მთავარი,სიახლეები

სტიქია ქობულეთში – სოფლებიდან ხუთი ოჯახია ევაკუირებული

10.07.2016 • 1757
სტიქია ქობულეთში – სოფლებიდან ხუთი ოჯახია ევაკუირებული

ქობულეთის გამგეობამ გეოლოგების მოთხოვნის საფუძველზე საცხოვრებელი სახლიდან ხუთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ცეცხლაძის ინფორმაციით, საშიშროება გუშინ, 9 ივლისს, განვითარებულმა მცირე მეწყერებმა გამოიწვია.

გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, გუშინ მცირე მეწყერები განვითარდა შემდეგ სოფლებში: ხალა, აჭყვისთავი, ჩაისუბანი, ჭახათი, ზედა აჭყვა. ხოლო გეოლოგების მოთხოვნით სახლის დატოვება მოუწია ერთ ოჯახს სოფელ ლეღვაში, ერთ ოჯახს – ხალაში, ერთს – ჭახათში, ხოლო ორ ოჯახს – სოფელ ზედა აჭყვაში.

მეწყრული პროცესების შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ამ დროისთვის დაზიანებულ გზებზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ქობულეთის გამგეობის ინფრომაციით საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სტიქიასთან ბრძოლის შტაბი. გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 100 107. ზარი უფასოა.

გამგეობის ინფორმაციით, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალი“. მობილური ბრიგადები აწარმოებენ სოფლის წყალსადენი სისტემების სათავე ნაგებობების გაწმენდით და დაზიანებული მაგისტრალების აღდგენით სამუშაოებს.

სტიქიის შემსწავლელი კომისია კი ზარალს ითვლის და შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გეოლოგიური კვლევა.

გადაბეჭდვის წესი