მთავარი,სიახლეები

საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

27.06.2016 • 2309
საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ ბათილად გამოაცხადა ხელვაჩაურის საკუთრების კომისიის ის ოქმი, რომლის მიხედვითაც, გონიოში 271 ოჯახს მიწის საკუთრების უფლება 2010 წელს ჩამოართვეს.

„კომისიამ მიიჩნია, რომ საკუთრების ჩამორთმევა მოხდა არა კანონმდებლობით გამყარებული საფუძვლებით, არამედ ხელოვნურად გამოგონილი მიზეზებით” – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილმა.

„გილოცავთ ყველას, ჩვენი მოთხოვნა შესრულებულია“ – უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა გონიოელმა ენვერ ირემაძემ აქციის მონაწილეებს. მიწის საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია ბათუმის საკრებულოსთან 14 ივნისიდან დღემდე გრძელდებოდა. 

კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულმა გონიოელმა ინდივიდიალურად უნდა მიმართოს საკუთრების აღიარების კომისიას: „მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, მათ აღუდგებათ საკუთრება“ – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. ის არ აკონკრეტებს, რამდენია ასეთი ოჯახი, ვისი მიწის საკუთრების აღიარებისთვის საკმარისი პირობა არსებობს.

„ეს დადებითი გადაწყვეტილებაა და იგი მოქალაქეებს გაუადვილებს სასურველი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კომისიას სამთვიანი ვადა ექნება იმისთვის, რომ ხელახლა შეისწავლოს თითოეული შემთხვევა. თუკი კომისია რომელიმე მოქალაქეს საკუთრებაზე უარს ეტყვის, მას ექნება საფუძველი, მიმართოს სასამართლოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

დღევანდელ ბრიფინგზე განმარტებები გააკეთა ლევან კინწურაშვილმაც, ბათუმის საკრებულოს მიწის საკურების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ: „თავდაპირველად რეესტრი დაადგენს ზედდებას, რადგან ეს მიწები ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაა. ზედდების კომისიის შემდეგ განაგრძობს მუშაობას ჩვენი კომისია“.

„რატომ გაუჭირდა კომისიას გადაწყვეტილების მიღება დღემდე და გაირა თუ არა კონსულტაციები კომისიამ მთავრობის ეკონომიკურ საბჭოსთან?“ – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ლევან კინწურაშვილმა უპასუხა, რომ კომისიას ბევრი რამ ჰქონდა დასაზუსტებელი და კონსულტაციებიც გაიარა, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან. კინწურაშვილის მტკიცებით, კომისიის კონსულტაციები მხოლოდ იმ ნაწილს შეეხებოდა, რომ ამ მიწებთან ახლოს მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვდირეობის ძეგლი – გონიო-აფსაროსის ციხე.

გონიოს ციხეს კანონმდებლობა იცავს, რომლის მიხედვითაც, ძეგლიდან 500 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები.

გონიოში მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობასა და შესაბამის სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით ბათუმის მერიასა და საკრებულოს რამდენიმე დღის წინ საზოგადოება „ბათომმაც“ მიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: