მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე არჩილ ხაბაძის ნაცვლად?

28.06.2016 • 2810
ზურაბ პატარაძე არჩილ ხაბაძის ნაცვლად?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ის ამ დრომდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე სამთავრობო წყარომ დაუდასტურა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მასთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებს. ეს ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტივილმა დაადასტურა: „ჩვენ მას შევხვდით ბათუმში, რადგან გვაინტერესებდა ყაზახური ინვესტიციები. ეს იყო მეგობრული შეხვედრა და მეტი არაფერი. აჭარას ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე და მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ ის მინიმუმ, არჩევნებამდე რაიმეს ელოდება“.

მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას არჩილ ხაბაძის შესაძლო წასვლის შესახებ.

ხაბაძის იმპიჩმენტის უკვე დაანონსსებული პროცედურის დაწყებას უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ითხოვს. უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატის ინფორმაციით, ხაბაძე იმპიჩმენტის პროცედურით არა, მაგრამ ამ პროცედურის შემდეგ საკუთარი განცხადებით წავა.

ზურაბ პატარაძე ბათუმელია. მას აქვს სახლი ქობულეთში. ორი ბინა თბილისში, მათ შორის ერთი 2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით იპოთეკითაა დატვირთული.

არჩილ ხაბაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 2013 წელს ზურაბ პატარაძე იყო საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: