კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში

26.06.2016 • 3499
რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში

10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ.

2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების სახით ქმნის დირექციის მაკონტროლებელ ბერკეტს, რომელიც ასევე წარმოადგენს ავტონომიურობის ერთგვარ გარანტს. სკოლების ავტონომიურობა და მონაწილეობით მართვის პრინციპზე გადაყვანა დღემდე პროცესშია და ხშირად სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რამდენიმე სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეულ, ძველ და განმეორებით არჩეულ წევრებს. მათი შეფასებით სამეურვეო საბჭოს საქმიანობის განსაზღვრული უფლებამოსილებები, სკოლის მართვის ლეგიტიმაციას აძლევს.

მე-15 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თამარ ხუნდაძე ორი ვადით [6 წელი] მონაწილეობდა სამეურვეო საბჭოში. მისი თქმით, საკითხები ყოველთვის კონსესუსის პრინციპით წყდებოდა და საბჭოში დაყენებულ სადავო საკითხს ვერ იხსენებს: „ჩვენ ყოველთვის კარგად ვთანამშრომლობდით დირექტორთან. ბიუჯეტის დამტკიცება იქნებოდა ეს თუ სხვა სასკოლო ყოველდღიური საკითხები“. მისივე თქმით, რაიმე სახის პრობლემა ან ნაკლოვანება სამეურვო საბჭოს მიერ სკოლის მართვის საქმიანობაში, რომელსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება, აქამდე არ გამოკვეთილა. ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოში ჩართული მოსწავლეები უმეტესად ატიურად მონაწილეობდნენ საბჭოს საქმიანობაში, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. რაც შეეხება დამატებით პასუხისმგებლობასა და აუნაზღაურებელ შრომას, ამ ენთუზიამს სკოლისა და პედაგოგიური საქმიანობის სიყვარულით ხსნის. სწორედ ამ მიზეზებით იყო სამეურვეო საბჭოს წევრი მაქსიმალური ვადით.
ამავე სკოლის პედაგოგი, ირმა მახარაძე ახალჩამოყალიბებული სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს, რიგ შემთხვევებში, უფლებათა გაზრდით უკეთესად შეეძლებოდა საქმიანობის წარმართვა.

„ბევრი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა მუზეუმიც გავხსნათ, თავად ეს სკოლა დავამთავრე. ასევე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისთვის გავატაროთ რიგი ღონისძიებები. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა, აქ უფლება გვეძლევა გარკვეული საკითხები ჩავსვათ, რასაც სკოლისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება“, – ამბობს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეული წევრი ელზა ზაქარეიშვილი. ის წელს პირველად მოხვდა სამეურვეო საბჭოში. როგორც ელზა ზაქარეიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ რამდენიმე კათედრის წარმომადგენლებს ესაუბრა და საკუთარი ხედვები წარუდგინა.

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი, ნუგზარ სურმანიძე ამბობს, რომ მისი ამ სკოლის დირექტორობის პერიოდში მეოთხე სამეურვე საბჭო ჩამოყალიბდა.

„თანამშრომლობის პრობლემა არასდროს გვქონია. რამდენიმე ინიციატივაც ჰქონდათ, მაგალითად, ფორმიანობის, გახანგრძლივებული კლასების და სხვა საკითხების შესახებ და ერთობლივად ვახორციელებდით“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

ანა გათენაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრია საშუალო საფეხურზე. ის მესამე წელია, რაც მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაშია ჩართული. როგორც ანა ამბობს, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ავტომატურად ირჩევა სამეურვეო საბჭოს წევრად.

„წელს ნაკლებაქტიურად ვიყავი ჩართული. მანამდე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას შეხვედრებში. იდეებს ჩამოვთვლიდით, მერე ვიღებდით გადაწყვეტილებას რომელი იყო საუკეთესო, პროექტის სახით ვამუშავებდით და თავმჯდომარეს გაჰქონდა სამეუვეო საბჭოს სხდომაზე“, _ ამბობს ანა და ორ პროექტს იხსენებს: „პროექტი გვქონდა, „ორატორი“ ერქვა _ საჯარო გამოსვლების პრინციპზე. მაშინ სამეურვეო საბჭომ გამოგვიყო ფინანსები. ასევე იყო სილამაზის კონკურსიც. თუმცა სხვა ყველა აქტივობაც ძირითადად მათთან იყო შეთანხმებული“.
სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სხვა ინფორმაციას ანა არ ფლობს. ამბობს, რომ ამ საკითხში არ არის კარგად ჩახედული.

მშობლის სტატუსით ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში მოხვდა მაია დუმბაძე. მისი შვილი მეორე კლასში გადავიდა. როგორც მაია ამბობს, მისთვის უცხო არ არის სასკოლო საქმიანობა, თუმცა სამეურვეო საბჭო ნამდვილად ახალი გამოწვევაა: „სკოლის ცხოვრებაში ჩართული ვარ, ექსკურსიები იქნება თუ სხვა საკითხების გადაწყვეტა. კარგი გარემოა, კომფორტული. ჩავთვალე, რომ შემეძლო მის მართვაში მონაწილეობა მიმეღო. გარდა ამისა, ბუნებითაც აქტიური ვარ და მინდა სკოლისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის რაც შემეძლება, გავაკეთო“, – აღნიშნავს სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული წევრი და იქვე ამატებს, რომ სასურველია, თუ მეტად დაინტერესდება ყველა მშობელი და უფრო აქტიურად ჩაერთვება სკოლის საქმიანობაში. მაიას სჯერა, რომ რეალური ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა საჯარო სკოლების უმაღლესი თვითმმართველი ორგანო – სამეურვეო საბჭო.

სამეურვეო საბჭოს ყოველ სამ წელიწადში ირჩევენ. საბჭოში წევრთა რაოდენობას სკოლის კონტინგენტი განსაზღვრავს – შეიძლება იყოს არანაკლებ ექვსი და არაუმეტეს თორმეტი წევრი. სამეურვე საბჭოში პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები [სამივე საფეხურზე თითო წარმომადგენელი] ირჩევენ თანაბარი რაოდენობის წევრებს, ასევე 1 წევრი წარდგენილია მოსწავლეთა თვითმმართველობიდან, თითო წევრის დანიშვნის უფლება კი განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ. წევრების არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: