კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ.

„იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და თანხა მათაც ასაღები აქვთ. როცა დაკეტეს კაზინო, გვითხრეს,რომ ოთხ დღეში გაიხსნებოდა, თუმცა დღემდე არ გახსნილა. გავიდა ერთ კვირაზე მეტი, ვურეკავთ დირექტორს –  გიორგი ჯაფარიძეს და არ გვპასუხობს. დღეს დამელაპარაკა და 27 ივლისამდე მოითმინეთ, შემდეგ დავიწყებთ მუშაობას, დაამშვიდეთ თანამშრომლებიო“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეა  გაფრინდაშვილი, რომელიც „კამპიონეში“ სლოტის სუპერვაიზერად მუშაობს.

სამორინე „კამპიონეს“ თანამშრომლები

სამორინე „კამპიონეს“ თანამშრომლები

გაურკვევლობაში მყოფი თანამშრომლები [მათივე თქმით, ისინი 50-ზე მეტნი არიან] ამბობენ, რომ სამორინეს ლიცენზია 28 ივლისამდე აქვს:  „27 ივლისამდე იმიტომ უნდათ ჩვენი გაჩერება, შემდეგ გამოაცხადებენ ბანკროტს და არათუ სამუშაო ადგილები, რაც ასაღები გვაქვს კუთვნილი ხელფასის სახით, იმასაც დავკარგავთ. ალბათ, ეს უნდათ… ამიტომ, თუ კონკრეტულ პასუხს ადმინისტრაციისგან ვერ მივიღებთ, უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს“.

თანამშრომლები ეჭვობენ, რომ კაზინო აღარ გაიხსნება: „როგორც ყველგან, „კამპიონეშიც“ დგას სხვადასხვა ფირმის აპარატები. ამ ფირმების წარმომადგენლებიდან ვიცით, რომ ეს აპარატები უნდა გაიტანონ და გადასცენ იჯარით სხვებს, შესაბამისად, თუ კაზინოში არ დგას აპარატები და მაგიდები, ბუნებრივია კაზინო ვერ იმუშავებს“.

„კონტრაქტებსაც არ გვაძლევენ თანამშრომლებს. ზოგს აქვს, ზოგს არა. ხელფასს ვიღებდით ხელზე, ისიც, თვეში ხან 200, ხან  300 ლარს მოგვცემდნენ და ეგ იყო, ვითმინეთ ვიღაცის ხათრით, რაღაცით და ბოლოს გამოგვყარეს და დაკეტეს კაზინო. ისიც კი გვითხრეს, სადაც გინდათ გვიჩივლეთო“ – ამბობენ „კამპიონეს“ თანამშრომლები.

შენობაში, რომელიც ახალ ბულვარში მდებარეობს, ამჟამად ბარი ფუნქციონირებს. „ბათუმელები“ შეეცადა სამორინეს ხელმძღვანელებთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა.

„კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, სამორინეს შპს „სსგ კომპანია“ ამუშავებს. 2016 წლის აპრილიდან ამ კომპანიის დირექტორია გიორგი ჯაფარიძე. კომპანია 2015 წლის 16 იანვარსაა დაფუძნებული და მისი 100% წილის მფლობელია ივანე ჩიღვინაძე. კომპანიის მთლიანი წილი დაგირავებულია და რეესტრის ამონაწერის მიხედვით კრედიტორები „საქართველოს ბანკი“ და გოჩა მეგრელიძე არიან.

„სსგ კომპანიის“ მესაკუთრე ივანე ჩიღვინაძე, რომელიც დაკავებული იყო  2011 წელს [სსსკ-ის 187-ე, 353-ე და 118-ე მუხლების გათვალისწინებით], სასამართლომ „ბურჯანაძის მძღოლების საქმეზე“ გაასამართლა. იგი ბურჯანაძის პარტიის წევრი და მისი თანაშემწე იყო. ივანე ჩიღვინაძე პოლიტპატიმრის სტატუსით იმ სიაშიც იყო შეყვანილი, რომელიც 2012 წელს პარლამენტს წარუდგინეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ივანე ჩიღვინაძე ფიგურირებდა ასევე კაზინო „აჭარასთან“ დაკავშირებულ დავაში. გავრცელებული ინფორმაციით მან კაზინო „აჭარას“ 2009 წელს გაცემული სესხის დაუბრუნებლობის გამო უჩივლა, სასამართლომ კი, 2013 წელს, კაზინო „აჭარას“ ჩიღვინაძის სასარგებლოდ 2,5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

„კამპიონეს“ თანამშრომლები ამბობენ, რომ „ივანე ჩიღვინაძე წელს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ახლა ჩვენი საქმის გახმაურება არ აწყობს“.

სამორინე „კამპიონე“

სამორინე „კამპიონე“

რაც შეეხება ტერიტორიას, სადაც „კამპიონეს“ შენობა დგას, ის ბათუმის მერიის საკუთრებაა. ტერიტორია 2011 წელს გადაეცა როლანდ პაიჭაძეს სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით. შემდეგ, 2012 წელს კი ხელშეკრულების მხარედ პაიჭაძის ნაცვლად განისაზღვრა შპს „აზარდო“, რომელსაც დაევალა შენობის დასრულება. ინვესტიციის გაზრდის სანაცვლოდ კი, ბათუმის მერიამ გაათავისუფლა კომპანია პირგასამტეხლოს გადახდისგან, თუმცა დამატებით გადასცა იქვე მდებარე ნაკვეთები.

საბოლოოდ, 2012 წელს, შპს „აზარდო“-ს 2040 წლის 17 ივნისის ჩათვლით ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით და სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ბათუმის საკუთრებაში არსებული: 618კვ/მ და  78 კვ/მ მიწის ნაკვეთები და წლიური აღნაგობის საზღაურად განისაზღვრა 17 500 ლარი.

„აზარდოს“ პარტნიორები საჯარო რეესტრის 2016 წლის 6 ივნისის ამონაწერის მიხედვით, არიან უკრაინის მოქალაქე სერგიი მესჩერიაკი [წილის 50%] და თორნიკე ტუღუში [50%].

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია შპს „აზარდოს“ იჯარით აქვს გადაცემული შპს „სსგ კომპანიისთვის“ 2020 წლამდე. სამორინე „კამპიონე“ ბათუმში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიხსნა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ქალაქის ბიუჯეტში „სსგ კომპანიას“ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემდეგ არ გადაუხდია.

„კამპიონეს“ ჩათვლით, ბათუმში 11 კაზინო ფუნქციონირებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com