კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში

30.06.2016 • 9516
მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში

ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს ბანაკებში.

საქართველოში ყველაზე დიდ, მოსწავლეთა ათდღიან საზაფხულო – „მომავლის ბანაკს“ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან მართავს. „მომავლის ბანაკი“ ჩაენაცვლა ბანაკ „პატრიოტს“, რომელიც 2005 წლიდან ყოველ ზაფხულს ტარდებოდა. არსებითი განსხვავება ამ ბანაკების პროგრამებს შორის ის არის, რომ „პატრიოტი“ გათვლილი იყო 15-23 წლის ახალგაზრდებზე, მათ შორის უცხოელებზეც. „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობა კი მხოლოდ საქართველოს საჯარო სკოლების წარჩინებულ 14-18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ [უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახების მოზარდებს].

ბოლოს ბანაკი „პატრიოტი“ 2012 წელს ჩატარდა ანაკლიაში აშენებულ სპეციალურ საბანაკე კომპლექსში, სადაც რამდენიმე სამსართულიანი კორპუსი და სპეციალურად შემოსაზღვრული ეზოა. „მომავლის ბანაკიც“ ამ კომპლექსში ტარდება. როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თეა ყიფშიძე აღნიშნავს, ეს საბანაკე კომპლექსი არ არის ადაპტირებული და არც შენობები იძლევა მათი ადაპტირების საშუალებას, რის გამოც ბანაკი ვერ მასპინძლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.

„ვგეგმავთ ეს პრობლემა როგორმე გადაიჭრას“, – ამბობს თეა ყიფშიძე. მისივე თქმით, წელს 2 304 მოსწავლე დაისვენებს ანაკლიის „მომავლის ბანაკში“, მათგან 144 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჰერეთიდან, 50 დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი არასრულწლოვანები და 60 ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის“ გამარჯვებული. ბანაკი რვა ეტაპად ჩატარდება და თითოეულ ეტაპზე 288 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

„მომავლის ბანაკის“ ორგანიზებაში მონაწილეობენ განათლების, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროები.

რაც შეეხება ლიდერების შერჩევას, როგორც თეა ყიფშიძე ამბობს, ბანაკში მოხვედრილ ლიდერს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა უნარ-ჩვევები, კარგი ფიზიკური მომზადება და უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო უნარებს.

„24 მოსწავლეს ჰყავს ორი, 21-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ლიდერი – გოგო და ბიჭი. ტერიტორია არის შემოსაზღვრული და გვყავს დაცვის სამსახური, ასევე ხუთი მაშველი, ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ზღვისთვის მოსწავლეებს განკუთვნილი აქვთ ერთი საათი, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ასევე ბანაკის ტერიტორიაზეა სახანძრო მანქანა, – გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სახანძროს გამოძახებისთვის დრო რომ არ დაიხარჯოს. ტრანსპორტირების პროცესში მოსწავლეებს პატრულის ეკიპაჟი აცილებს. გვყავს კვების ექსპერტიც, რომლის ბანაკში მოსვლის შემდეგ კვებითი ინტოკსიკაციის შემთხვევა არ გვქონია“, – ამბობს თეა ყიფშიძე.

მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა ბანაკში იმ ბავშვების კვების საკითხია, რომლებიც [ქრისტიანულ] მარხვას ინახავენ. „ვერ ვითვალისწინებთ, რადგან ბავშვის რაციონისთვის ეს არის დაშვებული. ჩვენ გავლილი გვაქვს კონსულტაციები სასულიერო პირებთან, ნებისმიერი მამაო, ბავშვს რომელიც ათი დღით მოდის ბანაკში, მისცემს კურთხევას“, – ამბობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

როგორც საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შეიქმნა „ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით“. თეა ყიფშიძის თქმით, ბანაკის ბიუჯეტი გასულ წელს [1 728 მოსწავლე] მილიონ-ნახევარი ლარი იყო. წელსაც, იმავე ბიუჯეტით, „მომავლის ბანაკის“ გარდა, სტუდენტური საზაფხულო „შაორის ბანაკიც“ უნდა მოეწყოს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის პროგრამებით გათვალისწინებული საბანაკე აქტივობითაც. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის, სულხან დუმბაძის თქმით, წელს იგეგმება შერეული ბანაკი, სადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები [უკვე აბიტურიენტები] და სტუდენტები [სულ 50] შეძლებენ ბანაკში გამგზავრებას. მხოლოდ მოსწავლეებისთვის დეპარტამენტს საზაფხულო ბანაკი არ აქვს დაგეგმილი.

ამ ბანაკთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული, თუმცა, როგორც სულხან დუმბაძე ამბობს, ორგანიზების საკითხებში დეპარტამენტი მონაწილეობს და შესაბამისი კრიტერიუმებით არჩევენ პერსონალსა თუ ლიდერებს:

„ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, ასევე სხვადასხვა სერტიფიკატი უნდა წარმოადგინოს ლიდერობის მსურველმა, რითაც დაადასტურებს, რომ გავლილი აქვს შესაბამისი სასწავლო კურსები/ტრენინგები“.
ითვალისწინებენ თუ არა ლიდერთა შერჩევისას ფიზიკურ მომზადებას, თუნდაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს, დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი პასუხობს: „გათვალისწინებულია, გათვალისწინებულია, გათვალისწინებულია…“

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წელს საზაფხულო ბანაკები დაგეგმილი არ აქვთ, თუმცა გამოყოფილია 8 000 ლარის გრანტი, რომლის მოპოვებაც შეუძლია შესაბამის ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, მათ შორის საზაფხულო ბანაკის ორგანიზებისთვის. გასულ წელს კი მერიის იგივე განყოფილება სამთო ბანაკებს მართავდა 17-27 წლის ახალგაზრდებისთვის, სადაც მოსწავლეებსაც შეეძლოთ მონაწილეობა. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამვერიძე ამბობს, სამთო ბანაკებში ახალგაზრდებს სპეციალისტებიც ახლდნენ.

7-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის ორკვირიან ინგლისურენოვან ბანაკს აწყობს ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „ბიბისი“. ბანაკში მონაწილეობა ფასიანი და ერთი მოსწავლისთვის 850 ლარი ღირს. ეს არის სასტუმროში განთავსების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების, ინგლისურ ენაში ყოველდღიური გასართობ-ინტერაქტიული სემინარების, სამედიცინო უზრუნვლყოფის, პრიზების, საჩუქრებისა და ინგლისური ენის სერტიფიკატის ხარჯი. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნათია თანანაშვილი ამბობს, ბანაკები ბაკურიანის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში იმართება. ყოველ ათ მოსწავლეზე განსაზღვრულია ერთი სუპერვაიზერი-ზედამხედველი, რომელიც მოსწავლეების მოვლა-პატრონობაზე აგებს პასუხს, ავარჯიშებს მოსწავლეებს ენერგიული თამაშებით და ა.შ. ყოველ 20 მოსწავლეზე კი ჰყავთ ერთი პედაგოგ-მასწავლებელი, რომელიც სემინარებს უძღვება. ყოველ ჯერზე ბანაკში ჰყავთ ორი პედიატრი. ნათია თანანაშვილის თქმით, ერთ ბანაკში მაქსიმუმ 60 ბავშვი მონაწილეობს.

ორგანიზაცია „ეკოხედვა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქესთან“ ერთად მართავს ეკობანაკებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შეუსრულდათ 14 წელი. ამ ბანაკში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეები გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინაში გამარჯვებულები არიან. ეკობანაკები ერთკვირიანია და ურეკში, ცემსა და თუშეთში ეწყობა, სასტუმროებში. ერთი დღე ეთმობა კარვებით ლაშქრობას.

„ექიმიც გვყავს და შესაბამისი თემატიკის სპეციალისტიც, მაგალითად, ალპინისტები. უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილია, ლიდერებად გამოცდილი თანამშრომლები მიგვყავს, რომლებთანაც გვიმუშავია და ვიცნობთ“, – აღნიშნეს ორგანიზაცია „ეკოხედვაში“, სადაც ასევე განმარტეს, რომ გასულ წელს სამასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას ეკობანაკებში, წელს კი ოთხასამდე მოსწავლისთვისაა დაგეგმილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: