მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტის მილიონიან ცვლილებას განიხილავს

10.07.2016 • 1528
ბათუმის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტის მილიონიან ცვლილებას განიხილავს

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო 12 ივლისის სხდომაზე კენჭს უყრის მერიის მიერ წარდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 063 513 ლარით იზრდება. იმავე კანონპროექტით, ზუსტად ამდენივე ლარით გაიზრდება ბიუჯეტის ხარჯებიც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით  ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე – 97 413 ლარით; სხვა შემოსავლების ზრდის ხარჯზე კი – 966 100 ლარით.

„სხვა შემოსავლებში“ მერია გულისხმობს ბიუჯეტის შემოსულობების ზრდას, გარკვეულ ეკონომიებს ტენდერებიდან და ასევე ზოგიერთი ღონისძიების საერთოდ ამოღებას წელს განსახორციელებელ საქმიანობათა ნუსხიდან.

როგორც პროექტიდან ჩანს, ერთ მილიონზე მეტი ლარით, ძირითადად, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გაიზრდება. რა თქმა უნდა, თუ საკრებულო მერიის პროექტს დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ წინა სხდომის წინ, საკრებულოს ბიურომ ერთ-ერთი საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. ეს საკითხი, 12 ივლისის დაგეგმილ სხდომაზე ისევ დღის წესრიგშია. საქმე ეხება რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც გარკვეული პირობით ითხოვს კომპანია, რომლის მეპატრონეც  ყოფილი ჩინოვნიკი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შეწირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა, წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით უკვე გაზარდა. თანხა მაშინაც ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა, რის შედეგადაც ბათუმის ბიუჯეტი გაცილებით სოციალურია, ვიდრე მანამდე იყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: