„იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით

7 ივლისს ბათუმის მერიაში პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის წარდგენა-განხილვა მოეწყო.

პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ „იაფი სახლის“ პროგრამის ახალი სახელწოდებაა. კრიტერიუმებისა და შერჩევის ინსტრუმენტის შემუშავებაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი მუშაობდა მერიის დაკვეთით. განახლებული სახელწოდებით წარმოდგენილი პროგრამისათვის კრიტერიუმები პროგრამის სპეციალური კომისიის წევრებს იაგო კაჭკაჭიშვილმა და მამუკა ნადარეიშვილმა წარმოუდგინეს.

„პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის ის ნაწილი, ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ, საშუალო ფენად, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეძლოს ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორიც არის ადეკვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • კრიტერიუმების თანახმად ოჯახში, რომელსაც სურს „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის“ პროგრამაში მონაწილეობა, ყველა წევრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
  • ცვლილებაა შესული კრიტერიუმში, რომლის თანახმადაც ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ბათუმში – ახალი ვერსიის მიხედვით, პროგრამით სარგებლობის მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრი მაინც იყოს რეგისტრირებული ბათუმში, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
  • ოჯახს არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან/და კომერციული ფართობი 10 კვადრატულ მეტრზე დიდი ზომის.
  • ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი არ უნდა ეკუთვნოდეს ოჯახის უფროსის ბებიას/ბაბუა/მშობელს/შვილს/შვილიშვილს.
  • ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.
  • ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მინიმალურ ყოველთვიურ გადასახადზე მინიმუმ ორჯერ მეტი.
  • ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
    ორსულიანი ოჯახის – 1800 ლარს;
    სამსულიანი ოჯახის – 2400 ლარს;
    ოთხ და მეტსულიანი ოჯახის – 3000 ლარს.
  • თუ ოჯახი ამჟამად ქირით ცხოვრობს, ეს ქირა არ უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ყოველთვიური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტი.
  • თუ ოჯახი გირაობს საცხოვრებელს, მაშინ გირაობის თანხა არ უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის“ პროგრამით გათვალისწინებული ბინის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტი.
  • ოჯახი უნდა ეთანხმებოდეს პროგრამის პირობებს.

წარმოდგენილი სამუშაო ვერსიის თანახმად ერთ და ორსულიან ოჯახს 37 კვ.მ. ფართობის ბინის შეძენა შეეძლება, 3-4 სულიან ოჯახს – 56-58 კვ.მ-ის, ხოლო ხუთ და მეტსულიან ოჯახს – 73 კვ.მ. ფართობის ბინის შეძენა შეეძლება, თუ კი ის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და სარეიტინგო ქულების კონკურსში გაიმარჯვებს. სარეიტინგო ქულები 0-85 000 ითვლება და რაც უფრო მაღალი ქულა ექნება აპლიკანტს, მით მეტი შანსია რომ იგი შეძლებს პროგრამაში ბინის შეძენას.

სარეიტინგო ქულები სამი ინდექსით დაითვლება: გადახდისუნარიანობა, ბინის საჭიროების ინდექსი და გამფილტრავი კომპონენტი. გამფილტრავი კომპონენტი წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი მინიმალური მოთხოვნების არსებობა-არარსებობას. თუ კი რომელიმე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს აპლიკანტი, მაშინ ეს ინდექსი ნულს გაუტოლდება და ფორმულაში ნულზე გამრავლებით შესაბამისად აპლიკანტი 0 ქულას მიიღებს. ხოლო თუ აპლიკანტი ყველა მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ეს ინდექსი 1-ის ტოლი იქნება.

თითოეული ინდექსი სხვადასხვა კოეფიციენტით ითვლება:

გადახდისუნარიანობა –  ოჯახის ჯამური შემოსავალი; ოჯახში დასაქმებულ წევრთა რაოდენობა; სტაბილურად დასაქმებულ პირთა რაოდენობა; კომუნალური გადასახადების გადახდისუნარიანობა; ქირით ცხოვრების შემთხვევაში გადახდის სტაბილურობა. [საბანკო დავალიანების შემთხვევაში მისი გადახდის სტაბილურობა, პერიოდი და მოცულობა].

ბინის საჭიროების ინდექსი – საჭიროების შეფასება; უბინაობის დამატებითი წლები [რამდენი წელია უბინაოდაა აპლიკანტი – უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტს, რომელიც უფრო მეტი წელია უბინაოდ ცხოვრობს]; პირობების ცალსახად მისაღებებობა; ბათუმში რეგისტრაციის დამატებითი წლები; ოჯახში მკვეთრად და ზომიერად გამოხატული შშმ წევრის ყოლა; ახალდაქორწინეული ოჯახი; სხვადასხვა სპეციალური კატეგორიის მქონე [მაგ: ვეტერანი წევრი ოჯახში, მარჩენალდაკარგული და ა.შ.]; ამჟამინდელი საცხოვრისის მდგომარეობა; ქირით ცხოვრების შუალედი.

კომისიამ 25 ივლისისთვის დაგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა და განხილვა. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს ვერსია დამტკიცების შემთხვევაში ოპტიმალურია ამ პროგრამისათვის: „პილოტირებაც მოვახდინეთ და ამან აჩვენა, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კრიტერიუმები და შერჩევის ინსტრუმენტი რეალურად მუშაობს, ჩვენ იდეალური ოჯახი გვყავს, ხუთსულიანი, რომელმაც ამ კრიტერიუმებით 82 000 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებიც შეძლებენ ამ პროგრამით სარგებლობას და მათ გამოსავლენად ეს კრიტერიუმები მუშაობს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ამავე სამუშაო ვერსიით ბინის ქირის გადახდა ბენეფიციარებს მინიმალური ყოველთვიური შენატანით 15 წლის განმავლობაში მოუწევთ. ერთ და ორსულიანი ოჯახისათვის ეს თანხა 189 ლარია.

ბათუმის მერია ე.წ. „იაფი სახლის“ შესახებ 2014 წლიდან საუბრობს, თუმცა პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მერიის ინფორმაციით, ე.წ. „იაფი სახლის“ სამშენებლო სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. 3 174 კვმ ტერიტორიაზე ხუთსართულიანი სახლი აშენდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთლმოწყობა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 279 ათას 990 ლარია გამოყოფილი. ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა. სახლის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

?

?

20160707_150520

ამავე თემაზე:

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან