მთავარი,სიახლეები

ყოფილი ჩინოვნიკი და „ოცნების“ შემწირველი ბათუმის ბულვართან მიწის ნაკვეთს ითხოვს

05.07.2016 • 4223
ყოფილი ჩინოვნიკი და „ოცნების“ შემწირველი ბათუმის ბულვართან მიწის ნაკვეთს ითხოვს

დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციებას გეგმავს. კომპანიის მეპატრონე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის ყოფილი უფროსი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შეწირა. ქონების აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს ხვალ, 6 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. მიწის ნაკვეთს კი მთავრობა შემდგომში ინვესტორს გადასცემს.

დაინტერესდებიან თუ არა საკრებულოს წევრები რა სახსრებითა და გამოცდილებით გეგმავს ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას ბათუმში, ეს 6 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება.

IMG_20160705_210241

მიწის ნაკვეთი, რომელსაც აკაკი სონგულია აჭარის მთავრობისგან და ბათუმის მერიისგან ითხოვს

ბათუმის დელფინარიუმთან, „ჰილტონის“ მიმდებარედ, სასტუმროს აშენების იდეაზე წინა მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აკაკი სონგულიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს წერილობით აცნობა და წინადადების განხილვა სთხოვა.

ამ წერილის მიხედვით, ინვესტორს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა პირდაპირი წესით, 1 კვ/მ-ის 300 აშშ დოლარად სურს [ჯამში 3263 კვ/მ] და ძირითად პირობასთან ერთად ინვესტორი მთავრობას სხვა ვალდებულებების აღებასაც ჰპირდება.
მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით ინვესტორის წინადადების განხილვაზე მოსაზრების დაფიქსირების თხოვნით ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, თავის მხვრივ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომაც მიმართა. საპასუხო წერილში ჩანს, რომ ბათუმის მერი თანახმაა იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის მთლიანი ოდენობა – 978 900 ამერიკული დოლარი კომპანიის მიერ ჩაირიცხება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

საკრებულომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა, რომელსაც სხდომაზე უყრიან კენჭს.
რეესტრის მონაცემების მიხედვით კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ 2016 წლის 8 ივნისს ქუთაისშია დაფუძნებული. კომპანიის იურიდიულ მისამართად კი მეპატრონის სახლის მიმსარათი – ქუთაისი, მ. კოსტავას ქ., № 63 – ია მითითებული. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მაღალჩინოსანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი, აკაკი სონგულიაა.

რეესტრის მონაცემებით აკაკი სონგულია კიდევ ერთი კომპანიის „სოლუშენს ვესტ“ – ის მეწილედ ფიქსირდება, ის ამ კომპანიის 40%-ს ფლობს, კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული. ამ წელს ჩააბარა სონგულიამ ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც თანამდებობის პირმა. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იმ დროისთვის, ის და მისი ოჯახის წევრები მნიშვნელოვან ფულად დანაზოგს არ ფლობდნენ.

IMG_20160705_210124

ტერიტორია, რომლის გასხვისების ბედი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს

ინვესტორის წერილის მიხედვით, ნებართვის მიღების შემთხვევაში, ის ააშენებს ასნომრიან სასტუმროს, სადაც განთავსდება მაღალი კლასის ნომრები, რეზიდენსები, საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაფე-ბარი, სატრენაჟორო და სხვა… ხოლო სასტუმროს მართვას განახორციელებს საერთაშორისო ბრენდის მქონე ოპერატორი, რომელიც არის მსოფლიოს მასშტაბის სასტუმროების ფრენჩაიზორი.

ამ წერილებში და არც განკარგულების პროექტში, არ არის საუბარი იმაზე თუ კონკრეტულად რომელ ოპერატორთან აქვს შეთანხმება ინვესტორ სონგულიას.

სონგულია პირობას დებს, რომ  სასტუმროს მშენებლობის დასრულება და ექპლუატაციაში გაშვება განხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის ვადაში.

ბათუმის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში კომპანია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას გასწიოს ხარჯები აჭარის მაღლმთიანეთის სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარებისთვის. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ აჭარის მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილას კომპანია მოაწყობს საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტს, ბავშვთა გასართობ სივრცეს და ღია სპორტულ მოედანს რომელზეც ზამთრის სეზონზე შესაძლებელი იქნება საციგურაო მოედნის მოწყობა, ხოლო დანარჩენი დროის პერიოდში საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა თამაშების ორგანიზება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: