანიშნეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრაში 65 ვაკანსიაზე 122 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან 44 მოსამართლე აირჩია იუსტიციის საბჭომ. არჩეული მოსამართლეებიდან 21 მოქმედი მოსამართლეა, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: