მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უმაღლეს საბჭოში

11.07.2016 • 2148
ზურაბ პატარაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უმაღლეს საბჭოში

დიპლომატი ზურაბ პატარაძე ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩილ ხაბაძის შემცვლელად სახელდება. კანონის თანახმად, მთავრობის მომავალი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი ანუ მინიმუმ 11 წევრი მას მხარს დაუჭერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება. როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების განწყობები მის მიმართ, ვინ აპირებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერას, რომელმა მინისტრმა უნდა დატოვოს პოსტი არჩევნებამდე? „ბათუმელებთან“ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს  უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ჩიტიშვილი ამბობს, რომ ის კარგად იცნობს ზურაბ პატარაძეს და კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში მას სრული მხარდაჭერა ექნება. ჩიტიშვილის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „ზურაბ პატარაძე ჩამოყალიბებული დიპლომატია“.

„მას ძალიან დიდი კავშირები აქვს ყაზახეთში, სადაც ის მუშაობდა, ბევრ ინვესტორს იცნობს, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს რეგიონს,“ – ამბობს დეპუტატი.

„ბათუმელების“ კითხვაზე – უნდა შეიცვალოს თუ არა რომელიმე მინისტრი და კონკრეტულად ვინ? ალექსანდრე ჩიტიშვილს კითხვა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრზე უჩნდება:

„ფინანსთა მინისტრი უშუალოდ მიბმულია მთავრობაზე, ამიტომ უნდა შეიცვალოს“. რაც შეეხება დანარჩენ სამ მინისტრს, ჩიტიშვილის აზრით, „ეს არის სამთვიანი მთავრობა“ და ზურაბ პატარაძე ვისაც წარუდგენს საბჭოს, იმას დაუჭერს მხარს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურის მიმართ   პოზიტიურად არის განწყობილი ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფლების“ თავმჯდომარე, აკაკი ძნელაძეც: „ვიცნობ ამ ადამიანს და თუ დასახელდა კანდიდატად, აუცილებლად დავუჭერ მხარს“. აკაკი ძნელაძის აზრით, პატარაძის მთავარი ღირსება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა და ინტელექტია. „პროფესიონალი დიპლომატია და ყველა მიმართულებით ჩანს მისი პიროვნული კარგი თვისებები. რაც შეეხება მინისტრებს, ცალსახაა, რომ დავით ბალაძე არ უნდა დარჩეს, დანარჩენი სალაპარაკო თემაა.“

ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობის“ თავმჯდომარეა. ამბობს, რომ მას პატარაძისგან დიდი მოლოდინები არ აქვს, რადგან არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენლი და რეგიონს არ აქვს იმის ფუფუნება, მინისტრები და მთავრობის თავმჯდომარე სამ-სამი თვით აირჩიოს: „მინისტრებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ნაწილმა ამოწურა თავისი თავი, მათ შორის ფინანსთა მინისტრმა, რომელსაც საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა უმაღლეს საბჭოსთან, მაგრამ როცა მოვისმინე მისი კომენტარი, სადაც ამბობს, რომ, მეგობრობს პატარაძესთან, ალბათ თანამდებობაზე დარჩება“.

აჭარის უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭო

ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ ის პატარაძის არგუმენტებს დაელოდება და შემდეგ გადაწყვეტს, ხმა მისცეს თუ არა.

როგორც თავად ამბობს, ზურაბ პატარაძეს, „როგორც კარგ დიპლომატს“, კარგად იცნობს ფრაქცია „დემოკრატიული აჭარის“ თავმჯდომარე სულხან ღლონტიც. მისი აზრით, არჩევნებამდე მთავრობის თავმჯდომარის არჩევას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს: „ეს იქნება დროებითი ხელისუფლება, მაგრამ თუ არ იქნება მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი, ბევრი მიმართულებით შეექმნება პრობლემა რეგიონს. ზურაბ პატარაძეს კონკრეტული პროგრამები  აქვს აჭარასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიმღების პრობლემა გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმოიდგინეთ, მთავრობის თავმჯდომარე თუ არ გვეყოლება, რა მდგომარეობაში იქნება მთელი ბიუროკრატია“.

რაც შეეხება მინისტრების ცვლილებას, სულხან ღლონტი ამბობს, რომ ამ საკითხზე არ უფიქრია: „მთავარია, არჩევნების პერიოდში რეგიონს ჰყავდეს ხელისუფლება და მე არ ვაპირებ მონაწილეობას კრიზისის შექმნაში“.

უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის, მედეა ვასაძის აზრით, კრიზისზე საუბარი არარეალურია: „კრიზისი ცალსახად არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი შემადგენლობის არჩევამდე მოვალეობას ასრულებს ძველი შემადგენლობა“. დეპუტატი ზურაბ პატარაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, რადგან როგორც გვეუბნება, ის „ალაგ-ალაგ ოპოზიციონერობას“ არ აპირებს:  „კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. იმდენად, რამდენადაც გახლავართ ოპოზიცია და ოპოზიცია არასდროს არ იღებს პასუხისმგებლობას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე“.

მედეა ვასაძე ამბობს, რომ ის ესაუბრა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თუმცა მისი პასუხები გარკვეულ საკითხებზე სიახლე არ ყოფილა:  „თუმცა, ჩემთან შეხვედრის ინიციატივას ვაფასებ, რაც არ ემსახურებოდა იმას, რომ მე მისთვის მხარი დამეჭირა“.

მედეა ვასაძეს მიაჩნია, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ უნდა იყოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარდგენილი, სხვა მინისტრებს რაც შეეხება, არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და პატარაძემ „ამ ძველი რესურსით უნდა მიიტანოს ხელისუფლება“.

ზურაბ პატარაძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ირაკლი ბარამიძეც, რადგან მისი აზრით, სამ თვეში ის ვერაფერს შეცვლის: „ისევ დაიწყება „ჯერ არ იცის“, „ჯერ შეისწავლის“, „კომისიას შექმნის“- ასეთი ტექსტები. ეს იქნება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, რადგან არჩილ ხაბაძეს არაფერი ჰქონდა მოსახლეობისთვის სათქმელი, ეს შეეცდება ყველაფერი ძველს დააბრალოს და იტყვის, რომ ყველაფერს მომავალში გამოასწორებს“.

რაც შეეხება მინისტრებს, ირაკლი ბარამიძის აზრით, პატარაძის გადასაწყვეტია გააგრძელებს თუ არა ის მოქმედ მინისტრებთან ერთად მუშაობას: „არჩილ ხაბაძის წარუმატებელი მოღვაწეობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი მინისტრების მოღვაწეობასთან“. თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რობერტ ჩხაიძე ამბობს, რომ ზურაბ პატარაძეს მხარს იმიტომ არ დაუჭერს, რომ ბათუმელი არ არის. „ბათუმელი არ არის და აქედან იქნება ჩემი ამოსავალი გადაწყვეტილების მიღების დროს“. მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუკი ხელისუფლება მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ადგილობრივ კადრს შეარჩევს.

რაც შეეხება მინისტრების ცვლილებას, რობერტ ჩხაიძის აზრით, ისინი ისედაც დროებით მოვალეობას ასრულებენ. „რაც ხდება, ის არ არის მხოლოდ ერთი კაცის ბრალი, არამედ მთელი გუნდის, ცუდად გაკეთებული საქმისთვის მთავრობის თავმჯდომარე მიდის, ვფიქრობ, გუნდიც თან უნდა წაყვეს“.

გიორგი მარგველაშვილს პატარაძის კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია უმაღლესი საბჭოსთვის. პრეზიდენტს ამისთვის კიდევ რამდენიმე დღე აქვს. თუ  უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უმაღლესი საბჭოს დათხოვნის უფლება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: